„მე მთელ ჩემს ენერგიას ანაკლიის პროექტს მივუძღვნი, იმედია, დამცალდება“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. თუმცა ცალკეულ ანალიტიკოსებს იმთავითვე უჩნდებათ ეჭვი, რომ ანაკლიის პროექტს მამუკა ხაზარაძეს არ დააცლიან. კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ სწორედ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილი პრობლემების შემდეგ ფოთის პორტმა დააანონსა, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას თავად აპირებს. სავარაუდოდ, ეს განცხადება შემთხვევითი არ იქნებოდა და ფოთის პორტის ამ განცხადების შემდეგ ზოგისთვის კითხვებიც აღარ არსებობს, შეარჩენენ თუ არა ანაკლიის პორტს ხაზარაძეს?
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამ პროექტის ამუშავება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესთა სფეროშია, არამედ ამერიკელების, ჩინელების, ევროპელების და აქ ბევრი ვინმეს ინტერესი იკვეთება. ეს კი მისი საბოლოოდ დასრულების ალბათობას ზრდის.
„დიდი ალბათობით, ანაკლიის პროექტი მივა ლოგიკურ ფინალამდე. უბრალოდ, აღსანიშნავია ის მომენტი, რომ მცდარია მოლოდინი იმისა, რომ ეს პროექტი განსაკუთრებული იქნება და რაღაც ისეთ დატვირთვას მიიღებს საქართველოსთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჯერ არ უნახავს. ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ანაკლიის პორტი 100 მილიონ ტონა ტვირთს გადაამუშავებს, სინამდვილეში, ეს არის პერსპექტივა ალბათ 30 წლის შემდეგ. ახლო მომავლისთვის კი ანაკლია იქნება ერთი ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ არა რაღაც განსაკუთრებული გამტარუნარიანობის. პირველ ეტაპზე საუბარია 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარებაზე, რაც კარგია, თუმცა ფოთის პორტი ორჯერ უფრო მეტია. ამდენად, ანაკლიის პორტის არსებობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერიოდში, თუმცა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ეს არ არის ის პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ან დააქცევს, ან ააყვავებს“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია და მამუკა ხაზარაძის ამ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ამ პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობენ ამერიკელები და იქ არის არა „თიბისი ბანკი“, არამედ „თიბისი ჯგუფი“, რაც ორი სხვადასხვა რამეა.
ვახტანგ ჭარაიას განმარტებით, უკვე ირკვევა, რომ „თიბისი ბანკი“ ანაკლიის პროექტის დაფინანსებაში ფინანსურად თითქმის აღარ მონაწილეობს. ეს მაშინ, როცა „თიბისი ჯგუფი“, რომელშიც შედის „თიბისი ბანკიც“ და სხვა კომპანიები თუ ფინანსური ინსტიტუტები, აფინანსებს ამ პროექტს, თანაც აფინანსებს არა „თიბისის“ ფულით, არამედ „თიბისი“ ჰოლდინგში, ანუ „თიბისი ჯგუფში“ არსებული სხვა კომპანიების რესურსებიდან.
შესაბამისად, „თიბისი ბანკი“ თავის თავზე ვერ აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას თავიდანვე არ ჰქონდა აღებული. უფრო მეტიც, კონტრაქტში არსად წერია, რომ „თიბისი ბანკი“ დააფინანსებს ანაკლიის პროექტს. უბრალოდ, აქ „თიბისი ჯგუფზეა“ საუბარი, ხოლო „თიბისი ჯგუფში“ კონკრეტული პირები მოიაზრებიან. თანაც, ეს არ არის უბრალოდ საქველმოქმედო პროექტი, ეს არის ფინანსურად მომგებიანი პროექტი.
„ხალხს აინტერესებს, დააცლიან ხაზარაძეს ამ პროექტის განხორციელებას?! ეს ხაზარაძის გადასაწყვეტია, რადგან, როგორც მოგახსენეთ, იქ მარტო კონკრეტული პიროვნება, თუნდაც მარტო ხაზარაძე არ არის. „თიბისი“ ჯგუფში შედის ხაზარაძეც და უამრავი უცხოელი ინვესტორიც. ხაზარაძე შეიძლება სახედ წარმოჩნდება ჩვენთვის, რადგან ჩვენ, ქართველებმა, ვიცით, ეს ადამიანი ვინც არის. მეტი პოპულარობისთვის და მეტი თვალსაჩინოებისთვის ხაზარაძემ პირადად აიღო თავის თავზე ის ტვირთი, რომ ის არის სახე „თიბისი ჯგუფის“ მხრიდან. სინამდვილეში, ეს მარტო ხაზარაძის ფულით არ არის და „თიბისი ჯგუფში“ უამრავი უცხოელიც შედის, რომელთა თანხითაც კეთდება ეს ყველაფერი“.
რაც შეეხება ფოთის პორტს, რომელიც, ასევე, აპირებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ ეს გამიზნულად არ მომხდარა. ფოთის ღრმაწყლოვან პორტად გადაქცევის შესახებ პრეზენტაცია ჯერ კიდევ 3 წლის წინ მოეწყო. პრეზენტაცია მაშინ ანაკლიაში შედგა, მაშინვე აპირებდნენ ამ პროექტის განხორციელებას, უბრალოდ, გარკვეული შიში ჰქონდათ, ორი ღრმაწყლოვანი პორტი ერთმანეთის კონკურენტი ხომ არ იქნებოდა.
„ასე არ არის, რომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით ვიღაცას სურს გადაფაროს ანაკლიის პორტი. ორივე პორტს თავისი დატვირთვა აქვს. ფოთის პორტი გაფართოების შემდეგ 10 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს, ხოლო ანაკლიის პორტი პერსპექტივაში 100 მილიონ ტონიანია, ანუ სხვადასხვა მასშტაბებია და ფოთი ვერ გადაფარავს ანაკლიის პორტს“, - მიიჩნევს ვახტანგ ჭარაია.
საბანკო სფეროს ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის თემა ზედაპირული პრობლემაა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი არ არის „თიბისი ბანკის“ არსებობისთვის. ეს არის ხაზარაძის ერთ-ერთი ბიზნესპროექტი, რომელიც საკმაოდ დიდი პროექტია და საკმაოდ დიდი ფულია მასში ჩადებული, მაგრამ ამის გულისთვის ნამდვილად არ ინერვიულებდა ასე „თიბისის“ ხელმძღვანელობა და საჯაროდ ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდა. ამის უკან უფრო მძიმე გარემოებებია, ეს არის მთლიანად ბიზნესის წართმევის საშიშროება.
„მე არ ვიცი, ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად მიზანშეწონილია ანაკლიის პორტის მშენებლობა. ალბათ, რაღაც გათვლები ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, ფოთის პორტი ვერ ერევა დიდი მოცულობის ტვირთის გადაზიდვას, რადგან მას ძალიან დაბალი გამტარუნარიანობა აქვს. სანამ ფოთის პორტი „დაამუშავებს“ რამდენიმე გემს, გემების უზარმაზარი ჯარი-15-20 გემი დგას შემოსასვლელში და ელოდება თავის რიგს. ამდენად, გამტარუნარიანობა დაბალი აქვს ფოთის პორტს. ანაკლიის პორტის მშენებლობა კი არ გაზრდის საქონელბრუნვას, არამედ დააჩქარებს მას. მეტი განსაკუთრებული სტრატეგია ანაკლიის პროექტს არ აქვს, ეს ჩვეულებრივი ბიზნესპროექტია. როგორც ფოთის პორტს აქვს შემოსავალი ბიზნესსაქმიანობიდან, ასეთივე ბიზნესპროექტია ანაკლიის პორტიც და რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ანაკლიის პორტს ქვეყნისთვის არ ექნება. იდეა იმისა, რომ საქართველო გახდება აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ტოტი სწორედ ამ მაღალგამტარიანი ანაკლიის პორტის გამო, გამორიცხეთ, რადგან ვერც რკინიგზამ იმუშავა ამ მხრივ.
ერთ ფაქტს შეგახსენებთ, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა რამდენიმე ჩვენი კატერი ჩაძირა ფოთის პორტში და ფოთის პორტი საერთოდ პარალიზებული გახდა. ამდენად, დიდი დატვირთვა ვერანაირად ვერ ექნება ვერც ფოთის პორტს და ვერც ანაკლიის პორტს, თუ ანაკლიის პორტი საერთოდ აშენდება“, - მიიჩნევს ლია ელიავა.
მისივე განმარტებით, ეს საშუალო დონის ბიზნესია საქართველოში, რომელშიც „თიბისი ბანკმა“ ფული ჩადო და, ბუნებრივია, „თიბისი“ თავის ფულს ყოველთვის მისდევს, რათა იქიდან ამონაგები მიიღოს. ამდენად, ამ ჩვეულებრივი ბიზნესპროექტისთვის ამოდენა ბანკის ჩაძირვა არც ღირს და ამას არც გააკეთებს ხელისუფლება. ანაკლიის პორტი არის საჯარო მოხმარების ვერსია, ანუ ის, რაც ზედაპირზე დევს.