საქართველოს კათალიკოს პატრიაქის ილია მეორის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის წარსულიდან ბევრი არაფერია ცნობილი. საპატრიარქოს "რუხი კარდინალის" შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რომ თეთრუაშვილი უკვე 30 წელზე მეტია საპატრიარქოშია. ის, რაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, საპატრიარქოსთან მეტ-ნაკლებად კავშირში მყოფმა პირებმა კარგად იციან. ანუ იმ უზარმაზარი გავლენების შესახებ, რომელიც შორენა თეთრუაშვილს აქვს. კულუარებში მას "შორენა პირველსაც" ეძახიან.
2 წლის წინ, მედია ერთი ტრაგიკული შემთხვევით დაინტერესდა. საქმე ეხება 38 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც შორენა თეთრუაშვილის მეგობარი ნაზი ზვიადაური დაიღუპა. შამანაურის ბურუსით მოცული ტრაგედიის დროს, მასთან ერთად იმყოფებოდა შორენა თეთრუაშვილი. ამ ტრაგიკული შემთხვევიდან ძალიან მალე, შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში აღმოჩნდა.
"რეზონანსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. ჯერ კიდევ 4 წლის წინ, 2015 წელს ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას, გარდაცვლილის ძმამ, ოთარ ზვიადაურმა 38 წლის წინ მომხდარი ამბავი დეტალურად გაიხსენა და შორენა თეთრუაშვილი მისი დის, ნაზი ზვიადაურის გარდაცვალების საქმეში, სიმართლის დაფარვაში დაადანაშაულა.
როგორც გარდაცვლილის ძმა ჰყვება, შემთხვევა 1980 წლის 2 იანვარს მოხდა, როცა მისი და მცხეთის სალობიედან მეგობრებთან ერთად გამოვიდა და ავარიაში მოყვა. ზვიადაური ამბობს, რომ ტრადიციულად, ბედობას მეგობრები იპოლიტე ხვიჩიას რძალთან აღნიშნავდნენ, თუმცა იმ წელს ტრადიცია დაირღვა და ნაზი ზვიადაური შორენა თეთრუაშვილთან და რამდენიმე მეგობართან ერთად, სალობიეში აღმოჩნდა.
ზვიადაურის ინფორმაციით, გარკვეულ უსიამოვნო ინცდიდენტს სალობიეში ჰქონდა ადგილი. დაპირისპირება გარდაცვლილსა და მის მეგობარს მეზობელი სუფრის წევრებთან მოუვიდათ. თუმცა, ოთარ ზვიადაური იქვე დასძენს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ დაზუსტებულა და სალობიეშიარც არავინ დაუკითხავთ.
გარდაცვლილის ძმას პრეტენზიები იმ დროინდელ გამომძიებლებთან და მაღალჩინოსნებთან აქვს, რომლებმაც საქმე გააყალბეს და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ არ ეს საქმე გამოძიებულიყო.
ზვიადაურის განცხადებით, საქმის მასალებიდან გაქრა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და ფარის ნამსხვერევები (ფარზე მანქანის ნომერი იყო მითითებული). გარდაცვლილის ძმა ყურადღებას ასევე ამახვილებს იმაზე, რომ მის დას ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თუმცა, გამოძიების ვერსიით, ჭრილობა ავარიის შედეგად, ქვაზე დაცემამ გამოიწვია.
შორენა თეთრუაშვილის მეგობრის ძმას აცხადებს, რომ შემთხვევის დროს დიდი თოვლი იყო მოსული და გამორიცხულია, ნაზი ზვიადაური ქვას ასე დაეზიანებინა. მისივე თქმით, გარკვეულ კითხვებს გამქრალი დანაც აჩენს.
ზვიადაურის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი მისი დის უახლოესი მეგობარი იყო და მისგან სიმართლის გარკვევის დიდი იმედი ჰქონდა. თუმცა, შორენა თეთრუაშვილმა, როგორც სხვა ყველამ, ჩვენება შეცვალა. ავარიიდან მოკლე დროის გასვლის შემდეგ კი, თეთრუაშვილმა საპატრიარქოში დაიწყო მუშაობა.
ოთარ ზვიადაურის თქმით, იყო ვერსია, რომ მისი და ჯერ დაჭრეს და შემდეგ მანქანა დაარტყეს. იყო ასევე ვერსია, რომ ხელი თავად შორენა თეთრუაშვილმა ჰკრა.
როგორც ნაზი ზვიადაურის ძმა იხსენებს, იგი შეეცადა თეთრუაშვილთან შეხვედრას, მაგრამ გარდაცვლილის ყოფილმა მეგობარმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
თეთრუაშვილთან შეხვედრა შეუძლებელი აღმოჩნდა "2020NEWS"-თვისაც. პატრიარქის მდივანი მედიასთან კონტაქტს ერიდება. შესაბამისად, კითხვები, რომელიც ამ შემთხვევის გამო, შორენა თეთრუაშვილთან არსებობს და რომელზე პასუხებიც ძალიან საინტერესო იქნებოდა, პასუხგაუცემელ კითხვებად რჩება.