მესტიაში არსებული ვითარების ირგვლივ for.ge ტელეფონით ესაუბრა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვიქტორ ჯაფარიძეს.
რა ხდება მესტიაში ამ წუთისთვის?
- რა ხდება და მიდის ტერორი. აი, მაგალითად, სოფელ ჭუბერში ჩვენს წარმომადგენელს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ხვალ ზუგდიდის პროკურატურაში, თითქოსდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზეა დაბარებული, სადაც ჭკუას ასწავლიან.
გუშინ, 30 ოქტომბერს ხომ ჩვენი წარმომადგენლებიდან თითქმის ყველას დაურეკეს და უთხრეს - ხვალ არა, მაგრამ ზეგ, 2 ოქტომბერს ჩამოხვალთ ზუგდიდში, დაბარებულები ხართ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეო.
სოფელ იფარში ახლა ოთხი „პიკაპით“ პოლიციელები არიან მობილიზებულები, არ ვიცი რა ხდება. ზუგდიდიდან ძალოვნები არიან ამოსულები. ასევე სოფელ ხაიშში ძალოვნების მობილიზება შეინიშნება. მესტიაში ხომ არიან და არიან. არ ვიცი რა იქნება.
როგორი იყო ამომრჩევლის აქტივობა დღეს, მთელი დღის განმავლობაში?
-ამომრჩევლის აქტივობა მაღალი იყო. სხვათა შორის, ე.წ. სომხური კარუსელი მესტიაშიც დაატრიალეს.
თუ შეიძლება გვიამბეთ როგორ შემოვიდა სააკაშვილი მესტიაში?
- პირადად მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ მესტიიდან დაახლოებით ორი საათის წინ გაფრინდა.
რამდენად ახლოსაა სიმართლესთან ის, რომ ზუგდიდიდან ამოვიდა სპეცრაზმით სავსე ერთი „კამაზი“ და ათეულზე მეტი პოლიციის „პიკაპი“?
- რამდენადაც ვიცი, თავად სააკაშვილი პატარა თითმფრინავით ჩამოფრინდა, ხოლო ზუგდიდიდან 20-ზე მეტი “პიკაპი“ ამოვიდა, მესტიაში „ჯიპების“ კოლონა შემოვიდა.
შეხვდა თუ არა ამომორჩეველს?
- როგორც ვიცი, სააკაშვილი „ნაციონალების“ შტაბთან მივიდა და იქიდან ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გავიდა. ეს იყო და ეს, სხვაგან არ ყოფილა.
მიშა-მიშას შეძახილებით, ტაშითა და ოვაციებით დახვდნენ ადგილობრივები?
-არა, მსგავსი არაფერი უთქვამთ ჩემთვის.
ამ წუთებში მესტიაში სიმშვიდეა?
- დიახ, სიმშვიდეა და მე ეს სიმშვიდე უფრო მაშინებს. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი მოსახლეობასთან იძახდა - ვიცი რომ ხმას არ მაძლევთ, მაგრამ არ მაინტერესებს, მაინც ვიგებო და რით იგებს, ეს არ ვიცი.
როგორი პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ ამ წუთისთვის? არჩევნები უკვე დასრულებულია.
- ერთი სიტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამომრჩეველზე სერიოზული ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ ყველა ლოგიკით მოგებული გვაქვს, თუ რაიმე საშინელება არ ჩაიდინეს.