ვინ არიან

ვინ არიან "გოგლი-მოგლიზე გაზრდილი პატარა ბიჭები", რომლებმაც ივანიშვილის გუგულის ბუდეს გადაუფრინეს?!

იყო დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსებთან თათბირობდა უახლესი ქართული პოლიტიკის საჭირბოროტო საკითხებზე. დღეს ოლიგარქი "პოლიტიკურად პატარებთან და გოგოლი-მოგლიზე გაზრდილ პატარა ბიჭებთან" თათბირობს და ქვეყანას მათთან ერთად მართავს. "ბიჭებთან", რომლებიც ეკა ბესელიას თქმით, "ჩვენ რომ ნაციონალურ მოძრაობას   "ვებრძოდით და ტყვიის ზუზუნში ვიდექით, ჭუჭრუტანიდან იყურებოდნენ, გავუძლებდით და გადავრჩებოდით თუ არა".

ამ "გოგლი-მოგლიზე გაზრდილმა ბიჭები" მოახერხეს და პარლამენტის მართვის სადავეები ხელში ჩაიდგეს. მოახერხეს და "ძველი ოცნებელები" კუთხეში "მიდგეს", ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს პარტიის და უმრავლესობის დატოვება აიძულეს, ხოლო დანარჩენებს - დუმილი და მორჩილება. ამ "გოგლი მოგლიზე გაზრდილმა პოლიტიკურად პატარა ბიჭებმა", მოახერხეს და ბიძინა ივანიშვილის გუგულის ბუდეს გადაუფრინეს და იქ ყველაფერი თავდაყირა დააყენეს!!!! ირაკლი კობახიძის გუნდი ახლა გამარჯვებას ზეიმობს, შესაძლოა ხანმოკლე გამარჯვებას, მაგრამ მაინც.

"2020NEWS" დაინტერესდა, ვინ არიან ეს "გოგლი-მოგლიზე გაზრდილი ბიჭები, ანუ კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის გუნდის წევრები, რომლებიც თავის მხრივ, კახა კალაძის გუნდის წევრებად მოაზრებიან. დაინტერესდა და მათ ბიოგრაფიას გადახედა. როგორც მათი წარსულიდან  ირკვევა, ეკა ბესელია მართალია, როცა მთელი საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიან რეჟიმს ებრძოდა, ისინი ამ ბრძოლაში არავის შეუნიშნავს და საკანონმდებლო ორგანოში მოვიდნენ არსაიდან. "გოგლი-მოგლიზე გაზრდილი პოლიტიკურად პატარების და პოლიტიკურად უბიოგრაფიოების" ანატომია ასე გამოიყურება:

ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ის 40 წლის არის. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში, მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის ხარისხი. 2006 წელს მან დიუსელდორფის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოლიტიკური პარტიების სამართლის თემაზე და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2000-2014 წლებში ირაკლი კობახიძე პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. 2005 წლიდან დაკავებული იყო პედაგოგიური  საქმიანობით და ეკავა სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა. 2016 წელს მან მიიღო ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობა - გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პოლიტიკური ბიოგრაფიის გარეშე.

მამუკა მდინარაძე -  ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ისიც 40 წლისაა. მან 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 2014 წელს დაამთავრა სტუ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტურა. 2015 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1999-2006 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურში, გამომძიებლად; 2005 წლიდან იყო სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ადვოკატი; 2007-2014 წლებში შპს "თბილისის იურიდიული ცენტრის" მმართველი პარტნიორი, ადვოკატი; 2009-2014 წლებში (ა)აიპ "სამართლის მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელი; 2014 წლიდან იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატთა ალიანსის" თავმჯდომარე; 2014 წელს იურიდიული კომპანია "ლიგალ კონსალტინგ გრუპის“ ადვოკატი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი; 2014 წლიდან (ა)აიპ "საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის" გამგეობის წევრი; 2015 წლიდან საადვოკატო კომპანია "მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატების" დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. პოლიტიკური ბიოგრაფია არც მდინარაძეს აქვს.

ვანო ზარდიაშვილი - ის 36 წლის არის. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა. 2004 წელს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანაშემწე; 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველად; 2007 წელს იყო თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი; 2007-2010 წლებში თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო; 2010-2012 წლებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი; 2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2013 წელს იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 2013-2016 წლებში კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე. 2016-2018 წლებში იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ბესელიას გადადგომამდე. ვანო ზარდიაშვილი მდიდარი ნაციონალური წარსულის მქონე დეპუტატია. როგორც ოპონენტები იტყოდნენ, "გაქოცებული ნაცია".

ანრი ოხანაშვილი - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ის 33 წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2008 წელს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით; 2010 წელს სწავლობდა ქ. იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში სისხლის სამართლის მიმართულებით, Magister Legum (LL.M.); 2012 წლიდან იყო დოქტორანტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით. 2007 წლიდან 2016 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2015-2017 წლებში (Schriftleiter), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული "ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის" (DGStZ) მთავარი რედაქტორი იყო; 2016-2017 წლებში კი - საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.

დავით მათიკაშვილი - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ის 40 წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000-2016 წლებში მუშაობდა "ბანკ ქართუში“ სხვადასხვა თანამდებობებზე. მის ბიოგრაფიაში სხვა აღსანიშნავი პოზიცია არ მოიძებნება. "ქართუდან" პირდაპირ პარლამენტში  მოხვდა.

სოფიო კილაძე - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. იგი 34 წლისაა. 2003-2011 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2008-2011 წლებში მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე; ამ პერიოდში ერთი წელი იმუშავა იმავე ქალაქის საადვოკატო ბიუროში Bau, Becky & Collegen; 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა; ასევე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს  უფროსი; 2014 წლიდან იყო შსს აკადემიის პრორექტორი. 2015 წლიდან "საზოგადოება 2030"-ის წევრი და ანალიტიკოსი იყო. 2011 წლიდან 2014 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. პოლიტიკური ბიოგრაფია არც ამ “პირველ უფლებადამცველს" აქვს.

ნინო წილოსანი - ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანია. იგი 37  წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 2002 წელს; 2007 წელს გაიარა აუდიტის სასწავლო კურსი; 2003-2007 წლებში იყო ს/ს ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში, საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი; 2008-2011 წლებში იყო "ვაგონმშენებელი კომპანიის" საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი; 2011 წლიდან კი მუშაობდა შპს "ვაგონშემკეთებელი კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ნინო წილოსანი ერთ-ერთია იმ 37 მილიონერ დეპუტატს შორის, რომელთა ქონებაც რამდენიმე მილიონს შეადგენს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ წილოსანი სკანდალური ბიზნესმენის, ბადრი წილოსანის ასულია.

2016 წლიდან არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანი, მანამდე კი პოლიტიკური გამოცდილება არც მას ჰქონია.

თამარ ხულორდავა - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. იგი 39 წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; 2004 წელს ასპირანტურა/დოქტორანტურა; ჰერტის მმართველობის სკოლა, "სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი გარდაქმნისთვის" (ბერლინი, გერმანია) 2012 წელს; ლუნდის უნივერსიტეტი შვედეთი), გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირება და მენეჯმენტი 2014 წელს. 2002-2003 წლებში იყო უშიშროების საბჭოსთან არსებული სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათშორისი კომისიის კოორდინატორი, სამდივნოს უფროსი; 2003-2004 წლებში იყო სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი. 2004-2005 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში, კანონის უზენაესობის და სისხლის სამართლის პროგრამაზე, იურისტად; 2006-2010 წლებში იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციაში ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებში, სამართლებრივ მართლწერასა და პროფესიული ეთიკის საკითხებში; ასევე აქვს პედაგოგიური სამუშაო გამოცდილება. 2015 წლიდან იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. 2016 წლიდან არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. მანამდე პოლიტიკური გამოცდილება არც მას ჰქონია.

რატი იონათამიშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. იგი 39 წლისაა. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში იყო გამომცემლობა "სანოს" ლიტმუშაკი; 2004 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2008-2011 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროექტის პიარ-მენეჯერი; 2010-2016 წლებში და 2005-2014 წლებში იყო კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" პოლიტიკური პროექტების დირექტორი; 2014-2015 წლებში იყო თბილისის მერის მრჩეველი, შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი; 2015-2016 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2016 წლიდან არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მანამდე პოლიტიკური ბიოგრაფია არც მას ჰქონია.

ირაკლი მეზურნიშვილი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. იგი 33 წლისაა. 2007 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი ("მგიმო"). "მგიმოში“ სწავლის პერიოდში დააარსა "დამოუკიდებელი ქართული კლუბი", რომელშიც ქართველი სტუდენტები გაწევრიანდნენ; 2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ კვლევით-ანალიტიკურ ცენტრში, საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; პარალელურად, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში; 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის თემაზე; მისი პოლიტიკური ბიოგრაფიაც 2016 წლიდან იწყება.

გურამ მაჭარაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იგი  47 წლისაა. 1996 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. 2001-2014 წლებში მუშაობდა "ბანკ ქართუში“ სხვდასხვა თანამდებობებზე. 2014-2016 წლებში იყო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე. სხვა აღსანიშნავი პოზიცია არც  მის ბიოგრაფიაში მოიძებნება.

კახა კუჭავა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის თავმჯდომარე. ის 39 წლის არის. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2002 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა ნოტინგემის სამართლის სკოლაში საკორპორაციო სამართლის მაგისტრის ხარისხის დასაცავად, რომელიც დაასრულა 2003 წლის ნოემბერში და მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიულ მრჩევლად. 2001-2004 წლებში იყო იურიდიული ფირმის "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ უფროსი იურისტი. 2005 წელს იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი და ასევე 2005 წელს იყო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2007-2010 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო საკორპორაციო სამართლის ექსპერტად. 2011-2015 წლებში იყო საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის "საერთაშორისო სავაჭრო პალატა“ დირექტორთა საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო სს "კავკასიის მინერალების“ გენერალური დირექტორი. 2015-2016 წლებში სამთო-გეოლოგიური კომპანიის "Georgian Copperand Gold“ გენერალური დირექტორი.  2016 წლამდე პოლიტიკური სამუშაო გამოცდილება არც მას ჰქონია.

გიორგი ხატიძე - ის 40 წლის არის. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართალის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში; 2013 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი - პენინსულას უნივერსიტეტში. 2004 – 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში; 2005 წლიდან იყო იურისტი კერძო კომპანიებში;  ასევე 2010 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი პოლიტიკური კარიერაც 2016 წელს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო.

სოფიო ქაცარავა - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. იგი 42 წლისაა. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1999 წელს. 1997-2004 წელს იყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერი; 2005-2016 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტების მენეჯერი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, პოლიტიკური მდივანი; 2016 წლიდან ჯერ იყო "ქართული ოცნების" საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მრჩეველი, შემდეგ კი გახდა ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი. პოლიტიკური ბიოგრაფია არც მას ჰქონია.

ივლიანი წულაია -  იგი 36 წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს. 2004-2005 წლებში იყო  იურიდიული კომპანია "გაბისონია, დიტრიხი&პარტნიორების“ ადვოკატი; 2005-2006 წლებში იყო იურიდიული კომპანია "დიგესტას", მმართველი პარტნიორი; 2006 წელს დააარსა დეველოპერული კომპანია "არქი ჯგუფი", და არის მისი აღმასრულებელი დირექტორი; 2014 წელს კი დააარსა კომპანია "იტონგ კავკასუსი“. პოლიტიკური კარიერა არც მას ჰქონია 2016 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ივლიანე წულაია დედაქალაქის მერთან, კახ აკალაზესთან დაახლოებული პირია და სწორედ მისი რეკომენდაციით მოხვდა საქართველოს პარლამენტში.

ე.წ. ახლების გუნდს მიეკუთვნებიან უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. თუმცა, როგორც საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, თალაკვაძე და ჩუგოშვილი დამოუკიდებელ თამაშსაც თამაშობენ.

არჩილ თალაკვაძე - 35 წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი 2006 წელს და  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 2010 წელს. 2006-2007 წლებში იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის კოორდინატორი; 2007 წელს იყო ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; 2008-2009 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი; 2009-2011 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწე მენეჯმენტის საკითხებში; 2011-2012 წლებში იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, დირექტორის მოადგილე; 2012-2014 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; 2014-2016 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2016 წლამდე პოლიტიკური ბიოგრაფია არც მას ჰქონია.

თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იგი 34 წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2005-2006 წლებში გაიარა კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ერთწლიანი დაუსწრებელი სწავლების კურსი ადამიანური რესურსების მართვაში. 2004 წელს დააარსა არასამთავრობო  ორგანიზაცია "სამოქალაქო ინტერესების დაცვის ახალგაზრდული კავშირი"; 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია), ჯერ იურისტის ასისტენტის, ხოლო შემდეგ-იურისტის თანამდებობაზე. 2009 წლიდან იყო საია-ს საპარლამენტო მდივანი, ხოლო 2010-2012წლებში ამ ორგანიზაციის  თავმჯდომარე. 2013 წლის თებერვლიდან თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი.  2015-2016 წლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (PROLoG) კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელი; 2016 წლიდან პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. პოლიტიკური ბიოგრაფია არც ჩუგოშვილს აქვს.

და კიდევ ერთი - ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე. იგი 44 წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1998 წელს; თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით 2002 წელს. 2003 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში,2005 წელს კი მუშაობდა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში.  2004 წელს იყო ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" დირექტორი; ბოლო 12 წლის განმავლობაში ნავთობის ეროვნულ კომპანია "საქნავთობში" სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა; მუშაობდა საქართველოს გადამხდელთა კავშირში (ბიზნესმენთა ფედერაცია) ჯერ აღმასრულებელ დირექტორად, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილედ; 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატების უფროსი; 2005-2009 წლებში იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, შპს "იორის ველის ნავთობი და გაზის" გენერალური დირექტორი; 2010 წლიდან მუშაობდა კომპანია Jindal Petroleum Operating Company LLC-ის  გენერალურ დირექტორად. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია.

ბექა ოდიშარიას ე.წ. ახლების გუნდთან იმდენად ღირებულებითი თანხვედრა არ აკავშირებს, რამდენადაც დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან სიახლოვე. როგორც ამბობენ, ოდიშარიაც კახა კალაძის ლობირებით მოხვდა პარლამენტში.

აკლია თუ არა ამ ჩამონათვალს ვინმე, ძნელი სათქმელია, რადგან დეპუტატების უმეტესობა საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას ერიდება.  თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის ჯგუფი ისე გაძლიერდება, რომ პოზიციებს საგრძნობლად გაიმყარებს, ღიად მათი მხარდამჭერი დეპუტატი ბევრი გამოჩნდება. მითუმეტეს, წინ 2020 წელია - ახალი პოლიტიკური ეპოქის დაწყების თარიღი და ამ თარიღზე საკუთარი ბიოგრაფიის მიბმა და პრივილეგირებული მდგომარეობის გახანგრძლივება ბევრს მოუნდება.