„შეცვლა შეიძლება, მაგრამ კონსტიტუციით, პარლამენტის თავმჯდომარეს ოთხი წლის ვადით პარლამენტი უმრავლესობის სრული შემადგნელობით ირჩევს, მაგრამ თუკი ხდება გადაყენება, ეს უნდა მოხდეს ასე - თუ კობახიძეს არ ექნება პარლამენტის უმრავლესობის სრული შემადგენლობის მხარდაჭრა, მას უბრალოდ არ აირჩევენ," - აღნიშნავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურების შესაძლო დაწყებაზე „რეზონანსთან" საუბრისას.
„ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, კობახიძის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „რეზონანსი" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
„რეზონანსი": რამდენად რეალურია, რომ მოხდეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადაყენება?
ვ.ძ.: დღევანდელ სიტუაციაში, თუ ამას ივანიშვილი მოისურვებს, ეს რეალურია. თუ ამას ივანიშვილი არ მოისურვებს, რა თქმა უნდა, არ არის რეალური. არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს, რადგან მხოლოდ კობახიძის გადარჩევაზე არ არის საუბარი. თუ ყალიბდება ახალი უმრავლესობა - ანუ, მინიმუმ 76 დეპუტატი - არა მარტო პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობაც შეიძლება გადაირჩიოს.
გამოდის, რომ იქმნება ახალი ძალა და ეს „ქართული ოცნება" არ იქნება, რადგან „ქართულ ოცნებიდან" ხალხი ნელ-ნელა გადის და თუ დარჩენილთა რაოდენობა 75 ან ნაკლები იქნება, ის უმრავლესობას დაკარგავს.
არც ის მგონია, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატთა ნაწილს უნდოდეს, რომ არა კობახიძეს, არამედ ივანიშვილს აუჯანყდნენ. აქამდეც უმრავლესობაში მსგავსი რღვევები ყოფილა და ყველა ხელისუფლების პერიოდში იყო ეს. მიუხედვად ამ რღვევისა, ხელისუფლება ყოველთვის ინარჩუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას და ვფიქრობ, რომ დღესაც ასე იქნება.
ამიტომ, გადაწყვეტილება ივანიშვილს აქვს მისაღები. ივანიშვილს, რა თქმა უნდა, დღესვე შეუძლია თქვას, რომ გადადგეს და გადადგება კობახიძე, აბამ რას იზამს?!
„რ": რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობიდან წავიდა. რამდენიმე კი წასვლას აანონსებს. როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, ეს როგორ შეცვლის ძალთა ბალანსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის?
ვ.ძ.: ფრაქციის შექმნა შეიძლება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ მონაწილეობას, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" გარდა მყარი ამომრჩეველი არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ ჰყავს. მეტ-ნაკლებად რეიტინგული იყო „ევროპული საქართველო", მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალებთან" გაერთიანების შემდეგ, მათ რამდენად შეინარჩუნეს ამომრჩეველი, არ ვიცი.
დანარჩენი, ფაქტობრივად, არის ერთი პოლიტიკური ძალა. გნებავთ შექმნან პარტია და გნებავთ - არა. მიზიდულობის ცენტრი ოპოზიციაში ვერ გამოიკვეთება. რა თქმა უნდა, ბესელიას და ამ ჯგუფს სურვილი ექნებათ, ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ შეიქმნას ეს ცენტრი, მაგრამ ამ ეტაპზე პერსპექტივა იმისა, რომ ისინი ამას შეძლებენ, საკმაოდ ბუნდოვანია.
„რ": როდესაც „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე ვსაუბრობთ, რა შეიძლება ვიფიქროთ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე?
ვ.ძ.: ეს პროცესი ჩემთვის მოულოდნელი არ არის. „ქართული ოცნება" იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც ის პარლამენტში 2012 წელს გავიდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მივიდოდა.
„ქართულ ოცნებაში" დაიწყო ახალი ბირთვის გამოკვეთის პროცესი. ნაწილი უნდა მოიშორონ და გარკვეულწილად ეს არის ბესელია და ის ჯგუფი, რომელიც ნელ-ნელა შორდება. გააჩნია, ეს რღვევის პროცესი სანამდე მივა.
არ მგონია, რომ ვინმე ამ ჯგუფიდან თავისი სურვილით მონდომებოდა წასვლას, თუ მას ექნებოდა რაღაც გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოხვდებოდა. აქედან ნელ-ნელა მიდიან იმიტომ, რომ მათი შანსი 2020 წლის საარჩევნო სიაში მოხვდნენ, მიზერულია.
ცალკე, გარე თემაა მოსამართლეების საკითხი. ამის ქვეტექსტი ეს არის და „ქართულ ოცნებაში" ეს პროცესი მიდის.