ერევანში მოღვაწე ბიზნესმენებმა სომეხ ამომრჩეველზე ფინანსური ზეგავლენა მოახდინეს

ერევანში მოღვაწე ბიზნესმენებმა სომეხ ამომრჩეველზე ფინანსური ზეგავლენა მოახდინეს

გუშინ ასპინძაში ამავე რაიონის სოფელ დამალაში დაბადებული, მაგრამ, ამჟამად  ერევანში მოღვაწე ბიზნესმენები ჩავიდნენ და ადგილობრივ სომეხ ამომრჩეველზე  ფინანსური ზეგავლენის მოხდენას შეეცადნენ. ამ ინფორმაციას For.ge-ს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასპინძაში თემურ მაისურაძე უდასტურებს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ გუშინ ერევნიდან ჩამოვიდნენ დამალელი სომხები, ერევნის წარმატებული ბიზნესმენები, ერთ-ერთი მათგანი რუსეთიდანაც ჩამოვიდა, რომლებიც ოჯახებში შედიოდნენ. ისინი ზოგიერთ ოჯახში ფულს არიგებდნენ, ზოგს კი აშინებდნენ, რომ პრობლემები შეექმნებოდათ, თუკი ხმას 41 ნომერს მისცემდნენ“,_აღნიშნა თემურ მაისურაძემ.

თემურ მაისურაძის თქმით, ამ ეტაპზე ერევნელი ბიზნესმენების შესახებ ინფორმაცია მწირია, თუმცა მოგვიანებით ამ ბიზნესმენების გვარების დადგენას შეეცდებიან.

მისივე თქმით, ამ კონკრეტული ფაქტის გარდა, ასპინძაში არჩევნები არაერთი დარღვევით მიმდინარეობს. ამდენად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ არჩევნებს შესაფერის შეფასებას უძებნის: „არჩევნებს გარდა ამას ყველაფერი ჰქვია“.

მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით, ასპინძაში არავინ უცემიათ. ერთადერთი გამონაკლისი იყო, როცა ნაქალაქევში ადამიანს კამერა გააგდებინეს ხელიდან. მართლია, კამერა არ გამტყდარა, მაგრამ ძიძგილაობამდე მივიდა საქმე.  

„ასპინძაში სამი საარჩევნო უბანი ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა. კამერების ჩართვის უფლებას არ გვაძლევდნენ, ძალიან ბევრი ყალბი პირადობის მოწმობა დავაფიქსირეთ. ასევე, - ფულის გადაცემისა და მოსყიდვის ფაქტები. ერთ საარჩევნო ჯიხურში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი შედიოდა. უამრავი ასეთი დარღვევაა. ორჯერ გამოვიძახეთ პატრული, რადგან დამალის უბნის გაუქმება გვინდოდა“.

თემურ მაისურაძე კონკრეტულ დარღვევასაც აფიქსირებს. კერძოდ, საარჩევნო უბნიდან გამოვიდა პიროვნება, რომელმაც პირდაპირ ამომრჩეველს კარებში გადასცა ფული და გაუშვა. „ოცნების“ წევრებმა ეს კამერით გადაიღეს და სხვა ფაქტებიც დააფიქსირეს.

უფრო მეტიც, ნაქალაქევში თვითონ მანქანიდან არიგებდნენ ფულს. მართლია, უშუალოდ ფულის გადაცემის ფაქტი ვერ დააფიქსირეს, მაგრამ „ქართული ოცნების“ წევრებს სია ჩაუვარდათ ხელში, თუ ვისთვის რამდენი უნდა გადაეხადათ.

„ამას მასიური სახე ჰქონდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ წუხელ ღამით სამლიტრიანით ღვინოს არიგებდნენ და კონკრეტულ ოჯახებში 200-დან 250 ლარამდე შეჰქონდათ, მაგრამ ვერც ამ ფაქტების დაფიქსირება შევძელით სიბნელის გამო. ამ დანაშულს ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრები, აქტივისტები, პოლიციის გადაცმული თანამშრომლები ახორციელებდნენ“.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის განმარტებით, ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე პოლიციის უფროსთან ერთად დადიოდა და ყველა უბანში ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა.   

რაც შეხება ასპინძის არაქართულენოვან ამომრჩევლებს, დილის საათებში ისინი ძალიან აქტიურობდნენ, 12 საათისთვის აქტივობა 37 %-მდე იყო, მოგვიანებით კი არსებული პრობლემების შემდეგ უცბად შეწყდა მათი ნაკადი. უფრო კონკრეტულად, როცა ოპოზიციონრებმა დარღვევების გამო საჩივრების დაწერა და უბნის დახურვა მოინდომეს, ამის შემდეგ არაქართულენოვანი ამომრჩევლების ნაკადი უცბად შეწყდა.

„როგორც ჩანს, არაქართულენოვან მოსახლეობაში ვიღაც არეგულირებს სიტუაციას და მათ აშინებენ, რომ არჩევნებზე არ მოვიდნენ,“- ასკვნის თემურ მაისურაძე.