რუსეთის ხელისუფლების სამმაგი მუქარა საქართველოს

რუსეთის ხელისუფლების სამმაგი მუქარა საქართველოს

საქართველომ ერთ დღეში მოსკოვიდან სამი მუქარანარევი გზავნილი მიიღო - ჯერ სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ "ადეკვატური რეაგირება მოჰყვება" საქართველოს ჩართვას ნატო-ს წვრთნებში, შემდეგ გრიგორი კარასინმა გააფრთხილა "ქართველი კოლეგები", რომ "უსიამოვნო მოულოდნელობები" ელოდებათ, პარალელურად კი ქართული სოფლების ახლოს რუსების სამხედრო წვრთნაც მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლიდან მუქარანარევ განცხადებებს საქართველო, ასე ვთქვათ, "შეჩვეულია", ამჯერად რას უკავშირდება კრემლის რეაქცია და რას უნდა ველოდოთ აგრესიული ჩრდილოელი მეზობლისგან, გაურკვეველია.

კრემლიდან მუქარანარევი გზავნილები 27 თებერვალს დილიდან დაიწყო. ჯერ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოვიდა და რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე დაემუქრა საქართველოს, რომ ნატო-ს წვრთვნების გააქტიურებას რუსეთის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

"ორჯერ მეტად გაიზარდა წვრთნების მასშტაბი და ინტენსივობა, რაშიც სულ უფრო აქტიურად რთავენ ნატო-ს არაწევრ უკრაინასა და საქართველოს. მსგავსი ქმედებები მსოფლიოში უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს. ამგვარ ვითარებაში ჩვენ იძულებულნი ვართ, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ," - თქვა შოიგუმ.

პარალელურად დაიწყო რუსული სამხედრო წვრთნა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რამაც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ერთგვარი პანიკაც გამოიწვია.

მესამე გაფრთხილება კი პრაღიდან გაისმა. 27 თებერვალს პრაღაში გაიმართა კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა, რომელიც რატომღაც რუსულმა მხარემ ერთგვარი მუქარანარევი განცხადებით დაიწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქართველ კოლეგებს უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ აფრთხილებს.

"ჩემი მესიჯი არის იგივე - მიუხედავად სირთულეებისა, უნდა განვაგრძოთ ურთიერთობის განვითარება და, ასევე, მინდა, გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის," - განაცხადა კარასინმა.

კონკრეტულად რა არასასიამოვნო მოულოდნელობას უმზადებს რუსეთი საქართველოს, ამაზე კარასინს არაფერი უთქვამს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თავად შეხვედრაზე კარასინი "ასეთი ფორმითა და ასეთი ტონალობით" არ გამოსულა.

"მე არ მომისმენია მისი ეს კომენტარი, ჩვენს შეხვედრაზე ასეთი რედაქციით მას განცხადება არ გაუკეთებია. მან ისაუბრა საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობაზე დაახლოებით იმავე კონტექსტში, რაც ადრე გაუკეთებია თითქმის ყველა ჩვენს შეხვედრაზე, გამონაკლისის გარეშე.

"მათი მიდგომა ჩვენთვის ნათელია. ისინი უარყოფითად უყურებენ და აფასებენ ამას, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ამ ფორმატში ჩვენ არ განვიხილავთ იმ თემებს, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ცალკე თემაა და ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი, ვისთან რა დოზით და როგორ ითანამშრომლებს. ამით ვასრულებთ ხოლმე საუბარს. თუმცა მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და შესაძლოა, ეს ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ასეთი ფორმითა და ასეთი ტონალობით მას ეს კომენტარი ჩვენთან შეხვედრის მსვლელობისას არ გაუკეთებია," - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, ერთ დღეში ეს განცხადებები შემთხვევითი არ არის, კრემლში შემთხვევით არაფერი კეთდება და ამით მოსკოვმა საქართველო გააფრთხილა.

"არა მარტო ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულ აფხაზეთშიც დაიწყო ტაქტიკური ბატალიონების წვრთნები. ასევე, დღეს სერგეი შოიგუს შემთხვევით არ ჩაუტარებია თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებული სხდომა. ის სწორედ დემონსტრაციულად ჩაატარა ეროვნული თავდაცვის ცენტრში.

"შოიგუმ აღნიშნა, რომ სამხრეთი სამხედრო ოლქის შემადგენლობაში ამოქმედდება ე.წ. მობილიზაციის განვითარების ცენტრი, რაც ნიშნავს, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქში მოხდება პირველადი მობილიზაცია საბრძოლო ოპერაციების დასაწყებად. სავარაუდოდ, ლაპარაკია უკრაინისა და საქართველოს მიმართულებებზე.

"წვრთნების დაწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პლუს კარასინის მუქარა და შოიგუს განცხადებები გარკვეულწილად ქმნის იმის პრელუდიას, რომ რუსები, როგორც იტყვიან, "აღარ ხუმრობენ".

"ახალი ცივი ომი უკვე რეალობაა და ამ ცივ ომში ჩვენ ჩართულები ვართ. ამიტომ ძალიან საინტერესო იყო აშშ-ის ელჩის მოადგილის განცხადება, რომ ანაკლიას აშშ-ისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ის არა მარტო ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. საქართველო რუსეთი-აშშ-ის დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა," - აღნიშნა მაისაიამ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, კარასინის განცხადება იმის მიმანიშნებელიც იყოს, რომ ის აბაშიძის პირით საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდეს - ან აშშ, ან რუსეთთან მოკავშირეობა და ნატო-ს წვრთნებზე უარი.

"თავისუფლად შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წამოყენებული აქვს ულტიმატუმი, რომ "თამაშის დრო" დასრულდა, ამერიკა რუსეთის პირდაპირი დაუძინებელი მტერია, საქართველო არის ჩვენი სამეზობლო, რომელსაც არ დავთმობთ და დანარჩენი თქვენზეა. კარასინისა და შოიგუს განცხადებები ასე იშიფრება.

"ჩათვალეთ, რომ ეს არის ულტიმატუმი. კარასინი დავალებებს იღებს პირდაპირ პუტინისაგან. შესაბამისად, კიდევ რა მესიჯები გადასცა კარასინმა ზურაბ აბაშიძეს, არ ვიცით და არც ის ვიცით, აბაშიძე ისაუბრებს თუ არა საჯაროდ," - დასძინა მაისაიამ.