„ეს მხოლოდ იმათი სურვილია, ვინც მზადყოფნას გამოხატავს, რომ ისაუბროს იმპიჩმენტზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვინ იქნება მზად უღალატოს ბატონ ბიძინას. ამის შემდეგ რაიმე სახის გადაადგილება ერთი სავარძლიდან მეორეში, აღარ იქნება რაიმე განსაკუთრებული ინტერესის საგანი," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა შეიცვალოს როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
სოსო ცისკარიშვილი: პოლიტიკური ერთიანობას ანუ პარტიას, წლების განმავლობაში არასოდეს უფიქრია იმაზე, რომ კრიტიკის გარეშე უფრო იმალება ასეთი პარტია, რა როლიც არ უნდა ჰქონდეს მას ქვეყნის მართვაში. მოწმენი ვართ, რაც არ უნდა მზაობა იყოს იმისა, რომ ქართველმა „მეოცნეებებმა" სხვადასხვა სივრცეში გადაინაცვლონ, ფაქტი ერთია, დღეს ყველამ საკუთარი გონით უნდა გადადგას ნაბიჯი.
ძნელად თუ აღდგება ქვეყანაში სიმშვიდე მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის მდუმარებამ უფსკრულთან მიგვიყვანა და ახლაც, პარლამენტარების უმეტესობა იმ აზრზეა, რომ თვალები არ გაახილონ, ყურები დაიხშონ და საკუთარი როლი არ აღიარონ იმ რეალობაში, რომელში დღეს საქართველო აღმოჩნდა.
ჩვენ ქვეყანაში აღმოჩნდა არაერთი ისეთი თემა, რომელიც ქვეყნისთვის მიუღებელია. როდესაც ხმას ვაძლევდით „ქართულ ოცნებას", აღმოვჩნდით მოტყუებული. შეიძლება ერთი, თუნდაც ათი მოატყუო, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოტყუებული ვერ იქნება. საჭიროა ვიფიქროთ მომავალზე.
ორმა მთავარმა პარტიამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და უნდა ფიქრობდეს საკუთარ მომავალზე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება უკეთესი მომავლის იმედი კვლავ გვქონდეს.
„რეზონანსი": რას უნდა ველოდოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
ს.ც: უახლოესი არჩევნებისთვის თუკი ასეთ ამოჭრილ რეალობაში გაგრძელდება სვლა, ზუსტად იმას მივიღებთ, რაც გასული შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღეთ, მანამ სანამ საქართველოში არჩევნების ჩატარების უპირველესი პიროვნება არის ქალბატონი „ოთხშაბათა" ჟვანია (თამარ ჟვანია), რომლის მეშევობითაც ჩვენ დიასპორას არ მიეცა საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.
ამასთანავე, ყველა ისეთი ნაბიჯები, რომელიც წლების გამნმავლობაში აკნინებს არჩევნების პროცესს, ჩვენ საზოგადოებაში ნეგატიურ კვალს ტოვებს. ნებისმიერი კოალიცია დაიშლება, თუკი მათი არსებობის და მათი საქმიანობის შემფასებელი არ იქნება ნეიტრალური.