არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი For.ge-სთან საუბარში საგარეჯოს უბნებზე არსებულ დარღვევებს ეხმიანება, სადაც მთელი დღის განმავლობაში პირადად მას ყოფნა მოუწია.
მისი თქმით, საგარეჯოში არსებულმა დარღვევებმა და ქაოტურმა სიტუაციამ უცხოელი დამკვირვებლებიც გააოგნა. კერძოდ, არაერთი უცხოელი დამკვირვებელი ამ რეგიონით გაკვირვებას დაუფარავად გამოხატავს.
„სულ ახლახანს ვესაუბრე ჩეხეთის პარლამენტის ერთ-ერთ წევრს, რომელმაც თქვა, რომ ეს ყველაფერი შორს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისგან. ყველაფერი - დაწყებული პროცედურებიდან, დამთავრებული მედიის შეზღუდვით, დამკვირვებლებზე, მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებით; ადგილობრივი კომისიების წარმომადგენლები ამომრჩევლებს პირდაპირ მოუწოდებდნენ, თუ რომელი ნომრისთვის მიეცათ ხმა და, ცხადია, ამ ყველაფრის დამნახავმა უცხოელებმა ჩემს თვალწინ გაოცება ვერ დაფარეს,“- აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
მანვე დაადასტურა, რომ საგარეჯოს რამდენიმე უბანზე დაძაბული სიტუაციაა და გაურკვეველი მიზნებისთვის სპორტული აღნაგობის პირები არიან მისულნი.
„გაუგებარია, მათ რა სურთ, ისინი უბნების გარეთ დგანან და, ცხადია, ეს ზეწოლის მცდელობას ჰგავს. სწორედ იმიტომ, რომ ამომრჩველთა მოსვლის დრო მცირდება და რვა საათი ახლოვდება, ველოდებით, რომ მსგავსი ექსცესი მოხდება.
მისივე განმარტებით, საგარეჯოს უბნებზე არ არის საკმარისი ბიულეტენების რაოდენობა, მცირეა აქტივობა. ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებზე, ჟურნალისტებზე ზეწოლას. ასევე, რამდენიმე უბანზე კარუსელი დატრიალდა. არის ზეწოლის, მუქარის ფაქტები, გაწევ-გამოწევა. ბევრ უბანზე პროცედურული დარღვევებია. აზერბაიჯანულ სოფლებშიც ანალოგიური რამ ხდება, იგივე კარუსელი და ტრადიციული მოწოდება, შემოხაზონ ხუთი ნომერი ანუ „ბეში“.
„რა თქმა უნდა, ისეთი აზერბაიჯანლებიც მოდიოდნენ, რომლებსაც სურდათ, შემოეხაზათ 41, მაგრამ მათ აიძულებდნენ, შემოეხაზათ ხუთი. ასეთი რამდენიმე ფაქტი დავაფიქსირეთ. უბნების უმეტესობაში, სადაც დაახლოებით 1000-1200 ამომრჩეველია, ფაქტობრივად, საღამოსკენ მხოლოდ 150-200 ადამიანია მოსული, ანუ ამომრჩეველთა მეექვსედი“,-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
ამასთან, იგი, როგორც მონიტორინგის პროცესში თავად ჩართული პირი, უშუალოდ შეესწრო დარღვევის ფაქტს, როცა ერთ-ერთი ამომრჩეველი საარჩევნო ურნაში ერთბაშად ექვსი ბიულეტენის ჩაგდებას აპირებდა. მას შემდეგ, რაც დარღვევა დაფიქსირდა და ამომრჩეველს ბიულეტენები ჩამოართვეს, კომისიის თავმჯდომარემ ისინი კანონდარღვევით დახია. კიდევ ერთი დარღვევა უბანზე არასრულწლოვანის მხრიდან ხმის მიცემას შეეხებოდა. ასაკის მიუხედავად, კომისიამ ის რეგისტრაციაში მაინც გაატარა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით კი, მდინარე ჭერემის ადიდების გამო ერთ-ერთ საუბნო კომისიაში არჩევნებმა კომისიის 4 წევრის დაუსწრებლად ჩაიარა. აღმოჩნდა, რომ მდინარე კომისიის ნაციონალური მოძრაობის წევრმა გადალახა, ხოლო ნაპირს აქეთ ოპოზიციის წარმომადგენლები დარჩნენ.