იბრძოდნენ თუ არა ფრონტის ხაზზე სამყურაშვილის, კირკიტაძის და ცისკარიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები?

იბრძოდნენ თუ არა ფრონტის ხაზზე სამყურაშვილის, კირკიტაძის და ცისკარიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები?

(იბეჭდება შემოკლებით)

ბესო ჯუღელი:

ბატონო ბესო, თქვენი ახლობელი თუ არის ფრონტის ხაზზე?

- ჩემი არავინ არის ფრონტის ხაზზე, აბსოლუტურად. არ არის იმ ასაკში. ერთი ქალიშვილი მყავს, ერთი - ბიჭი.

17-18 წლის ბიჭები წავიდნენ, რომ იცოდეთ. თქვენი ნათესავიც არ არის სათანადო ასაკის?

- შეიძლება ვიღაც იყოს, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია.

რატი სამყურაშვილი:

თქვენი ახლობლებიდან ვინ არის ფრონტის ხაზზე?

- ჩემი ორი ბიძაშვილია რეზერვში, ორი დეიდაშვილი, რომელთა ასავალ-დასავალი არ ვიცი, ვერ ვუკავშირდები.

ლევან რამიშვილი:

სად ხართ, ფრონტის ხაზზე?

- არა, მე თბილისში ვარ.

თქვენი ოჯახის სხვა რომელიმე წევრი ან ნათესავი თუ არის ფრონტის ხაზზე?

- ჩემი ერთი ნათესავი არის რეზერვისტთა შორის, ახლა არ ვიცი, სადაა, ჭირს კონტაქტი.

თავად რატომ არ წახვედით ფრონტის ხაზზე?

- ჩვენ რაღაც სხვა... რა ვიცი, უბრალოდ, როგორც იქნება საჭირო, ისე მოვიქცევით.

ერთკვირიანმა ომმა ვერ დაგარწმუნათ ბრძოლაში ჩაბმა?

- ამის შესახებ... შესაბამისმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

პირადი ინიციატივაც არ არის ურიგო, არა? როცა ქვეყანას უჭირს.

- შეიძლება, ვნახოთ...

პეტრე ცისკარიშვილი:

პეტრე, სად ბრძანდებით?

- მე გორში ვარ უკვე სამი დღეა. ორი დღის წინათ ცხინვალშიც გახლდით. მაშინ, როცა ჩვენ მყარად გვქონდა იქ პოზიციები გამაგრებული, ნიქოზის მხრიდან შევედით ცხინვალში. ჩვენი ლაჩარი მტერი გაქცეული იყო და იმ წუთებში მხოლოდ ჰაერიდან გვბომბავდნენ.

თქვენი ახლობლები, ნათესავები ვინ არიან კიდევ ომში?

- ჩემი ახლობლები არიან ის ადამიანები, ვინც ჯარებს ხელმძღვანელობენ. უშუალოდ თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი...

ეს გასაგებია, ნათესავებზე გეკითხებით.

- ნათესავებიდან მყავს ისეთები, რომლებიც ჯარში არიან და რეზერვისტებად არიან.

დავით კირკიტაძე:

თქვენ ახლა სად ხართ?

- ახლა ვარ კასპის რაიონში, მივდივარ გორისკენ.

თქვენი ნათესავებიდან ვინმე რეზერვში თუ არის ან ფრონტის ხაზზე?

- ჩემი ძმა არის რეზერვისტთა ერთ-ერთი ბატალიონის წევრი, როგორც ყველგან, იქ, სადაც ისაა, საომარი მდგომარეობაა... რა გაინტერესებთ, აბა, იქ საცეკვაოდ ხომ არ წავიდოდა?...

რატომ მეჩხუბებით?

- თქვენი ოჯახის წევრი თუ არის ვინმე ან თქვენი რედაქტორის ოჯახის წევრი?

მე ორი შვილი მყავს, მარიამი ხუთი წლისაა, გიორგი - ოთხის, რომელი გავუშვა? ეს ერთი და ჩემი ახლობელი ორი დღის წინათ ჩამოასვენეს, 28 წლის ბიჭი, სამი შვილის მამა, 7 ახლობელი დღემდე ფრონტის წინა ხაზზეა, ოჯახში კი ასაკოვანი მამა მყავს.

- მე იქა ვარ (გორში, ალბათ... როგორც ჩანს, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობდით, უკვე ჩავიდა) და თუ გინდათ, გადავცემ თქვენს ახლობლებს რამეს.

გმადლობთ, ბატონო დავით, მაგრამ სასაცილოს ვერაფერს ვხედავ, ნახვამდის...

ჯონდი ბაღათურია:

თქვენი ახლობელი ვინმე თუ არის ფრონტის ხაზზე?

- კი, არიან ნათესავებიც, მეგობრებიც. მინდა გითხრათ, რომ რეზერვისტები არ ღებულობენ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას, ეს ძალიან კარგი გააკეთა ხელისუფლებამ. მე პარლამენტის სხდომაზე, კერძო საუბარშიც პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს ვთხოვე, არ გაეწვიათ ახალწვეულები და რეზერვისტები. მივიღე ძალიან კარგი პასუხი, რომ ისინი ამას არც აპირებენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ეს ომი ჩემი თაობის დროს დაიწყო, მე ამ ომის მონაწილე და ვეტერანი ვარ.

ახლაც ფრონტის ხაზზე ხართ?

- არა, ახლა არ ვარ ომში... მიმაჩნია, რომ თუ საომარია, ეს ომი უნდა დავასრულოთ ჩვენ.

მაშინ, რატომ არ ხართ ფრონტის ხაზზე? კირკიტაძე, თურმე იქაა, ცისკარიშვილიც...

- ასე გორში ჩასვლა და ზურგში დახმარება სხვა საქმეა, მაგრამ დღეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ რეგულარული ჯარის ნაწილები და პროფესიონალები, ანუ „კონტრაქტნიკები“. არც ერთი მოხალისე იქ არ არის. რეზერვისტები არიან, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ ღებულობენ. ისინი ეხმარებიან ზურგს. ასევე ჩვენ ყველა, პარლამენტარები ჩართულნი ვართ ზურგის უზრუნველყოფაში. რომც მოინდომო, ახლა მოხალისეებს და რეზერვისტებს არ ეძლევათ საშუალება, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღონ.

დავიბენი, კირკიტაძემ მითხრა, ჩემი რეზერვისტი ნათესავი ფრონტის გულშიაო?

- რეზერვისტები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ ღებულობენ... რეზერვისტებმა, შესაძლოა, იმიტომ დატოვეს იქაურობა, რომ, სამწუხაროდ, ქართულმა ჯარმა უკვე დატოვა კონფლიქტის ზონა.