ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში საკმაოდ სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბი იტყობინება. კერძოდ, დარღვევები დაფიქსირდა 22-ე საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია 1367 ამომრჩეველი, უბანზე კი შევიდა მხოლოდ 1250 ბიულეტენი. კომისიის თავმჯდომარე ხელს უშლიდა ვიდეოგადაღებას და ოპერატორს გარეთ გაგდებით ემუქრებოდა. კომისიის თავმჯდომარე უმტკიცებდა ოპერატორს, რომ მას მხოლოდ ბიულეტენის ურნაში ჩაგდების გადაღების უფლება აქვს და არ აქვს უფლება ამომრჩევლის სახე გადაიღოს, ანუ გადაღება ისე უნდა მოხდეს, რომ პიროვნების იდენტიფიცირება ვერ მოხდესო.
„29-ე საარჩევნო უბანზე სამარშრუტო ტაქსით მიიყვანეს ამომრჩევლები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საარჩევნო ატრიბიტიკით, რაც ვიდეოფირზე იქნა გადაღებული. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სამარშრუტო ტაქსის ნომერი JFJ272.
დარღვევებით მიმდინარეობს არჩევნების პროცესი მე-15 საარჩევნო უბანზეც. კოალიცია „ქართული ოცნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, მარკირებამდე ამომრჩეველს „ვაზელინს“ უსმევენ თითზე, რის შედეგადაც მარკირების გავლის შემდეგ ამომრჩეველს მარკირების სითხე იოლად ეცლება. ეს კი, თავის მხრივ, ნაციონალურ მოძრაობას ხელს უწყობს ე.წ. კარუსელების დარტიალებაში. ამ დარღვევასთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ კომისიის წევრა საჩივარი დაწერა“, - აცხადებენ ბესელიას შტაბში.
მათვე ინფორმაციით, მე-7 უბანზე დაფიქსირდა, რომ საარჩევნო ბიულეტენში, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის არ იყო დაფიქსირებული ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. აღნიშნული დარღვევა კოალიციის დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს და დროული რეაგირების შედეგად ეს პრობლემა მოგვარდა.
11:30 საათვისთის 32-ე უბანზე შეჩერდა კენჭისყრა, რისი მიზეზიც მარკირების პრობლემა გახდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ კომისიის წევრის ინფორმაციით, მარკირების სითხე უვარგისი იყო და კენჭისყრა მხოლოდ მისი შეცვლის შემდეგ უნდა გაგრძელდა. როგორც 32-ე უბანზე მყოფი დამკვირვებლები იტყობინებიან, უხარისხო მარკირების სითხე იოლად სცილდება, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას აძლევს ე.წ. კარუსელის შემთხევაში ხელახლა მისცეს ხმა სასურველ პოლიტიკურ ძალას.
ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას შტაბის ინფორმაციით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯანო კვაშილავამ ოლქში შემავალ საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს სიტყვიერი დავალება მისცა, რათა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოლქო კომისიაში - ლილი გელაშვილი, ლევან ჩოჩია და ზურა მეზურნიშვილი უბნებზე არ შეუშვან.
„საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯანო კვაშილავას მხრიდან მსგავსი სიტყვიერი ბრძანების გაცემა არჩევების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას ეწინააღდეგება. ეს არის პირდაპირ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, რადგანაც საარჩევნო კოდექსისი შესაბამისად, 70-ე საარჩევნო ოლქის კოალიცია „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს უფლება აქვთ შევიდნენ ნებისმიერ უბანზე და კენჭისყრის პროცესს, არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდნენ და საჩივრები შეიტანონ საოლქო კომისიაში“, - ამბობენ ბესელიას შტაბში.