სულ რაღაც 2 წელიწადში წყლის გადასახადი შეიძლება გასამმგდეს. ამასთან დაკავშირებით სემეკში უკვე გამოთქვეს მოსაზრება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში ვარაუდობენ, რომ 2021 წლიდან წყლის მომხმარებელთა არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფი გათანაბრდება და ერთ კუბურ მეტრზე დაახლოებით 1 ლარის ფარგლებში იქნება.
რატომ დაისვა ასე ყველასთვის მოულოდნელად წყლის ტარიფის ერთბაშად გაზრდის საკითხი, სრულიად გაუგებარია. როგორც სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი ასუბსიდირებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რის გამოც ტარიფებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.
ამჟამად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის - 4 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს.
2021 წლისთვის ცვლილება შევა „ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში, რის შედეგადაც ტარიფები გათანაბრდება.
მოგვიანებით, ფანგანმა თავის ვარაუდს სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცა და აღნიშნა, რომ ფასი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფი გათანაბრდება.
„არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი ასუბსიდირებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რის გამოც ტარიფებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. 2021 წლისთვის ცვლილება შევა „ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში, რის შედეგადაც ტარიფები გათანაბრდება, რაც გამოიწვევს მცირედით საყოფაცხოვრებო ტარიფის გაზრდას და სერიოზულად შეამცირებს არასაყოფაცხოვრებო ტარიფს.
სინამდვილეში ეს სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან საკანონმდებლო ცვლილებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ველოდებით. ასე იქნება 2021 წლის ჩათვლით. ამის შემდეგ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ტარიფის განაწილების საკითხში არსებულ მიდგომას შეინარჩუნებს თუ შეცვლის.
ჩვენი ვარაუდით, მიდგომა არ შეიცვლება და ტარიფიც უცვლელი დარჩება, თუმცა საგადასახადო პოლიტიკა სემეკის გადასაწყვეტი საკითხი არ არის და საბოლოოდ აღმსასრულებელი ხელისუფლება ადგენს. ამ არსებულ სიტუაციას იმდენად მივეჩვიეთ, რომ ცვლილებას სინამდვილეშიც არ ველოდებით“, - განაცხადა ფანგანმა.
სამაგიეროდ, წყლის ტარიფთან დაკავშირებით ვითარება შეიცვლება საოჯახო სასტუმროებისთვის. მარტიდან გადასახადი ე.წ. ჰიბრიდული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 20 კბ/მ წყლის გახარჯვისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფს, 0,33 ლარს გადაიხდიან, ხოლო 20 კბ/მ-ის შემდეგ - არასაყოფაცხოვრეო ტარიფს, 4,4 ლარს. რეალურად ეს ტარიფის გაიაფებაა, ვინაიდან ახლა ყველა საოჯახო სასტუმრო წყლის გადასახადს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით იხდის.
„საოჯახო სასტუმროებზე დღეს ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ტარიფი, 1 კუბურ მეტრზე 4 ლარი და 40 თეთრი. ჩვენთან იყო საჩივრები შემოტანილი, შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ იქ ზოგიერთ სახლში ადამიანები ცხოვრობენ და წყალს იყენებენ საკუთარი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, მივიღოთ ჰიბრიდული ტარიფის პოლიტიკა.
თბილისის მასშტაბით საშუალო მოხმარება არის 16 კბ/მ. თუ კიდევ დაემატა, ეს ნიშნავს, რომ სტუმრები ჰყავს, იმიტომ რომ ჩვეულებრივ შემთხევაში ოჯახი არ სცდება 20კბ/მ-ის ზღვარს. ამ შემთხვევაში ამოქმედდება არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. ეს იქნება შვება საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის, რომ ახლა 4,4 ლარს იხდიან“, - ამბობს „ტაბულასთან“ ფანგანი.
მისივე თქმით, „ჯორჯიან უოთერ ფაუერმა“ ბინების გაქირავების შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაადგინა, რასაც სემეკი შეეწინააღმდეგა და უარი უთხრა.
„როდესაც ადამიანი ბინას ქირაობს, ის ხდება მისი დროებით მფლობელი, მათ შორის სასმელი წყლის მოსარგებლე. თუ ვარ ფიზიკური პირი, უნდა გადავიხადო საყოფაცხოვრებო ტარიფი. თუ ვარ იურიდიული პირი, უნდა გადავიხადო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, - განაცხადა ფანგანმა.