ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე არჩევნები დიდი დარღვევით მიმდინარეობს.
როგორც „ქართული ოცნების“ ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი გოგლა ჟვანია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რაღაცნაირად ეჭიდებიან ამ პროცესს.
გოგლა ჟვანიას იმის თქმა დანამდვილებით შეუძლია, რომ ახალქალაქში ამომრჩეველთა მაღალი აქტიობა არ არის. უფრო მეტიც, ზოგადად, ამ რეგიონს მაღალი აქტიურობა არასდროს ახასიათებდა და, თუ არ ჩაიყრება ხმები, მაშინ, ბუნებრივია, მაღალი აქტიურობა არ იქნება.
„მოსახლეობის დაშინების მცდელობა იყო. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ჩვენს კოორდინატორებს პოლიცია ურეკავდა, იბარებდნენ დაკითხვაზე. ძალიან ბევრ ადამიანს დაურეკეს, ბევრსაც ემუქრებიან, რომ თითქოს მათ შესახებ საქმეა აღძრული და უნდა გამოცხადდნენ პოლიციაში“,- აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
მისივე თქმით, ასეთი რამ მუდმივად ხდება არჩევნებზე, როცა მოსახლეობას ხუთიანის შემოხაზვას სთხოვენ და ეს მარტო ახალქალაქის რეგიონს არ უკავშირდება, არამედ ყველა რეგიონში ხელისუფლება ამ ხრიკს მიმართავს.
გოგლა ჟვანიას მსგავსად, ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალქალაქის მე-9 უბანზე, სადაც მარკირება არ კეთდებოდა.
ამასთან, საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა ქაოსი. ხმის მიცემა ხდებოდა პირადობის მოწმობის გარეშე, კომისიის წევრები კი აგიტაციას უწევდნენ ნაცმოძრაობას. ბიულეტენში რეგისტრატორები თავად ხაზავდნენ სუბიექტს და ისე აძლევდნენ ბიულეტენს ამომრჩეველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს კენჭისყრის პროცესის შეჩერებას, დარღვევის აღმოფხვრასა და შესაბამისი კომისიის წევრების პასუხისმგებლობას.
ახალქალაქში სოფელ ხანდოში დამკვირვებელმა ამირან გოგიამ დარღვევის ფაქტი დააფიქსრა. გოგიას ინფორმაციით, ოც წუთში ერთხელ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კორდინატორებს კოლექტიურად მოჰყავდათ უბანზე ამომრჩევლები. ასევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კორდინატორი საარჩევნო უბანზე ოცამდე ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა და თავადვე აკონტროლებდა ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესს.