საქართველოში სამუშაო ძალის კლების ტენდენცია შეინიშნება. ამის ძირითადი მიზეზებია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა. მსოფლიოში სულ ოთხი ქვეყანა არსებობს, სადაც მოსახლეობა მცირდება არა ბუნებრივი მატების შემცირების, არამედ ემიგრაციის ხარჯზე და მათ შორის არის საქართველოც.
„საზოგადოება და ბანკებმა“ ილიაუნის „ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა. ამან დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში.
სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა. „საქსტატის“ შინამეურნეობათა გამოკვლევის თანახმად, 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, ანუ საზღვარგარეთ წასულთა თითქმის მეხუთედი წარმოადგენს სამუშაო ძალის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი ადამიანური რესურსით ხასიათდება და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. „საქსტატის“ თანახმად, ემიგრანტთა საშუალოდ 66% 40 წლამდე ასაკისაა.
სპეციალისტები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ სამუშაო ძალის ტოტალური გადინება ქვეყნის ეკონიმიკაზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს.
„მძიმე დემოგრაფიული ფონი და ემიგრაციის მაღალი დონე ეკონომიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ქვეყანაში სოციალური პრობლემებია და ამის გამო ადამიანებს ურჩევნიათ უცხოეთში წავიდნენ. ცირკულარული მიგრაციის პროექტი შრომითი ძალის გადინებას იწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნის მომავალზე.
ეს არის ცუდსა და უარესს შორის არჩევანი. სახელმწიფოს ამ ეტაპზე ურჩევნია, რომ ის შეღავათები დააწესოს, რასაც ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი გულისხმობს, ვიდრე უკანონოდ გასული ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდოს“, – აღნიშნა ეკონომიკის დოქტორმა პაატა აროშიძემ.
აღსანიშნავია მოსახლეობის დაბერების ტენდენციაც. 2010-2017 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდებოდა და 2017 წლის მდგომარეობით 14.6% შეადგინა. მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის საშუალოდ 8.7%-ია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას აჭარბებს და, რომ არა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის რიცხოვნობა საქართველოში უნდა გაზრდილიყო. მსოფლიოში არსებობს ოთხი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა მცირდება არა ბუნებრივი მატების შემცირების, არამედ ემიგრაციის ხარჯზე. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, საქართველო, პუერტო-რიკო და ესპანეთი.
ჯერჯერობით ემიგრაციის ტალღა არ იკლებს. მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ვერაფრით უმჯობესდება. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში მიგრაცია უვიზო მიმოსვლამაც წაახალისა.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენთან დაბალი შემოსავალი და ცხოვრების არასახარბიელო პირობებია. ამიტომ ათიათასობით ადამიანს უცხოეთისკენ უჭირავს თვალი. ამას ხელი შეუწყო ახალმა მოვლენამ, ევროკავშირთან ხელმოწერილმა ასოცირების ხელშეკრულებამ, რამაც გააადვილა ლეგალურად დასაქმება ან წასვლა და იქ არალეგალურად დარჩენაც. ეს არის კომპლექსურად იმ პრობლემათა ჩამონათვალი, რაც ქვეყნის შიგნით სამუშაო ძალას ამცირებს“, - აღნიშნა სილაგაძემ.