უკვე ერთი კვირაა ოკუპირებულ აფხაზეთში დენის და წყლის ყოველდღიური 3-საათიანი გრაფიკია შემოღებული და ამ გრაფიკმა დამატებითი პრობლემებიც უკვე შექმნა. გასულ კვირას მთელი დღე უშუქოდ დარჩა სოხუმი, ორშაბათიდან კი ელექტროენერგია ოჩამჩირეს არ მიეწოდება. დენის გრაფიკის შემოღების შემდეგ ქვესადგურებში ავარიების რიცხვმა იმატა. ამ ყველაფერს ისიც ამძიმებს, რომ ბოლო დღეებია აფხაზეთში ამინდიც გაუარესდა.
დენისა და წყლის გრაფიკი ისევ ძალაში რჩება, ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით. როგორც ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო" აცხადებს, „ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონე ისევ კრიტიკულად დაბალია, ამიტომ გრაფიკი იმოქმედებს იმ დრომდე, სანამ წყალსაცავში წყალ საკმარისად არ მოიმატებს.
ამასთან, კომპანიაში ასევე არ გამორიცხავენ, რომ ელექტროენერგიის ავარიული გამორთვები მომავალშიც მოხდეს. სპეციალისტების თქმით, როდესაც დროებითი გათიშვების შემდეგ ელექტროენერგიის ჩართვა ხდება, გაციებული აპარატურა ვერ უძლებს სერიოზულ დატვირთვას და წყობიდან გამოდის.
„ოჩამჩირე 2"-ს გადამცემი სადგური გადატვირთვის გამო ქალაქის ელექტრო მომმარაგებელი ფიდერი გადაიწვა. ავარიის ადგილზე ბრიგადა მუშაობს", -ინფორმაციას ავრცელებს „ჩერნომორენერგო".
მანამდე კი კვირას, მთელი დღე უშუქოდ იყო დარჩენილი სოხუმი, ისევ ქვესადგურში ავარიის გამო.
კომპანიის თქმით, როგორც კი გრაფიკის დრო ამოიწურა და ელექტროენერგიის ჩართვა დაიწყო, ქვესადგურზე 3-საათით გაციებულმა ტრანსფორმატორმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გადაიწვა, ასევე დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ყველა სახის დაზიანების იდენტიფიცირებას კი დიდი დრო დასჭირდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა ელოდება, რომ დროებით რუსეთიდან მოხდება ელექტრენერგიის „გადმოქაჩვა". მოლაპარაკებები 10 დღის წინ დაიწყო, თუმცა რუსეთიდან პასუხი იგვიანებს.
„ჩერნომორენეგროს" დირექტორი ასლან ბასარიას თქმით, ელექტროენერგიის დროებითი გათიშვები არა მარტო მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, არამედ დიდ ზიანს აყენებს „რესპუბლიკის" ენერგეტიკის სისტემას.
მისივე თქმით, ამ ზომების მიღება აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ „ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონემ კრიტიკულად დაიკლო და ჰესის მუშაობის საერთოდ გაჩერების საფრთხე დადგა.
აფხაზეთში დენის გრაფიკი 20 თებერვალს შემოიღეს, ყოველდღიურად 11-საათიდან 14-საათამდე დენის მიწოდება წყდება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. ელექტროენერგიის გრაფიკის გამო კი ასევე იძულებულნი გახდნენ წყლის გრაფიკიც შემოეღოთ.
„ჩენრომორენერგოში" აცხადებენ, რომ ამ ყოველდღიური გამორთვების შედეგად 4.5 მილიონი კილოვატ საათის დაზოგვა შეძლეს, თუმცა „ენგურჰესის" წყალსაცავზე წყლის დონე კვლავაც განაგრძობს შემცირებას, მაგრამ ნაკლები დინამიკით. ამიტომაც, სანამ წყლის საკმარისი მატება არ მოხდება, გრაფიკი ისევ ძალაში დარჩება.
„ენგურჰესის" მუშაობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენისათვის აუცილებელია, რომ წყალსაცავში წყლის მოცულობამ დააკომპენსიროს ელექტროენერგიის ხარჯები. წყლის დონის მომატება დამოკიდებულია ამინდზეც, ტემპერატურამ უნდა მოიმატოს, რომ წყალსაცავში წყლის შედინებამ მოიმატოს, ამ ეტაპზე კი ტემპერატურა არის მინუსში.ჯერჯერობით სიტუაციის პროგნოზირება არ შეგვიძლია, "- ამბობს კომპანიის პრეს-სამსახურის უფროსი ალხაზ გაგულია.
„ენგურჰესის" შესაძლო გაჩერებაზე განცხადება 2 კვირის წინ „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ გააკეთა და მან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, ან დენის მოხმარება შეეზღუდათ, ან რუსეთიდან შემოეტანათ დროებით, რადგან წყალსაცავში მხოლოდ 15-20 დღის მარაგი იყო დარჩენილი და 5 მარტისთვის ჰესის გაჩერება იყო მოსალოდნელი წყლის კრიტიკული კლებისა და აფხაზეთში დენის უკონტროლო მოხმარების გამო.