კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში მურმან დუმბაძე საარჩევნო სიებში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს - უბანზე ორი ერთი და იგივე პიროვნება აღმოჩნდა და ასეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითად, რეალური პიროვნება ვინმე გიორგი კალანდაძე არ იმყოფება საქართველოში და, ამავე დროს, ფსევდო გიორგი კალანდაძე, სავარაუდოდ, უშიშროების თანამშრომელია. ამ პიროვნებაზე გაცემულია ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
როგორც For.ge-სთან საუბარში მურმან დუმბაძემ აღნიშნა, დაჭერილია რამდენიმე კაცი, რომელსაც ყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა.
„ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. თითქმის არ არის უბანი, სადაც ხმის მიცემა არ დაფიქსირებულიყოს მანამ, სანამ ამომრჩეველი უბანზე მივიდოდა. ამომრჩეველი როცა მიდის უბანზე, ვიღაცას ხმა უკვე მიცემული აქვს. ასეთი ორი-სამი შემთხვევა ყველა უბანზეა და კარუსელის მაგვარი სისტემა მაინც ტრიალებს. ძალიან ძნელია, 130 ათას ამომრჩეველში ყველა დარღვევა დავაფიქსიროთ. ამგვარი გაყალბები მასობრივია. ერთ-ერთ მანქანაში ნაციონალები ფულს არიგებდნენ, მერე გადახტნენ მანქანიდან და გაიქცნენ ეს ქალბატონები, მათ დარჩათ გაურკვეველი 50 კაციანი სია. თუმცა ეს რა სიაა, არ ვიცით“,- გვითხრა მურმან დუმბაძემ.
ამის მიუხედავად, მისი თქმით, ბათუმში მაღალი აქტიურობაა და ჯერჯერობით ზოგიერთ უბანზე რიგები კიდევ ნარჩუნდება. მურმან დუმბაძე მიიჩნევს, იმის გამო, რომ უბნებზე დიდი რაოდენობის ამომრჩეველი მოდის, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ბევრია.
მისი თქმით, უბნებზე არაქართველებიც მიდიან და დიასპორებთან ურთიერთობა ადასტურებს, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს.
„მართლია, არაქართულენოვან მოსახლეობას ხუთიანის შემოხაზვას ოფიციალურად არ სთხოვენ და ასეთი დარღვევა აშკარად არ დასტურდება, მაგრამ ის ფაქტი, რომ კარუსელებს ატრიალებენ და სხვის ნაცვლად აძლევენ ხმას, პირადობის მოწმობებს აყალბებენ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ისინი გაყალბებაზე ფიქრობენ. თუმცა ჩვენი მეთვალყურეები კარგად იცავენ უბანს“,- აცხადებს დუმბაძე.
ამასთან, მურმან დუმბაძე აფიქსირებს, რომ ბათუმის #99 საარჩევნო უბნიდან ამოღებულია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერენ. ამდენად, მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დღესვე აღიძრას.
რაც შეეხება დარღვევების კონკრეტულ ფაქტებს, ბათუმის 54-ე უბანზე, სადაც 1370 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 120 -მდე ბიულეტენით ნაკლებია.
ბათუმის 68-ე უბანზე (1440 ამომრჩეველი), ბიულეტენების რაოდენობა 150 -ით ნაკლებია.
N 15- ე უბანზე, (1490 ამომრჩეველი) 140-მდე ბიულეტენით ნაკლები მივიდა.
ასევე შეინიშნება „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორების აქტიურობა უბნებთან, რომლებიც სიებით დგანან და ამომრჩევლებს ტელეფონით უკავშირდებიან.