საარჩევნო უბნები დაიხურა და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია და უკვე დაიწყო ეგზითპოლების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება. „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის პრეს-სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დამაჯერებელი უპირატესობით იმარჯვებს, თუმცა პროცენტული მაჩვენებლები არ დაუსახელებია. თაქთაქიშვილის ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე მაჟორიტარულ ოლქებშიც გაიმარჯვა, ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა 53 საარჩევნო ოლქში მოიპოვეს გამარჯვება.
აბსოლუტურად სხვაგვარი შედეგები დაიდო რამდენიმე სხვადასხვა ეგზითპოლის ჩატარების შედეგად. კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაკვეთით კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგების თანახმად (17.30 საათის მონაცემებით) კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სიით ამომრჩეველთა ხმების 35% მიიღო, „ერთიანომა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 30%, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 1.36%, ლეიბორისტულმა პარტიამ - 0.7%, პასუხზე უარის გაცემისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა 32%-მა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 51%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 41% , „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 4%, „ლეიბორისტულმა პარტიამ- 1 %.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, ეს არის 16.00 საათისთვის არსებული მონაცემები.
საკუთარი ეგზითპოლის შედეგები დადო ასევე „ამომრჩეველთა ლიგამ“, რომლის შედეგები ასე გადანაწილდა- „ქართული ოცნებას“ – 70.24 %, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 24.66%, 1.45 პროცენტმა უარი თქვა გამოკითხვაზე, დანარჩებმა პარტებმა კი 5,9% მიიღეს. „ამომრჩეველთა ლიგამ“ ეგზიტპოლი ამერიკულ პარტნიორ კომპანია „ბარსელო ენდ კომპანის“ დახმარებით განახორციელა.
ტელეკომპანია „მაესტროს“ დაკვეთით ამერიკული კომპანია „პენ შონ ბერლანდის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების თანახმად, საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით „ქართულ ოცნებას“ მხარი 63%-მა დაუჭირა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 27%-მა. ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, „ქრისტიან-დემოკრატებს“ მხარი – 1%-მა, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს კი 3%-მა დაუჭირა. 6%-მა შეკითხვას არ უპასუხა.
ამასთან, თბილისის მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას“ მხარი 75%-მა დაუჭირა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 18%-მა, „ქრისტიან-დემოკრატებს“ – 1% უჭერს მხარს, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს კი 2%-დან 3%-მდე. 4%-მა კი ეგზიტპოლებში მონაწილეობაზე უარი თქვა.