კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ მისი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. კოალიციის ინფორმაციით, მთაწმინდის 61 უბანზე აკრძალეს მობილურით გადაღება. კრწანისის 75-ე უბანზე ვიდეო და ფოტო გადაღებაზე პრობლემებია. საბურთალოს 71-ე უბანზე კონვერტებისა და ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ამასთან, ორივე - კონვერტები და ბიულეტენები სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია. ამავე საბურთალოს 71-ე უბანზე, კომისიის ოთახს აქვს მეორე კარები, საიდანაც რამდენჯერმე უცხო პირების შესვლა დაფიქსირდა.
ისნის 65-ე ოლქში მარკირების პროცესი ვერ კონტროლდება. როგორც „არჩევანის თავისუფლებისთვის“ იუწყება, 250 ამომრჩეველზე მეტმა მარკირების გარეშე მისცა ხმა. დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რომელსაც კომისიის მდივანი არ იბარებდა. ამიტომ უბანი შეიძლება ჩაიშალოს. კოალიციის ინფორმაციით, სამგორის 51-ე უბანზე დამკვირვებლის ბეჯების გარეშე უცხო პირები იმყოფებოდნენ. მათ ეცვათ წითელი მაისურები წარწერით „დამკვირვებელი“, თუმცა, მათი იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. „არჩევანი თავისუფლებისთვის“ დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ ამ ადამიანებმა უბანი დატოვეს.
„სოლოლაკი 67-ე სკოლა მე-7 უბანი სომხური კარუსელის ფაქტების აღინიშნება. ვაზისუბანი 92-ე სკოლაში 73-ე და 69-ე უბნებში არ არის მარკირება, უშვებენ მარკირების გარეშე, არ არიან დამკვირვებლები. აღინიშნება კარუსელი“, - აცხადებს კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი.
მისი თქმით, ბოლნისში, ცურტავის 9 და 62 უბნები ერთმანეთთან ახლოს არის განლაგებული და გარკვეული პირები ორივე უბანზე აძლევენ ხმას. ბოლნისის რაიონის სოფელ გეტაში, 21-ე საარჩევნო უბანში უცნობმა პირებმა ხალხი შეიყვანეს და ხდება ზეწოლა, 27 უბანზე კი დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კაბინაში შეჰყავთ და ხუთიანის შემოხაზვას აძალებენ.
ირაკლი მელაშვილის განცხადებით, დმანისში 48 უბანზე ბეჭედი გაფუჭდა და ხმის მიცემა ბეჭდის გარეშე ხდება, ასევე ბეჭედი გაფუჭდა მეორე უბანზეც. საოლქო სააარჩევნო კომისიაში დაფიქსირებულია, რომ დმანისის 23-ე უბანზე 48 ამომრჩეველია მისული, ხოლო თავად უბანზე ფიქსირდება 32, რაზეც „არჩევანის თავისუფლებისთვის“ საჩივარს წერს. დმანისის რაიონის სოფელ ყიზილქილში, 46 უბანზე 550 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ბიულეტენი კი არის 200.
ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ გარდაბანში 21-ე ოლქის 25-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარე არ იბარებს საჩივრებს, მოტივი კი ის არის, რომ არ აქვს ბლანკები, ფურცელზე დაწერილს არ იღებენ და ქსეროქსის აპარატი გაფუჭებულია.
„ამბობენ, სულელური საჩივრები მოდისო და როცა სერიოზული მოვა მაშინ ჩავიბარებთო“, - აღნიშნავს ირაკლი მელაშვილი.
მისი თქმით, გურიაში ბოხვაურის N60/11 უბანზე, „მკვდარი სული“ ნაზი ებრალიძე მისმა ძმამ, გივი ებრალიძემ აღმოაჩინა. ჩოხატაურის რაიონი სოფელ საჭამიასერში უსინათლო ამომრჩეველს მიუჩინეს ადამიანი, რომელმაც ბიულეტენზე მის მაგივრად შემოხაზა, შემდეგ ბიულეტენი გახსნეს, ხმამაღლა წაიკითხეს, ვის მისცა ხმა და ისე ჩააგდეს. ამასთანავე, ეს ფაქტი არავის გაუპროტესტებია. მელაშვილის თქმით, გურიაში, შუა ფარცხმაში, უბნის გარეთ დგანან სიებით და ამომრჩევლებს მითითებებს აძლევენ.
„არჩევანის თავისუფლებისთვის“ ინფორმაციით, ქუთაისში 25-ე უბანზე ქართული ოცნების კომისიის წევრი ტელეფონზე ხმამაღალი საუბრის გამო შენობიდან გააძევეს. 77-ე უბანზე დამკვირვებლებს შესვლას უზღუდავდნენ, 62-ე უბანზე ამომრჩეველი წინასწარ შემოხაზული ბიულეტებით შევიდა. ამასთანავე, ქუთაისის დახურული უბნიდან ქართული ოცნების წარმომადგენელი გარეთ გამოაგდეს.ქუთაისის 39-ე უბანზე უცხო პირები იყვნენ. ამასთანავე, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, ძალიან ბევრ უბანზე ბიულეტენები ამომრჩევლის რაოდენობაზე ნაკლებია, მაგალითად, 68-ე უბანზე 1200 ბიულეტენია, პროპორციულს აკლია 16 ბიულეტენი, ხოლო მაჟორიტარულში - 16-ით მეტია.
ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ სამტრედიაში, მე-15 უბანზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, საარჩევნო უბანთან მისულ ამომრჩეველს ეკითხებოდნენ თუ ვის აძლევდნენ ხმას და საკუთარი პარტიის სასარგებლოდ აქტიურ აგიტაციას ეწეოდნენ. ნაციონალები ახდენდნენ ზეწოლას ამომრჩეველზე, რასთან დაკავშირებითად საჩივარია დაწერილი, მე-18 და 19 უბნებზე კამერები გამორთვევინეს, 21-ე უბანზე აგიტაციას საკრებულოს წევრი ატარებდა, რაც ტელეკამერებმაც დააფიქსირეს.
„მე-40 უბნიდან ”ქართული ოცნების” დამკვირვებელი შენგელია ვარლამი გააძევეს. 15 უბანზე ნაციონალები ახდენდნენ ზეწოლას ამომრჩეველზე, დაწერილია საჩივარი. ვანში მე-19 უბანზე ადგილობრივი ჟურნალისტების მისვლამდე კოალიცია ქართული ოცნების დამკვირვებლები არ შეუშვეს. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტვების მხრიდან აგიტაცია მიმდინარეობდა. გარდა ამისა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამკვირვებელი გოგონა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიყვებოდა საარჩევნო კაბინამდე და აძლევდა მითითებებს“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.
მისი თქმით, ხონში მე-14 უბანზე, 30სექტემბერს, გვიან ღამით საოლქო კომისიის და ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” წევრი, ღამის პირველ საათზე მივიდნენ ალკოჰოლური სასმელის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ. საარჩევნო უბანს არ იცავდა პოლიცია, უბნის კარები არ იყო დალუქული. მეცამეტე უბანი საბავშვო ბაღის შენობაში არის განთავსებული. ტერიტორიას არ იცავდა პოლიცია, იყო მხოლოდ ყარაული. ბაღის ტერიტორიაზე შესვლა ადვილად შესაძლებელი იყო.
„სოფელი ,,გოჩა ჯიხაიში” მე-6 უბანი. გუშინ 30 სექტემბერს, გვიან ღამით , პირველ საათზე ჯერ კიდევ არ იყო დალუქული საარჩევნო უბანი. საარჩევნო უბნის შენობაში იმყოფებოდა სამი კომისიის წევრი. აქედან ერთი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან და დანარჩენი ორი უცნობია, რადგან არ გაამხილეს ვინაობა. ცოტა ხანში მათ შეუერთდა ორი ქალბატონი, აქედან ერთ-ერთმა თქვა, რომ იყო ,,ქართული ოცნბის” წარმომადგენელი და იყო მისული ტექნიკური დეტალების შესასწორებლად, მან ჟურნალისტს არ გაუმხილა ვინაობა. ასევე დაფიქსირდა ერთი მამაკაცი, რომელმაც წარადგინა თავი მძღოლად. ზემოთაღნიშნული კომისიის წევრების განცხადებით, იგი საარჩევნო უბნის შენობაში იმყოფებოდა იმიტომ, რომ იგი გარეთ მარტო არ დატოვეს. ასევე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე დაფიქსირებული იყო სოფლის გამგებელი, რომელმაც ჟურნალისტების მოსვლისთანავე დატოვა შენობა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას არ დაუტოვებია საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია“, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.
მისი თქმით, უბნის საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილემ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო გამგებელი შემოსული შენობაში, უპასუხა, რომ ისინი გამგებელმა უბრალოდ გადაამოწმა, ხოლო თავად გამგებელმა, რომელიც საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებოდა, უარყო შენობაში შესვლის ფაქტი და აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ შუადღეს იმყოფებოდა შენობაში, რათა ელექტროგაყვანილობა შეემოწმებინა. გამგებლის თქმით, „ის დგას სამშობლოს სადარაჯოზე და ეს ყოველივე მისი პირდაპირი მოვალეობაა.”
ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ წყალტუბოში მე-3 საარჩევნო უბანი 1 ოქტომბერს დილის შვიდის ნახევარზე გაიხსნა. ერთი ბიულეტენი ამომრჩევლის ხელის მოწერის გარეშე გაიცა. ორი ბიულეტენი კომისიის წევრებს ერთმანეთში აერიათ, მარკირება გავლილ ამომრჩეველს მიანათეს სანათური და მარკირება აღარ ეტყობოდა, რაზეც დაწერილია საჩივარი. მელაშვილის განცხადებით, სამცხე -ჯავახეთში მე-4 უბანზე კაბინაში რამდენიმე კაცი შევიდა. ახალქალაქში, მე-3 უბანზე ამომრჩეველმა მარკირების გარეშე მისცა ხმა, რაზეც დაწერილია საჩივარი. მე–19 უბანზე ათამდე მოქალაქეს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.
„ასპინძაში, ნაქალაქევის და ფოტის უბნები გვიან გაიხსნა, ჭობარეთში პატრული აშინებს მოსახლეობას. ასპინძის რაიონში 23 უბნიდან 19 უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს არ მიუვიდათ „ბეიჯები“. შესაბამისად ისინი ვერ შედიან უბნებზე, რათა არჩევნების პროცესს დააკვირდნენ.
ბათმში, 63-ე უბანზე უმაღლესი საბჭოს საარჩევნო ბიულეტენზე მაჟორიტარულზე ხაზი იყო ჩამოსმული. სავარაუდოდ, ბეჭდური წუნია. თუმცა, საჩივარი მაინც დაფიქსირდა. მე-5 უბანზე ამომრჩევლის ნაცვლად ბიულეტენი უკვე გაცემული იყო და სიაში ხელმოწერაც იყო. ქობულეთში მე-8 უბანზე მარკირების აპარატი არ მუშაობდა“, - აღნიშნავს ირაკლი მელაშვილი.
მისი თქმით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს 21-ე უბანზე სამკერდე ნიშნის არმქონე პირები კომისიის წევრებს მითითებებს აძლევდნენ, 110-ე უბანზე უნდოდათ უბნის დახურვა და ასევე ჯარისკაცებმა ხმა მაჟორიტარული წესითაც მიცეს. 27-ე უბანზე დააკლდა 2 ბიულეტენი პარტიული სიით.
მელაშვილის განცხადებით, კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისის მე-5 უბანზე სოფლის გამგებელი მერაბ ქავთარაშვილი, რომელიც იმყოფება შვებულებაში, დამკვირვებლის სტატუსით დგას ოთახში, არ გამოდის და აკონტროლებს ვინ რას შემოხაზავს. ხალხი არ შედის, რადგან ეშინია. შენობა არის ძალიან პატარა, დამკვირვებლები არ არიან და ფაქტიურად არჩევნები არ ტარდება. შიდა ქართლში, ხაშურის 46-ე უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენელი დამკვირვებლები გამოაძევეს.