„ბეშ-ბეშ“ - როგორ ხაზავენ ხუთიანს აზერბაიჯანელი ამომრჩევლები

„ბეშ-ბეშ“ - როგორ ხაზავენ ხუთიანს აზერბაიჯანელი ამომრჩევლები

კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი გელა სამხარაული for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში (რომელიც აზერბაიჯანელებით არის დასახლებული) სერიოზული დარღვევები ფიქსირდება. კერძოდ, ამომრჩევლებთან ერთად საარჩევნო კაბინებში საარჩევნო კომისიის წევრები შედიან და მითითებას აძლევენ, ხუთიანი შემოხაზონ. ამასთანავე, თელავის რაიონში ძალიან ბევრი დარღვევა საარჩევნო სიებშიც ფიქსირდება, კერძოდ, ბევრი ამომრჩეველი, რომელიც საქართველოდან არის გასული და უცხოეთში წლების განმავლობაში ცხოვრობს, სიაში მაინც არის და უფრო მეტიც, მათი სახელით არჩევნებზე ხმა არის მიცემული.

„აღმოჩნდა რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი კარდაკარის მონაცემებით, უცხოეთში ცხოვრობენ, დღეს არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. გარდა ამისა, სოფელ ყარაჯალაში საარჩევნო კაბინაში რამდენიმე ადამიანი ერთად შედის. კომისიის წევრები იმიზეზებენ, რომ აზერბაიჯანელმა ამომრჩევლებმა ქართულად წერა-კითხვა არ იციან, რის გამოც თურმე მათ საარჩევნო კაბინაში სხვა ამომრჩეველი უნდა შეჰყვეს და მიეხმაროს. საარჩევნო კაბინებიდან კი სულ „ბეში-ბეში“ ისმის, ანუ აზერბაიჯანელ ამომრჩეველს, ხუთიანის შემოხაზვისკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნავს სამხარაული.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით არის შედგენილი არჩევნებზე მოსაწვევი ბარათები, რომლებიც მოსახლეობაში არჩევნებამდე დარიგდა. გელა სამხარაული ამბობს, რომ თელავის რაიონში დარიგებულ ამ ბარათებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლიკაა დატანილი, მათ შორის წითლად აღბეჭდილი ხუთიანი. გარდა ამისა, დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ მის რაიონში მმართველი გუნდი კარუსელებს ატრიალებს, ვინაიდან ბევრ საარჩევნო უბანზე ერთი და იგივე სახელისა და გვარის მქონე ამომრჩეველს აქვს ხმა მიცემული და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ამომრჩევლები უბანზე მიკროავტობუსებით მიჰყავთ.

„ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ერთი და იგივე ამომრჩევლები სხვადასხვა უბნებზე აძლევენ ხმას. ახლა ჩვენ ვაპირებთ, რომ ამგვარი ფაქტები ვიდეო-ფირზე აღვბეჭდოთ, რადგან საჭიროა ამ ინფორმაციის გადამოწმება და დოკუმენტურად ასახვა. სანამ ამ ადამიანების სახეების იდენტიფიკაციას არ მოვახდენთ, მანამდე ამაზე ჯერ დაზუსტებით საუბარი არ შემიძლია, თუმცა ფაქტია, რომ ერთი და იგივე მირკოავტობუსებით ხალხი საარჩევნო უბნებზე არ უნდა დადიოდეს“, - ამბობს გელა სამხარაული.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თელავის რაიონში დაფიქსირებული დარღვევების დოკუმენტურად ასახვას, ვიდეო-ჩანაწერების გაკეთებას ცდილობენ. შემდეგ მოხდება ამ მასალების გაანალიზება და დამუშავება, რის შემდეგად სამხარაულის თქმით, კოალიცია დარღვევებზე უფრო დაზუსტებით და კონკრეტულად ისაუბრებს. მისივე განცხადებით, წვრილ-წვრილ დარღვევებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახლაც აფიქსირებენ.

„მაგალითად, კომისიის წევრები და თავმჯდომარეები კანონს ყველა თავისებურად კითხულობს. ამიტომ ბევრგან არჩევნები კონფლიქტებით დაიწყო. ბევრ უბანზე ჩვენს წარმომადგენლებს უთხრეს, რომ საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერის შეტანა აკრძალულია, რაც რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამიტომ უბნებზე მისვლა, კამათი და ახსნა-განმარტებები დაგვჭირდა, რათა ჩვენი სიმართლე გაგვეტანა. იყო შემთხვევები, როდესაც რეგისტრატორებმა თავიანთი მაგიდები და სკამები კედელთან ისე ახლოს განალაგეს, რომ ჩვენს დამკვირვებლებს მათი კონტროლის და დაკვირვების საშუალება არ ჰქონდათ. ჩვენ ვუხსნით რეგისტრატორებს, რომ სკამები ცოტა წინ უნდა გამოსწიონ, რათა ჩვენმა წარმომადგენლებმა მათზე კონტროლი განახორციელონ (რა თქმა უნდა, ისე, რომ მათ ხელს არ შეუშლიან), მაგრამ ამას ამ დრომდე ბევრგან ვერ მივაღწიეთ“, - ამბობს სამხარაული.

მისივე თქმით, ბევრგან ე.წ. სომხური კარუსელებიც დაფიქსირდა, ანუ ამომრჩევლებს კაბინაში წინასწარ შევსებული ბიულეტენები შეაქვთ და უკან ცარიელები გამოაქვთ. გელა სამხარაული მიიჩნევს, რომ ეს დარღვევები არჩევნების შედეგებზე გარკვეულწილად იმოქმედებს.