კოდის გამგებელი სომხურ კარუსელს ატრიალებს

კოდის გამგებელი სომხურ კარუსელს ატრიალებს

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ კოდის დევნილთა დასახლებაში ხმის მიცემის პროცესი ე.წ. სომხური კარუსელის გამოყენებით მიმდინარეობს. ლორთქიფანიძის თქმით, სომხურ კარუსელს კოდის გამგებელი კურირებს, რომლის მანქანაც საარჩევნო უბანთან დგას და სწორედ ამ მანქანაში ხდება საარჩევნო ბიულეტენების მობილიზება.

„იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რასაც ჩვენი დამკვირვებლებისგან და ნდობით აღჭურვილი პირებისგან ვღებულობთ, ჩემი დაკვირვებით, ყველა საარჩევნო ოლქზე ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. ერთი ის, რომ პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში ბიულეტენების ნაკლებობა შეინიშნება. ბიულეტენების ოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ჩამორჩება. მეორე ტენდენცია კი არის ის, რომ ხდება ე.წ. სომხური კარუსელის გამოყენება“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, კოდის დევნილთა ჩასახლების ადგილიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თავად კოდის გამგებელი უკეთებს სომხურ კარუსელს ორგანიზებას.

„თავად კოდის გამგებლის მანქანაში, რომელიც საარჩევნო უბანთან ახლოს დგას, ხდება იმ ბიულეტენების დაფიქსირება, რომლებიც ამ სომხურ კარუსელში მონაწილეობენ. სომხური კარუსელის პრინციპი არის ის, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შედის ბიულეტენით, რომელშიც გარანტირებულად შემოხაზულია ხუთიანი და საარჩევნო ურნაში მას აგდებს, ხოლო უბანზე აღებული ბიულეტენი გარეთ გამოაქვს. ამდენად, კოდის ამომრჩევლები ცარიელ ბიულეტენებს აბარებენ გამგებლის მანქანაში, სადაც კარუსელის ორგანიზება ხდება“, - აღნიშნავს ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, როგორც კი ეს ინფორმაცია მიიღო, ამის შესახებ ღიად განაცხადა, მაგრამ ამასთანავე, მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, როგორც უმთავრეს ოპოზიციურ ძალას, ყველა ამგვარი ფაქტი გადაამოწმოს.

„ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამგვარი ფაქტების აღკვეთას. ამასთანავე, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც როგორ ოპოზიციური გაერთიანება არჩევნებში ყველაზე დიდი ძალით მონაწილეობს, ასეთი განცხადებების შემდეგ, ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირებაც უნდა მოახდინოს“, - ამბობს ლორთქიფანიძე.