ხელისუფლება საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს ქართულ ციხეებში არსებულ რეალობას. მაგრამ ჭირი თავს მაინც არ მალავს და ინფორმაცია ვრცელდება, რომ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებენ.
ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება, ისევე, როგორც გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ პატიმრების ორგანოებით ვაჭრობენ. თუმცა, თუკი პატიმრების გაუსაძლის პირობებს გავითვალისწინებთ და ამის თაობაზე უფლებადამცველთა თუ „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ პროტესტს ყურს დავუგდებთ, გამორიცხული არაფერია.
პატიმართა მიმართ სამედიცინო ექსპერიმენტების განხორციელება ქართველ „დასტაქართა“ მოგონილი არ არის, ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ საბჭოთა ჯურღმულებში ათასობით ადამიანი გახდა ჯალათ მედიკოსთა „საცდელი ბოცვერი“. მას შემდეგ, რაც ტრანსპლანტაცია შესაძლებელი გახდა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაც ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესია იარაღით ვაჭრობასა და ნარკობიზნესთან ერთად.
„სტატისტიკური მონაცემები შემაშფოთებელია. შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში ერთ წელიწადში, მხოლოდ თირკმლის არალეგალური ტრანსპლანტაციის 15 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ ბიზნესში ყოველწლიურად 150-დან 200-მდე ქვეყანა მონაწილეობს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩაბმული არიან ტრანსპლატაციის შავ ბიზნესში“, - განაცხადა უროლოგიის ეროვნული ცენტრის კლინიკის დირექტორმა, არჩილ ჩხოტუამ რადიო „ობიექტივის“ ეთერში. მისივე თქმით, ამ საქმიანობით დაკავებული არიან შავი ბიზნესის კლასიკური წარმომადგენლები - არა მხოლოდ ექიმები და პაციენტები, არამედ ე.წ. ბროკერებიც.
ბევრი ითქვა და დაიწერა საქართველოს ციხეებში არსებულ ვითარებაზე, მაგრამ ჯერ არ ყოფილა მსჯელობა იმის თაობაზე, ატარებენ თუ არა მსგავს ექსპერიმენტებს ჩვენთან და ჩართული არიან თუ არა ქართველი „თეთრხალათიანები“ მსგავს ბიზნესში.
მაგრამ უკვე ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცას უმალავს საზოგადოებას და ეს რაღაც სწორედ სამედიცინო ექსპერიმენტები და პატიმრების ორგანოებით ვაჭრობაა. თუკი ეს დადასტურდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას პასუხი არამარტო ადამიანის უფლებების დარღვევების აღმაშფოთებელი ფაქტების გამო მოსთხოვონ, არამედ იმ საშინელებისთვისაც, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული რომ ჰქვია.
მაგრამ ხელისუფალთ თავი ევროპულ ანდა სულაც - კოვბოის ქუდში აქვთ. ამას ადასტურებს ევროსაბჭოს საგანგებო მომხსენებლის - დიკ მარტის ანგარიში, რომელმაც კოსოვოს განთავისუფლების არმიის (KLA) ყოფილ ხელმძღვანელებს ბრალი დასდო ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში. ეს კი 1999 წელს სერბეთის უშიშროების ძალებთან კონფლიქტის დასრულების შემდეგ ხდებოდა შუაგულ ევროპაში.
დიკ მარტის ანგარიშში მითითებულია, რომ პატიმართა ორგანოების ტრეფიკინგის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო კოსოვოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი, რომელიც იუგოსლავიაში მიმდინარე ომის დროს ეთნიკურ ალბანელთა პარტიზანულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ომს დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 1900 ჯერაც დაკარგულად ითვლება.
თავის ანგარიშში მარტი წერს, რომ კოსოვოს გათავისუფლების არმიას ჩრდილოეთ ალბანეთში სამოქალაქო პირები საიდუმლო პატიმრობაში ჰყავდა, მათ საბოლოო გაუჩინარებამდე კი ფუშე-კრუიასთან მდებარე კლინიკაში, ზოგიერთ პატიმარს ორგანოებს აჭრიდნენ. ეს ორგანოები ალბანეთიდან გაჰქონდათ და საერთაშორისო შავ ბაზარზე - კერძო კლინიკებზე - ყიდიდნენ.
ევროპამ ამ ანგარიშს წაუყრუა და ტაჩი ახლაც კოსოვოს პრემიერ-მინისტრია. დასავლელ პოლიტიკოსებს კოსოვოში გაჩაღებული მასშტაბური დამნაშავეობრივი საქმიანობა არც ადრე აღელვებდათ და არც ახლა აღელვებთ. მათ ორმხრივ ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობა აკავშირებთ. „საქართველო და მსოფლიო“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ, მაგალითად, ბერნარ კუშნერს კოსოვოში სატელეფონო, მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიები აქვს. ამერიკულ კაპიტალს კი კოსოვოში ამერიკელი ჩინოვნიკები იცავენ და ადგილობრივ კომპანიებს ბაზარზე ყველა გზას უკეტავენ.
ეს მაგალითი მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ სრული წარმოდგენა შეგვექნას ვითარებაზე - რა მოხდება, თუკი ევროპისგანაც და ამერიკისგანაც პოლიტიკური ინტერესი არ გაჩნდება საქართველოს ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. როცა გერმანული ფაშიზმი გაასამართლეს, მთელ მსოფლიოში “ხოხბებზე ნადირობა“ დაიწყო და საკონცენტრაციო ბანაკების ჯალათებს ყველგან ეძებდნენ, პოულობდნენ და ასამართლებდნენ. ახლა კი, ტაჩის შემთხვევაში, ყველა გაისუსა - დიდ პოლიტიკას არ სჭირდება „ევროპული ჩახოხბილი“, ახლა ევროპელები აფრიკის უდაბნოს ცხელ ქვიშაში ეძებენ „ნატვრისთვალს“.
ამიტომ დავუბრუნდეთ ჩვენს პრობლემას. როდესაც ამ ეჭვის შესახებ N მისამართზე ციხეში გარდაცვლილი პატიმრის დის მწარე მონოლოგი წავიკითხე, განსაკუთრებით გამაოგნა ეჭვმა, რომ მის ძმას „სისხლსა და სითხეს უღებდნენ. ვეუბნებოდიო, მომკალითო, ამდენს ვეღარ გავუძლებო, მაგრამ არ მკლავდნენო. ჩემი ძმა ძველი თანამშრომელი იყო, ნავარჯიშევი და ჯანმრთელი, მაგრამ ვეღარ გაუძლო. შეხედე ნაწამები პატიმრების ამ სურათებს, ყველას რამხელა ნაკერი ადევს. შესაძლოა, პატიმრების ორგანოებითაც ვაჭრობენ, სიკვდილის შემდეგ ხომ ყველა ორგანო არ ფუჭდება...“
მართლაც დამზაფრავი ეჭვია და მის გასაფანტად პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწევს, გაიხსენოს იუსტიციის მინისტრობისდროინდელი საკუთარი პირველივე ინიციატივა და ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გასცეს ბრძანება, შეიქმნას მონიტორინგის საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები იმუშავებენ. ამით არა მხოლოდ ეს საშინელი ეჭვი გაიფანტება, არამედ პატიმრების მდგომარეობაც გამოსწორდება. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ბავშვობისდროინდელი კომპლექსების გამო იქცევიან ასე სადისტურად.
„წინააღმდეგობის მოძრაობაში“ ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი მიდის და პატიმრების გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს. შემზარავ ფაქტებს ყვებიან ციხეში გარდაცვლილის საშინელი წამებით აღსასრულზე და ფოტომასალაც მოაქვთ. სწორედ ეს ფოტოები გამოფინა „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ კინოს სახლში და მნახველები შოკში ჩააგდო. ეს იცის ამ „მოძრაობის“ ყველა წევრმა. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, ისინი სამართლიანად დააპატიმრეს თუ უსამართლოდ (რატომაც არა, მაგრამ ვრცელი და ცალკე საუბრის თემაა!), ლაპარაკია იმაზე, რომ, სანამ პატიმრის საქმე ყველა ინსტანციის სასამართლოს მოივლის, მას სულის ამოხდამდე სცემენ და აწამებენ! განსაკუთრებით იმათ ერჩიან, ვინც განაჩენი სტრასბურგში გაასაჩივრა!
მაგრამ ეჭვიც არის და ეჭვიც! „ალიას“ ინკოგნიტო რესპონდენტი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, საერთოდ საშინელ ფაქტებზე საუბრობს: „26 წლის ბიჭი გაასვენეს ამას წინათ ციხიდან. 23კილო იყო წონაში. ყოფილა შემთხვევა, რომ მკვდარ პატიმარს ტვინის ნაცვლად „ტრუსიკი“ ჰქონია ჩადებული. შიგა ორგანოები სულ ამოცლილი აქვთ. ასეთი მიცვალებულები ბალზამს არ იღებენ“.
იქნებ, ვინმემ ამიხსნას, ეს რას ნიშნავს? ანდა რა ახსნა სჭირდება. ამგვარ ისტორიებს ნებისმიერი ტანჯვა-წამებით გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრი მოგიყვებათ!
გასაგებია, რომ ამ სისტემაშიც არიან ისეთები, ვისაც ადამიანობა არ დაუკარგავს, ისევე, როგორც ჰიტლერულ „ესეს“-შიც იყვნენ ნორმალურები - გაიხსენეთ ფილმი „პიანისტი“ - მაგრამ ქართული ციხეების ის ახალგაზრდა თანამშრომლები, ვისთვისაც სადიზმი ცხოვრების წესად იქცა, ამ ქვეყანაში ცხოვრებას აღარ აპირებენ? დაიწყება, ოდესმე დაიწყება „ქართველ ხოხბებზე ნადირობა“ და ამ ქვეყანაში მართლა დატრიალდება უბედურება!
ამ თემაზე მუშაობისას საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს კომენტარი ვთხოვე და, მართალი გითხრათ, ძალიან მინდოდა, ჩემს შეკითხვაზე - რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ პატიმრებს სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ ანდა მათი ორგანოებით ვაჭრობდნენ და ამიტომ არ უშვებენ პენიტენციალურ დაწესებულებებში არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს და პატიმართა ოჯახის წევრებს? - ეპასუხათ, რომ, მიუხედავად ხელისუფლების უგვანობისა, მათთვის წარმოუდგენელია ამგვარი რამ. ვერ ვიტყვი, რომ იმედი გამიცრუვდა. ხალხი, უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობს, რომ პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ, შესაძლოა, მათ ორგანოებსაც ყიდიან საერთაშორისო შავ ბაზარზე.
„ჩვენს ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი“, „საქართველოში გამორიცხული არაფერია“, „სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გამორიცხული არაფერია“, „აუცილებლად ექნებათ ეს ბიზნესი პატიმრებისგან“, „ამის გამორიცხვა არ შეიძლება“, - ძირითადად ასეთი პასუხები მივიღე. მაგრამ, ალბათ, უპრიანი იქნება, მათი კომენტარები შემოგთავაზოთ:
კახა კუკავა
- უმძიმესი მდგომარეობაა პენიტენციალურ სისტემაში. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ადგილი პატიმრების სამედიცინო ექსპერიმენტებში მონაწილეობას, ამის თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს, თუმცა ამის გამორიცხვა არ შეიძლება იმ ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ციხეებშია შექმნილი. პატიმრების წამება დადასტურებული ფაქტია, ისევე, როგორც მათი მკვლელობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება იმაზე ფიქრიც, რომ, შესაძლოა, მათი ორგანოებითაც ვაჭრობდნენ.
ბესარიონ გუგუშვილი
- ისეთი სინდის-ნამუს გარეცხილი, ჩაკეტილი და გაუმჭვირვალე სისტემისგან, როგორიც სააკაშვილის რეჟიმია, ყველაფერია მოსალოდნელი. სულაც არ გამიკვირდება, თუ პატიმრების ორგანოებით ივაჭრებენ და პატიმრებს მონური მეძავეობისთვის, გარყვნილებისთვის და სხვა მსგავსი მიზნებისთვის გამოიყენებენ...
ზვიად ძიძიგური
- მეც პატიმარი ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ შედარება არაა მაშინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის. პოლიტიკური ბრძოლით უშიშროების ციხეში მივაღწიე იმას, რომ გაზეთები შემოეტანათ. პატიმრობის პერიოდში ციხეში შევხვედრივარ ცნობილ უფლებადამცველებს კოვალიოვსა და გეფტერს, ევროპის ჰელსინკის ფედერაციის, საერთაშორისო ამნისტიის ლონდონის ჯგუფის წევრებს და ა.შ. მაშინდელი პოლიტპატიმრების განთავისუფლება დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნით. რომელი ერთი ჩამოვთვალო. არ იფიქროთ, რომ სამოთხე იყო ადრე, მაგრამ ასეთი კაცთმოძულეობა, როგორიც დღეს არის პატიმრების მიმართ, არც გამიგონია.
ლადო სადღობელაშვილი
- ჩვენს ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი. თუ გავიხსენებთ იმას, რომ არაერთი შემთხვევა ყოფილა იმისა, რომ, მაგალითად, საავადმყოფოებიდან ორგანოებამოცლილი მიცვალებულები მოუყვანიათ, ანდა რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ საპყრობილიდან საეჭვოდ გაჭრილი, ანუ არა ექსპერტიზული გაკვეთებით მოუსვენებიათ პატიმრები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვს. ჩემი აზრით, ეს გაკვეთილი მიცვალებულები იმიტომაც იყვნენ ორგანოამოცლილები, რომ ხელმეორედ აღარ ჩატარებულიყო მათზე ექსპერტიზა და არ გამოევლინათ პატიმართა ნაადრევი სიკვდილიანობის მიზეზი. აქ ორგანოებით ვაჭრობაზე, ვფიქრობ, ზედმეტია საუბარი, მაგრამ ამასთანავე ვიმეორებ, რომ საქართველოში გამორიცხული არაფერია.
ლაშა ჩხარტიშვილი
- ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, რის გამოც სააკაშვილის დილეგებში არ უშვებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს, ეს არის სადის(ტების) მიერ პატიმრების სისტემატური წამების, ასევე მათი არაადამიანური საყოფაცხოვრებო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების კატასტროფული მდგომარეობის დამალვის სურვილი. რაც შეეხება პატიმრების ორგანოებით ვაჭრობას, კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია, თუმცა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გამორიცხული არაფერია.
მერაბ ბლადაძე
- ორგანოებით ვაჭრობა ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესია მსოფლიოში. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ხელისუფლების ელიტურ შემადგენლობას, რომელმაც ოთანაძე და კრიალაშვილი იმისთვის მოკლა, რომ ერაყიდან მოპარული ხელოვნების შედევრების გამტარი გზა შექმნეს, შემდეგ კი მათთვის წილი ვერ გაიმეტა და ყოველივე ამის დასაფარად მუხროვანის ამბოხების გეგმა მოიგონა, მიმაჩნია, რომ აუცილებლად ექნება პატიმრების ორგანოების ბიზნესი.
როგორც ხედავთ, ამჯერად რესპონდენტების ტიტულები არ მივუთითე, საზოგადოება ისედაც იცნობს. მათ გარდა, კიდევ ბევრი ადამიანის მოსაზრებით დავინტერესდი. გამოიკვეთა საგანგაშო ტენდენცია, რომელიც ნათლად გვიჩვენებს ხელისუფლების სრულ დისკრედიტაციას - არც ერთ მათგანს არ უარყვია და არ უთქვამს, რომ ხელისუფლება ამას არ ჩაიდენს!
ეს საგანგაშო სიგნალია სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის - ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. უფრო მეტია, ვიდრე ევროსაბჭოს რომელიმე გამომძიებლის დაწერილი დასკვნა!
ხალხი არასოდეს იწყებს ლაპარაკს უსაფუძვლოდ, მას ყოველთვის ინტუიცია კარნახობს, სად არის სიმართლე!
და კიდევ - ხელისუფლების გასაგონად: კვალიფიკაცია აიმაღლეთ - საკონცენტრაციო ბანაკებში გატყავებული ადამიანის ტყავისგან ხელთათმანებს იკერავდნენ ფაშისტები. საპონსაც ამზადებდნენ. ცნობისათვის: ერთი მოზრდილი ადამიანისგან შვიდი საპონი მზადდება!
ჩვეულებრივი ფაშიზმი - ოცდამეერთე საუკუნეში!
სირცხვილია!