როდესაც გუბერნატორად, მინისტრად ან გამგებლად 24-25 წლის ახალგაზრდას ნიშნავ, მორჩა მისი ამბავი - 60 წლისა რომ გახდება, იგივე ჭკუა ექნება, მეტს ვეღარ შეიმატებს. რადგან ესოდენ მაღალი პოსტი ანდეს, ე.ი. იმ სფეროში ცოდნისა და კონპეტენციის უკანასკნელი „ინსტანციაა" და მეტი რაღა უნდა ისწავლოს?! ბევრი ასეთი „მწვანე" უფროსი ძალიან იოლად იჯერებს ამას და შესაბამისად იქცევა კიდეც.
თუმცა, რამდენიმე გამონაკლისიც ვიცი, როცა ნაციონალი ხელმძღვანელების მიერ უცებ გაუფროსებული ახალგაზრდა, თანაც გარკვეული ცოდნით, თავიდანვე მონდომებით შეეცადა კარგად ჩაწვდომოდა მინდობილ სფეროს და საქმე გაეკეთებინა, - არა მოსაჩვენებლად, ანუ საპიაროდ, არამედ რეალურად. მათი გვარები რომ დავასახელო, მათვე დავღუპავ, ისეთი მკვეთრი კონტრასტი გამოვა დღევანდელი ხელისუფლების საშინელი, პირდაპირ დამანგრეველი საკადრო პოლიტიკის ფონთან.
ისინი, კიდევ ვიმეორებ, ნაციონალური ელიტის შეცდომას წარმოადგენენ თინეიჯერ დიდმოხელეთა და მოხელეთა მთელი არმიის პირობებში, რომელთა უმთავრესი ფუნქცია უფროსად თავის დაჭერა, ფულის კეთება, დროსტარება და სამუშაოზე კომპიუტერული თამაშებია (მისაღებში: -„უფროსი დაკავებულია, მნიშვნელოვანი საქმე აქვს და ვერ მიგიღებთ"). ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში ძველ ნაცნობს მივაკითხე, რომელმაც მითხრა: - ამ კორიდორის გაყოლებაზე ძირითადად ახალგაზრდები სხედან, სულ ნათესაობით და ახლობლობით მიყვანილები. ყავის სმა, ჭორაობა და კომპიუტერით გართობა - მეტი არაფერი მოეკითხებათო. მოკლედ, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები"-ს დღევანდელი ვარიანტია ყველგან. ისინი მხოლოდ მთხოვნელების, ანუ გაჭირვებული ხალხის დანახვაზე იღებენ მეტისმეტად სერიოზულ და მკაცრ სახეებს, რომლებზეც იოლად ამოიკითხავ ჩვეულებრივ გულქვაობას.
ეს არის დღევანდელი მოხელის იდეალური სახე... თერგდალეულების დრო კარგა ხანია წავიდა, როცა ქართველი ახალგაზრდები პეტერბურგსა თუ მოსკოვში მიღებულ საფუძვლიან ცოდნას მერე სამშობლოს, ანუ საქართველოს სასიკეთოდ იყენებდნენ. რეალურად, რა ცოდნა ჩამოაქვთ დასავლეთიდან, - დღეს არის დიდი პრობლემა, რადგან ხელისუფლება, როცა რომელიმე დიდ პოსტზე მორიგ „ვუნდერკინდს" წარმოგვიდგენს ხოლმე, საფუძვლად ხალისით ჩამოგვითვლის მათს უცხოურ დიპლომებს და სიგელებს. ეს კარგი, მაგრამ ცუდი ისაა, რომ რეალურად მათი ცოდნა საქართველოში ჯერ არავის უნახავს და მხოლოდ სახელისუფლებო პიარშია „რეალიზებული“.
რაღა შორს წავიდეთ, ეკონომიკის მართვის ყოფილი მინისტრის ეკა შარაშიძის შემთხვევა დავასახელოთ, რომელსაც სხვებზე მეტი, უცხოეთის მართლაც პრესტიჟული სასწავლებლების დიპლომები და სხვა მოწმობები აქვს. გასული წლის აგვისტოში, საქართველოსთვის დამანგრეველი „ბლიც-კრიგის" შემდეგ, ახალგაზრდა მინისტრმა ბრძანა: - ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა მაინც გამართულად მუშაობს და გუშინ ფოთის პორტში 15 გემი დაიცალაო. ერთ დღეს 15 გემს როტერდამის ნავსადგურშიც ვერ ცლიან და ქ-ნ ეკას იგივე წარმატებით შეეძლო ეთქვა, - 100 ან 200 გემი დავცალეთო, - მისი რა მიდიოდა. თუმცა, იქვე ფოთის პორტის უფროსმა მოკრძალებით შეაწია სიტყვა, - მხოლოდ სამი გადმოვცალეთო, რაც თავისთავად ურიგო მუშაობის შედეგი არ არის.
ამისთანა „მარგალიტებს" ძალიან ხშირად მოისმენთ ჩვენი ნორჩი ხელმძღვანელებისგან. სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ იტყვის, „დედალი ძროხაო", - იგი მაშინვე ნახირში უნდა გააგდო მწყემსის თანაშემწედ, სულ ცოტა ათი წლით (აფსუს, რა პროფესია დაკარგა გია ხუბუამ, ოღონდ თხების განხრით), მაგრამ ნაციონალების კადრს ვინ შეელევა. სულ ახლახანს ბაკურ კვეზერელი თვითონ საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით „რთველის წარმატებით ჩატარებისთვის". ეკუთვნოდა, აბა რა, რის საბუთადაც მის სხვა „მარგალიტებსაც" მოგიტანთ.
შარშანდელი აგვისტოს ომისა და რუსების ოკუპაციის დროს, კვეზერელს ჰკითხეს (რომელიც სწორედ 25 წლისა დანიშნეს მინისტრად): რა ეშველება ვაშლის მოსავალს, იმ ზონებში ვეღარ შევდივართო. პასუხად გენიალური გადაწყვეტილება მიიღეს, - ვაშლის ხეებს დავჭრით და მსხმოიარეებს გადმოვიტანთო(!?). მეტი რაღა უნდა ვთქვათ, მაგრამ სათქმელი მაინც ბლომადაა და ყველა მიმართულებით. როცა იგივე ბაკურ კვეზერელს მიმართეს, პურის ქარხნებს მიწოდებული გაზი გაუძვირეს და პურზე ფასების მომატება ხომ არ არის მოსალოდნელიო, მინისტრმა გაიკვირვა, - ეს შეუძლებელია, რადგან გაზის გაძვირება ჩემთან არ შეუთანხმებიათო (!?). როგორ არა, „ყაზტრანსგაზი" სულ თვალებში შესციცინებს კვეზერელს, ემანდ რაიმე არ ეწყინოსო. მაგრამ ის ხომ ნაციონალების კადრია, დანარჩენი კი მოსატანად არ ღირს.
მოკლედ, დიდი უფლებები, არავითარი პასუხისმგებლობა,- ნაციონალების ეს დევიზი სახელისუფლებო ვერტიკალის უმაღლესი საფეხურიდან ბოლომდე ვრცელდება. ახლახანს გარემოს დაცვისა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, კერძოდ კი გარემოს დაცვის ინსპექციის ორი მაღალჩინოსანი დაიჭირეს. ბრალდება ძალიან მძიმე იყო: დიდი კორუფცია, რის შედეგად ნადგურდებოდა ჩვენი ფლორა. ანუ, ის ორი თანამშრომელი, სწორედ საპირისპიროს აკეთებდნენ, რისთვისაც ისინი სამსახურში მიიღეს. ვისი "
„კადრები" იყვნენ დაპატიმრებულები და ვინ მიიღო სამსახურში? თვითონ მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, რომელმაც რაღაც კი წაიბუტბუტა პასუხისმგებლობის შესახებ, მაგრამ ისე მოწმენდილი ზის თავის სავარძელში, გეგონებათ, მისი ორი თანამშრომელი ბუნების დაცვისთვის დაეჯილდოვებინათ. იმ ტყეების ნამდვილ პატრონს, ანუ ხალხს რაღა დარჩენია? - ისევ ხაჩიძეს უნდა მოსთხოვონ, სახალხოდ უნდა შეასრულოს სიმღერა „ტყე შეუნახე შვილებსა". მინისტრად, როგორც ხედავთ, არ ვარგებულა, ისე, სიმღერა სცოდნია კარგი.
ან ვინ მოიფიქრა 100 ათასი რეზერვის მომზადების ის იდიოტური და ასე გაბუქებული პროგრამა, რომლის ერთადერთი მიზანი, როგორც ვნახეთ, ის ყოფილა, რომ ერთად მოექუჩებინათ მთელი ეს საზარბაზნე ხორცი, რუს მფრინავებს სამუშაო რომ გაადვილებოდათ. მათი ყვითელი ავტობუსები ღამითაც კარგად ჩანდა. ამაში მაინც გაგვიმართლა, თორემ საშინელი ხოცვა-ჟლეტის მოწმენი გავხდებოდით. რეზერვისტების პროგრამაზე მრავალი მილიონი დაიხარჯა თუ შეიჭამა. აგო ვინმემ ამაზე პასუხი?
მოკლედ, პროფესია, როგორც ასეთი, მთლიანად გააუქმა დღევანდელმა ნაციონალურმა ხელისუფლებამ და დატოვა ერთადერთი - ამ ხელისუფლების ერთგულება, დანარჩენი ფეხებზეა დაკიდებული. როცა პროკურორს განათლების მინისტრად ნიშნავ, მთავარ მედილეგეს კი თავდაცვის მინისტრად, ეს ნიშნავს, რომ მართლაც ფეხებზე გკიდია ყველაფერი, საკუთარი ძალაუფლების გარდა. და სხვა ჩინოვნიკები სწორედ იმისი ალიკვალი უნდა იყვნენ, რასაც თვითონ წარმოიდგენენ, - შარშან, ქვეყნის თავზე დატეხილი რუსული საფრთხის დროს მხოლოდ ერთადერთზე, - საკუთარი თავისა და ქონების გადარჩენაზე რომ ზრუნავდნენ და გრანდიოზული რიგები დააყენეს წითელ ხიდთან თუ ლაგოდეხთან. ეს მართლაც უჩვეულოდ დიდი, სასაქონლე ქარავანი იყო, რომელსაც თამამად შეიძლება ელიტარული ნახირი გეწოდებინა.
დღევანდელი ხელმძღვანელები საქმის პროფესიონალები კი არა, უბრალოდ, ბოლშევიკი კომისრები არიან ამა თუ იმ სფეროს საკონტროლებლად. როცა ასეთი ბოლშევიკური მიდგომის გამო ახალშეკოწიწებულ საბჭოეთში დიდი გაჭირვება ჩამოვარდა, მაშინ მისმა ხელმძღვანელობამ ჭკუა იხმარა და სამუშაოზე დააბრუნეს ბევრი მეფისდროინდელი ჩინოვნიკი. მათ სტალინს 1940 წლამდე ისეთი საფუძვლები შეუქმნეს, რომელზეც სწრაფად ააშენა ომის ინდუსტრია და ეკონომიკისა და მრეწველობის უმაღლეს საფეხურზე მყოფ ჰიტლერის გერმანიას გაუმკლავდა. ცარიელ ადგილზე დიდი ბელადიც კი ვერაფერს შექმნიდა.
მაგრამ, ძველი, მცოდნე თაობა, როგორც ჩანს, თინეიჯერმა ნაციონალებმა უკვე საბოლოოდ ჩარეცხეს. თანაც იმ ძველებს ცოტა სხვანაირი ხასიათი აქვთ, შენ თინეიჯერულ ტიტინს არ იჯერებენ ან ეჭვით ეკიდებიან. იმ ვაჟამაც რაღა ეშმაკად დაწერა: „ვერ მააწონებთ კარგ ყმასა, რაც არ უჯდება ჭკვაშიაო". და სარბიელზე გამოჯელჯილდა ახალი კომკავშირლების მთელი პლეადა...
როგორ არ გაგახსენოთ იონა წინასწარმეტყველის ბიბლიური წყევლა, როცა ერთ ღვთსიმგმობელ პროვინციას დაემუქრა - მოგივლენთ ახალგაზრდა და უვიც მმართველებსო. მეტი რაღა არის ჩვენთან.
უცხოელი დიპლომატებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს სახე ეცვლებათ ხოლმე, როცა თავის ქართველ „კოლეგებთან", ფაქტობრივად, გოგო-ბიჭებთან უწევთ რთული პრობლემების გადაჭრა. ჟენევის მოლაპარაკებები ხომ მარაზმის აპოთეოზად იქცა, სადაც ევროპელები პატიოსნად გამოიმუშავებენ თავიანთ ხელფასებს.
რომის იმპერიამ, თავისი აღმოსავლეთის განშტოებით, - ბიზანტიით, 20 საუკუნეზე მეტი გაძლო. ამ მუდმივ ქალაქში რესპუბლიკურ პერიოდებში, და სხვა დროსაც, ასაკობრივი ცენზი ჰქონდათ დაწესებული: ყველაზე დაბალი რანგის მოხელე, - გადასახადების ამკრეფი, ანუ კვესტორი 28 წელზე უმცროსი არ უნდა ყოფილიყო. შემდეგი თანამდებობა ედილი იყო, - მშენებლობების, სახალხო ღონისძიებებისა და ა.შ. ხელმძღვანელი, რომლის ზღვრული ასაკი 37 წელი მაინც უნდა ყოფილიყო. ოთხი პრეტორის, ფაქტობრივად კონსულების მოადგილეების, ერთგვარი მინისტრების ასაკი 40 წლიდან იწყებოდა; ორი კონსულიდან კი თითოეული 43 წელზე უმცროსი არ უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რა დიდ ყურადღებას აქცევდნენ ამ უძლიერეს იმპერიაში კადრების აღზრდას. ერთმმართველობის დროს, ანუ იმპერატორების ხანაში, მათი ასაკი ცხადია, შეუზღუდავი იყო.
არ იფიქროთ, ახალგაზრდების წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, მთელი ცხოვრება ახალგაზრდებში ვმუშაობ და იმდენი მინახავს ჭკვიანი, კარგად აღზრდილი და ქვეყანაზე გულით მოფიქრალი, ვერ დაითვლით. მაგრამ მაგათი ადგილი დღევანდელ საზოგადოებაში არ არის, ანდა არ ჩანს. დღეს სხვებია საჭირო. სწორედ ისეთები, როგორებიც „მაღლა" არიან - უვიცი და მედროვეები. ასეთებს პირდაპირ ყნოსვით გრძნობენ და უყოყმანოდ ნიშნავენ თანამდებობებზე, ანუ თავისთვის წაუგებელ ლატარიას თამაშობენ და საკვირველია, ეს ქვეყანა კიდევ როგორ სუნთქავს. თუ გინდა ქვეყნის მომავალი დაასამარო, მომავალი თაობა უნდა დაამახინჯო. ამიტომ ვერ ეშვება ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტი განათლების სამინისტროს და ვენებს გადაიხსნის, თუკი მინისტრის პოსტზე საკუთარი კადრი არ დანიშნა, - გინდა პროკურორი და პოლიციის წარმომადგენელი, - ამაზეც კი იყო ლაპარაკი. სწორედ, ამას ემსახურება განათლების „რეფორმა", რომელიც სანტექნიკოსმა ლომაიამ დაიწო. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ როცა უფალი მიიბარებს, მის საფლავის ქვაზე ეპიტაფიის ნაცვლად, ალბათ, სიტყვა "ბავშვი" უნდა იყოს ამოტვიფრული, - ქართულად სწორედ დაწერილი, რომელიც ვერაფრით ისწავლა.
ვიდევ ვიმეორებ, ახალ ნაციონალურ კადრებში, უფრო ზედა რგოლები მაქვს მხდველობაში, მცოდნის, პროფესიონალის მონახვა კოლუმბის აღმოჩენის ტოლფასია. ყველაფერი ძირითადად იქიდან გამომდინარეობს, თუ როგორ უყურებს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას და ხალხს. თუ პირველი დროებით სადგომად მიაჩნია, რომ შემდეგ აქ ნაშოვნი მილიონებით სამუდამოდ მიაშუროს უცხოეთს, მაშინ სათქმელი აღარაფერია. ხალხს კი ერთადერთი ფუნქციაღა რჩება, - საარჩევნო ხმა, მეტი არაფერი. და მის ამ ერთადერთ საკუთრებასაც იოლად ეპატრონებიან დაშინებით, მოსყიდვით, გაყალბებით და ა.შ. ყველა არჩევნების წინ ხელისუფლების გულისხმიერებაზე (ცხადია, მხოლოდ სიტყვიერ) ლამის ცრემლები ჩამოგვცვივდება ხოლმე. როცა მტაცებელი შველს უყურებს, ბუნების ამ მშვენიერ ქმნილებაზე კი არ ფიქრობს, არამედ მის ხორცზე, ანუ გემრიელ ჩიჩიაზე. ასეთივეა ხელისუფლების „მზრუნველი" მზერა ხალხის მიმართ, განსაკუთრებით არჩევნების დროს.
არა მარტო ხალხს, ხელისუფლება ყველა სფეროს აბსოლუტურად მომხმარებულური თვალთახედვით უყურებს. იგივე განათლება აიღეთ, - სოროსული იდეოლოგიის წარმოება მოზარდებში უფრო ადვილია. გარდა ამისა, განათლების სისტემა ათასობით მასწავლებელსა და ლექტორს აერთიანებს, - ამომრჩეველთა მთელი ზღვა მიჭირავს ხელში, - ამიტომ არის საშინელი ვაკხანალია სკოლების დირექტორების მოხსნა-დანიშვნისას. მოსწავლეთა მშობლებზეც იოლად ახერხებენ ზემოქმედებას.
ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო, - ის მილიონებიცაა გასახსენებელი, რომელიც განათლებაზე იხარჯება, და როგორ იხარჯება - ეს მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ხელისუფლების დროს გაირკვევა. ასეთ ნიშნებით წყდება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საქმეები და რა დაემართა ქვეყანას, ამის „ნათელი" სურათი თვალწინ გვაქვს.
ბოლოს კი ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა, შემოგთავაზოთ, რომელიც ნათლად გვიჩვენებს ნაციონალების საკადრო პოლიტიკის „მთელ მშვენიერებას". მას რიტორიკის სუნიც ასდის. საქმე ეხება საზოგადოებრივ ორგანიზაციას, - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომლის საქმიანობაში ჩარევის უფლება სახელმწიფო ჩინოსნებს, წესის მიხედვით, არ აქვთ. მართალი გითხრათ, პირადად მე, როგორც გულშემატკივარი, წინააღმდეგი ვიყავი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მერაბ ჟორდანიას არჩევისა, ვთვლიდი, რომ ამ სპორტულ ორგანიზაციაში მერე საეჭვო პიროვნებებიც დაიწყებდნენ ტრიალს. ჟორდანია 2002 წლამდე იყო სფფ-ს პრეზიდენტი, მერე დაიჭირეს და მის ნაცვლად აირჩიეს, - თანაც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის გოკა გაბაშვილის კურთხევით, - გერმანიაში „მონახული" ნოდარ ახალკაცი - უმცროსი. იგი რომ, სწორედ მინისტრის პროტეჟე იყო, ამაში ეჭვი არავის ჰქონდა.
ახლა მხოლოდ ციფრებით შევაფასოთ ამ ორი სფფ-ს ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობა, ფინანსურ მხარეზე გეუბნებით. ჟორდანიამ ფეხბურთის ფედერაცია თავისი 1,5 მილიონი დოლარის ვალი.