"2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მორიგი სამთავრობო კარუსელი დატრიალდება.
ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი "მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების ფარგლებში", სამთავრობო ვერტიკალში ცვლილებებს გეგმავს. წამსვლელებსა და მომსვლელებზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
"2020NEWS“-ის ინფორმაციით, მინისტრის სავარძელს უახლოეს მომავალში ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაემშვიდობება.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
როგორც კონფიდენციალური წყარო სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, ცქიტიშვილის გამოცვლა ერთადერთი სამთავრობო ცვლილება არ იქნება. მის ბედს რამდენიმე მინისტრი გაიზიარებს, თუმცა ცქიტიშვილის შემცვლელთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და პოზიციებიც შეჯერებული.
ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები რამდენიმე მინისტრის შემცვლელთან დაკავშირებით, მათ შორისაა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს "თვალში აღარ მოსდის", თუმცა ვინ შეცვლის "ოცნებაში" დარჩენილ ირაკლი ალასანიას ყოფილ თანაგუნდელს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. რადგან კანდიდატურაზე კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მაია ცქიტიშვილი "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. თუმცა ცქიტიშვილთან მიმართებაში, ნდობა-უნდობლობის საკითხი არაფერ შუაშია. ოლიგარქის ფავორიტი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი უწყების ეფექტურად მართვას ვერ ახორციელებს და ხშირად, სხვადასხვა მიზეზით, ტენდერები იშლებოდა და იშლება ისეთ ინფრასტრუქუტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რომელთა ბიუჯეტებიც ათეულობით მილიონი ლარია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ფავორიტთან დამშვიდობება მოუწევს.
რაც შეეხება მის სავარაუდო შემცვლელს ირაკლი ქარსელაძეს - ის გასული წლის აპრილში დაინიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ. ქარსელაძემ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიც შეითავსა. როგორც მისი ბიოგრაფიიდან იკითხება, მას გააჩნია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს კერძო სექტორში მუშაობდა. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის საჰაერო და საზღვაო პორტების პროექტის ექსპერტად, სამხრეთ კავკასიის ანტი-ნარკოტიკულ პროგრამაში. 2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. ხელმძრვანელობდა "პანორამა თბილისის" პროექტზე მომუშავე კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტს".
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მორე ტურამდე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმართა, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სთხოვა და ერთწლიანი ვადა ითხოვა:
"მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. მთავარია ახლა, ქვეყნის ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მომავალი არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც სიცოცხლე ჩავდეთ 2012-ში”, - მიმართა გასული წლის 5 ნოემბერს ივანიშვილმა ამომრჩევლებს. როგორც ჩანს, ივანიშვილი "ხარვეზების გასწორებას" იწყებს.
როგორც ჩანს, პარლამენტში დაწყებული გადაადგილების ხმაურიანი პროცესიც, "ხარვეზების გასწორების" პოლიტიკას უკავშირდება.