„მარტო მე, ლუკა კურტანიძე გავცემ პასუხს ნაძირალა სააკაშვილს“

„მარტო მე, ლუკა კურტანიძე გავცემ პასუხს ნაძირალა სააკაშვილს“

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეს-სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლუკა კურტანიძემ მმართველი პარტიის მხარდამჭერები სცემა. თაქთაქიშვილიმა ჟურნალისტებს სთხოვა, სასწრაფოდ გაევრცელებინათ ინფორმაცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატებისა თუ მხარდამჭერების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ.

“ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლუკა კურტანიძე სოფელ ცოდნისკარში, მერვე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, შვიდი ავტომანქანის თანხლებით მივიდა. ჯგუფმა ლუკა კურტანიძის მონაწილეობით სასტიკად სცემა ნაციონალური მოძრაობის ორი მხარდამჭერი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს,” – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მის ნათქვამს კატეგორიულად უარჰყოფს „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე. მისი თქმით, კოალიციის აქტივისტის სლავა მეტრეველის დაკავების შემდეგ ლუკა კურტანიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად რაიონში მოძრაობდა, რათა მოსახლეობა გაემხნევებინა.

„ჩვენ ათენის ზონისკენ გადავადგილდებოდით, რათა ჩვენი აქტივისტის, სლავა მეტრეველის დაკავების შემდეგ მოსახლეობა გაგვემხნევებინა, რათა ადამიანებს ენახათ, რომ ჩვენ მხნედ და მედგრად ვართ, ერთიანები ვართ, ძლიერები ვართ, უკან არ დავიხევთ და არ შეშინებულიყვნენ. მოგეხსენებათ, ეს ადამიანები ყვავებივით უკვე რამდენიმე წელია ხელისუფლებაში არიან და ხალხზე ზემოქმედების მეთოდიკა კარგად აქვთ აპრობირებული. ჩვენ რამდენიმე მანქანით მივდიოდით და უკან გამოგვყვნენ თელავიდან გამოძახებული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. პიკაპებით მოცვივდნენ, შემდეგ მოვიდნენ კუდ-ი, სოდ-ი და რა ვიცი კიდე ვინ, მთელი სტრუქტურა იყო მობილიზებული. სოფელ კაბალთან გადაგვიკეტეს გზა და სცადეს მთელი ჩვენი კოლონის აყვანა, მაგრამ როგორც ავადმყოფი სააკაშვილი იტყვის ხოლმე, - ვერ მივართვით!“, - აცხადებს ლუკა კურტანიძე.

იგი ვერ ხსნის, რატომ დააკავეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი სლავა მეტრეველი. კურტანიძის აზრით, მეტრეველის დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური მოტივი ჰქონდა, რადგან იგი კოალიციის ერთ-ერთი აქტიური წევრია და„ქართული ოცნების“ მთელს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, რის გამოც ხელისუფლებას მისი გზიდან ჩამოცილება სურდა. 

ლუკა კურტანიძე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარჰყოფს.

„ძალიან გთხოვთ, როდესაც ვინმე ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრობს, ის კადრები გაიხსენეთ, სადაც ჩანს, ეს ე.წ. სამართალდამცავები ციხეებში რას აკეთებენ, და ასევე გაიხსენეთ ამ ბინძური ბრძანებების გამცემი ვირთხა სააკაშვილი. მაგ ნაძირალამ როგორ უნდა თქვას, რომ ვინმე ძალას იყენებს, მთელი ქვეყანა სიბინძურეშია, დღეს ძმა ძმას არის დაპირისპირებული სწორედ ამ ავადმყოფი ადამიანის ბინძური პოლიტიკის გამო. რა სიტყვები ვუწოდო მას, აღარც კი ვიცი. როდესაც პირისპირ შევხდები, მაგ ნაძირალას იმ პასუხს გავცემ, რასაც მთელი ერისგან იმსახურებს! არავინ არ მინდა, მარტო მე, ლუკა კურტანიძე გავცემ მას პასუხს, ნიანგის ცრემლებით ვატირებ ყველა ცოდვაზე, რაც მას ჩაუდენია“, - ამბობს ლუკა კურტანიძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის მისი საარჩევნო შტაბის ირგვლივ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები დაბურულმინებიანი მანქანებით არიან მობილიზებული და აქვე დეპუტატობის კანდიდატი ამ ადამიანებს მიმართავს.

„მოვუწოდებ თითოეულ ამ ადამიანს, ვისაც კიდევ შერჩენია ნამუსი და პროფესიონალიზმი, ყველა თავისი პროფესიის შესაბამისად ემსახუროს ქვეყანას, რამეთუ თითოეულ მათგანს კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევს პასუხისგება იმ სიბინძურისთვის, რასაც  ე.წ. პრეზიდენტი სააკაშვილის და მასთან ერთად, მერაბიშვილის, გადამდგარი ახალაიების ბრძანებით ასრულებდნენ. ამიტომ ყველას ვაძლევთ საშუალებას, ამ სიბინძურეს გაეცალოს, რადგან არჩევნების ბედი გადაწყვეტილია, მალე ჩვენ არჩევნების გამარჯვების აღნიშვნას დავიწყებთ და ამ ზეიმში თითოეულმა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა“, - აცხადებს კურტანიძე.