დიდი გაფიცვა „თბილავიამშენში“ - ხელფასის გაზრდა თუ ქარხნის პარალიზება?

დიდი გაფიცვა „თბილავიამშენში“ - ხელფასის გაზრდა თუ ქარხნის პარალიზება?

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები ხელფასების მომატებისა და საპრემიო სისტემის დანერგვის მოთხოვნით გაიფიცნენ. დაახლოებით 100-მდე სპეციალისტი აცხადებს, რომ გენერალი დირექტორის, ნოდარ ბერიძის მხრიდან ანაზღაურების გაუმჯობესებაზე პირობა ჰქონდათ მიღებული, რომელიც ქარხნის ხელმძღვანელობამ არ შეასრულა. ხელფასების გაზრდას ადმინისტრაცია არც ახლა აპირებს, ისინი სხვაგვარ პირობებს სთავაზობენ გაფიცულებს. აქციის მონაწილეებს კი სხვა არაფრის გაგონება არ უნდათ.

გაფიცული ავიაინჟინრის ოთარ ბახტაძის თქმით, ამ დროისთვის ქარხანაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აღდგება.

„თბილავიამშენის“ კოლექტივს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, ხელფასების მატება შესრულებულ სამუშაოსთან შესაბამისად და საპრემიო სისტემის დანერგვა, რომლის პირობაც ჩვენ მივიღეთ უშუალოდ დამსაქმებლისგან. ეს არის ძირითადი პრობლემა, რის გამოც ხალხი უკიდურეს ზომამდე მივიდა. ვცადეთ მედიატორის ჩართვა, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. სამუშაო პროცესები ქარხანაში შეჩერებულია და აქციები გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ძირითადი მოთხოვნები“, - განაცხადა ბახტაძემ.

„თბილავიამშენის“ საწარმოში, დღესდღეობით, საშუალო ხელფასი 600-700 ლარია, დასაქმებულები კი, მინიმალური ხელფასის 1250 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

„თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგიბერიძე ამბობს, რომ მათ უკვე შესთავაზეს გაფიცულ თანამშრომლებს პრემიალური სისტემა. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, სახელფასო სარგოს გაზრდის შესაძლებლობა კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს.

„ამ ნაწილში ვერანაირ ნაბიჯებს დღევანდელი მოცემულობით ვერ გადავდგამთ. მთლიანად ვართ კონტრაქტებზე დამოკიდებული, შესაბამისად, ეს შემოსავლები ნაწილდება მუშა-მოსამსახურეებზე“,- აცხადებს საავიაციო ქარხნის აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, გოგიბერიძე ამბობს, რომ სახელფასო სარგოს გაზრდის შესაძლებლობა კომპანიას არ აქვს.

„პრემიალური სისტემა, რასაც მოითხოვენ, ჩვენც თანახმა ვიყავით ამ კუთხით წავსულიყავით. კონკრეტული წინადადებაც შევიმუშავეთ და წარვუდგინეთ. შეხვედრის დროს ნეგატიური გამოხმაურება მათი მხრიდან ჩვენს წინადადებას არ მოჰყოლია. ჩვენ არ ვართ საბიუჯეტო ორგანიზაცია, ჩვენ მთლიანად ფინანსურად დამოკიდებული ვართ იმ ხელშეკრულებებზე, რომელიც ფორმდება გარკვეული პროექტების ფარგლებში. შესაბამისად, ყოველი პროექტიდან 2% სრულად გადაირიცხებოდა საპრემიო ფონდში, რომელიც ასევე სრულად განაწილდება შემდგომ თანამშრომლებზე.

მთლიანი მოცულობა ჩვენი სახელფასო ფონდის არის დაახლოებით, 150-160 ათასი ლარი და მარტო ერთი პროექტიდან საპრემიო ფონდი შეადგენს 600 ათას ლარზე მეტს, ანუ ციფრებში რომ გადავიანგარიშოთ, საკმაოდ დიდი მატება იქნებოდა. ამ კუთხით ვფიქრობდით წასვლას, შეთავაზება გავუკეთეთ კიდეც.

რაც შეეხება ხელფასებს, რეალობა ისეთია, რომ ჩვენ საბიუჯეტო ორგანიზაცია არ ვართ, მთლიანად დამოკიდებული ვართ კონტრაქტებზე, შესაბამისად აქცენტი გაკეთდა პრემიალურ სისტემაზე.  ჩვენი მხრიდან შეთავაზება ძალაშია, შესაბამისად მათი მოსაფიქრებელია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ გოგიბერიძემ.

ადმინისტრაციის ეს შეთავაზება საწარმოს გაფიცული თანამშრომლებისთვის მიუღებელია.

„პრემია არ არის სანდო. ის შეიძლება იყოს წელიწადში ერთხელ და ისიც რამდენს დარიცხავენ მათზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ამაზე თანახმა. ჩვენ გვირჩევნია გქონდეს გარანტირებული ხელფასი, ვიდრე ვიღაცას, როცა მოუნდება მაშინ დაგვირიცხოს პრემია“, - აცხადებს ავიატექნიკოსი გიორგი გედამისკი.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ბოლომდე გაფიცულთა მხარესაა. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია ამბობს, რომ დასაქმებულებმა 21-დღიანი მედიაციის პროცესიც გაიარეს, თუმცა უშედეგოდ.

„ამ ხალხმა ყველა კანონიერი გზა გაიარა-მოლაპარაკება, მედიაცია, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აქედან გამომდინარე, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ამ ხალხმა მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება. ხალხი წლებია მუშაობს და უვადო ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. ჩაცუცქული მოლაპარაკება არ უნდა იყოს“, - განაცხადა ალანიამ.

„თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საწარმოს თანამშრომლებს უფლება აქვთ გაიფიცონ, თუმცა მათთვის პრიორიტეტულია საწარმოო პროცესი არ გაჩერდეს, რის უზრუნველსაყოფად კომპანიამ უკვე დაიწყო მათი ალტერნატიული მუშახელით ჩანაცვლება.

„ჩვენ საწარმოო პროცესს ვერ შევაჩერებთ, შესაბამისად, კადრებიც არსებობს საქართველოში პროფესიონალები, რომლებიც გაფიცვის პერიოდში ჩაანაცვლებენ ამ ხალხს. დღესაც საწარმო მუშაობს, მიმდინარეობს ჩანაცვლების პროცესი, შესაბამისად, საწარმოო პროცესი აღდგენილია და მიდის მუშაობა. ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ხალხი, რომლებიც გაფიცვას იყენებს როგორც მის უფლებას, სამსახურს დატოვებენ“, - აცხადებს გოგიბერიძე.

საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს ადმინისტრაციის განცხადება, რომ მათ ალტერნატიული სამუშაო ძალით ანაცვლებენ, არ სჯერათ. ამბობენ, რომ საწარმო გაჩერებულია და სამუშაო ადგილებს მანამ არ დაუბრუნდებიან, სანამ „თბილავიამშენი“ ხელფასების ზრდის და პრემიალური სისტემის შემოღების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

aka ხელმძღვანელობა ფაქტიურად თავაზობს იმუშავონ გამომუშავებაზე, რაც სრულიად მიუღებელია. ეს ხომ ბაზრობა არ არის ტექნოლოგიური საწარმოა, მაგრამ ძლიერია ქართულ ცნობიერებაში დიდი ბენდუქიძის იდეები ქვეყნის დუქნად მოწყობის შესახებ.
კიდევ ერთი რატომ არა აქვს ქარხანას სტაბილური სახელმწიფო შეკვეთები? მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც განვითარებული ავიამშენებლობა და როგორ შეიძლება ამ საწარმოს დაკარგვა.
2 თვის უკან
სოციალისტი მაგ საწარმოს და საერთოდ ყველა ტექნოლოგიური საწარმოს დახურვა მსოფლიო იმპერიალიზმის გეგმითაა გათვალისწინებული!
2 თვის უკან
სოციალისტი ჩვენთან ნებადართულია მოცვის და მუხუდოს გაშენება! ისე მუხუდო რა არის იცით ვინმემ?!
2 თვის უკან