მაწანწალა მათხოვრები – მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა ემიგრანტების გატყავებას აპირებენ

მაწანწალა მათხოვრები – მიხეილ სააკაშვილი და გიორგი სიგუა ემიგრანტების გატყავებას აპირებენ

რა ეტაპზეა „კაზანტიპის“ ნარკოსკანდალში გახვეული ორგანიზატორის წინააღმდეგ დაწყებული გამოიძიება და იგეგმება თუ არა ახალი ბანკით შავი ფულის გათეთრება

„სააკაშვილმა და სიგუამ ახალი აფერა წამოიწყეს _ ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ. ორმაგად იხეირებენ, იმ გაბრიყვებულებსაც გაღლიტავენ და, რაც მთავარია, სააკაშვილის ნაქურდალ და ნაყაჩაღარ ფულსაც გაათეთრებენ! ეს აფერისტები! საზღვარგარეთ დროებით მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მძიმე შრომით არჩენენ ოჯახებს და, იმედია, ამ აფერისტების ანკესზე არ წამოეგებიან“, _ ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სიგუა–სააკაშვილის ახალ ინიციატივას. დიახ, ჩაფლავებული ,,კაზანტიპისა” და ნარკოსკანდალში გახვეული GEM FEST-ის ,,სულისჩამდგმელი” გიორგი სიგუა, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სააკაშვილის მხარდასაჭერად, ქართველი ემიგრანტების გატყავებას აპირებს. ჰო, ეს ის გიორგი სიგუაა, რომელიც წლების წინ, ქართველ ემიგრანტებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ აქციებს აწყობდა…

ორიოდე წლის წინ, გიორგი სიგუამ საქართველოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST-ი ჩაატარა. ერთთვიანი ფესტივალი ისეთი დარღვევებით მიმდინარეობდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით აღიძრა, რაც ქონების მესაკუთრის, ან მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივ დაზიანებას გულისხმობს მოტყუებით.

ზუსტად ორი წლის წინ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორი, შპს ,,არტ პლატფორმის” დირექტორი, გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაიბარეს და 8 საათი კითხავდნენ. მეტიც, გამოძიების პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შპს ,,არტ პლატფორმა” შეამოწმა და შესაბამისად, ფინანსური დოკუმენტაციაც დეტალურად შეისწავლა.

,,ვერსია” დაინტერესდა, ამჟამად რა ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2017 წელს, ,,არტ პლატფორმას”, კონკრეტულად კი, გიორგი სიგუას წინააღმდეგ აღიძრა _ მიიღო თუ არა სამართალდამცავმა უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება? _ ამ კითხვით, ,,ვერსიამ” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც გვიპასუხეს:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ელექტრონული მუსიკის ფესტივალის _ GEM FEST-ის ფარგლებში, შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შპს ,,არტ პლატფორმას“ საგადასახადო შემოწმება ჩატარდა. შემოწმების შედეგად, გამოვლინდა სხვადასხვა სახის საგადასახადო სამართალდარღვევა, რის გამოც ამ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 678 514 ლარის ოდენობის თანხა დაერიცხა. თუმცა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურსა და ფინანთა სამინისტროში გაასაჩივრა. შპს ,,არტ პლატფორმას” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ ამჟამად, ეს კომპანია დავას სასამართლოში აგრძელებს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის _ GEM FEST-ის საქმეზე, ახლაც გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ,,ვერსიას” ასევე, განუმარტეს, რომ ამ საქმეზე ძალიან ბევრი პირია დასაკითხი და რაც მთავარია, კომპანია დავას სასამართლოში აგრძელებს. ესაა მიზეზი, რის გამოც შპს ,,არტ პლატფორმას” წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დროში იწელება.

გიორგი სიგუას მიერ ორგანიზებული სკანდალური ფესტივალის შესახებ ,,ვერსიაში” დეტალურად ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ზუსტად ამ ფესტივალის დასრულებისთანავე ვწერდით. საერთოდ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ანუ იმდენად მასშტაბური თაღლითობის ნიშნები იკვეთებოდა, რომ მაშინ ამ თემას სრულიად ქართული მედია გამოეხმაურა. მოკლედ, საქართველოში ყველამ კარგად იცის, ვინ არის და რას წარმოადგენს გიორგი სიგუა, მაგრამ შესაძლოა, არ იციან, ან აღარ ახსოვთ ემიგრანტებს. ამიტომ ორი წლის წინანდელ სკანდალურ ამბავს, სწორედ ,,ვერსიაში” გამოქვეყნებული სტატიის მოკლე შინაარსით შევახსენებთ, რათა არ დაიბნენ, არ მოტყუვდნენ და სიმწრით ნაგროვები ორიოდე თეთრი ქარს არ გაატანონ.

,,ვერსიაში” ვწერდით, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ანაკლია-განმუხურში 2017 წლის 14 ივლისს დაიწყო, ზუსტად ერთ თვეში, 14 აგვისტოს, დასკვნითი კონცერტით უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონცერტის ნაცვლად, ფესტივალი იმ მეწარმეების საპროტესტო აქციით დასრულდა, რომლებმაც ფესტივალის ტერიტორიაზე საგანგებოდ ამ მიზნით მოწყობილი კაფეები და კვების ობიექტები ჯერ კიდევ მის დასრულებამდე დახურეს. ფინანსურ ზარალს არც ,,არტ პლატფორმას” დირექტორი, გიორგი სიგუა უარყოფდა, რომელმაც ამ ფესტივალს კომერციულად წამგებიანი პროექტი უწოდა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მთავარი სკანდალი მხოლოდ მეწარმეების საპროტესტო აქცია არ ყოფილა, ის გაცილებით მძიმე თემით დაიწყო, რადგან 4 აგვისტოს, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელსაც სისხლში გაურკვეველი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. მეტიც, ზუგდიდის საავადმყოფოში, დაახლოებით, 15-მდე მოწამლული ახალგაზრდა მოხვდა _ მათ ფესტივალის ტერიტორიაზე გაურკვეველი ნარკოტიკული საშუალებები გამოიყენეს.

ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: 2017 წლის 7 აგვისტოს, სამართალდამცავებმა განმუხურში სპეცოპერაცია დაგეგმეს და ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს, მათ შორის, ერთ-ერთი ირანის მოქალაქე იყო. სამართალდამცავებმა ანაკლიასა და განმუხურში, სპეცოპერაციების სერია 8 და 9 აგვისტოსაც გააგრძელეს და ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს…

ანაკლია-განმუხურის ნარკოსკანდალი ფინანსური დარღვევების თემით გაგრძელდა. სპეცოპერაციების კვალდაკვალ, ჯერ კიდევ ფესტივალის მსვლელობის დროს, ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა კაფეები და კვების ობიექტები. მეწარმეები ფინანსურ ზარალსა და ორგანიზატორების მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე აკეთებდნენ აქცენტს. ყველაფერი ეს 14 აგვისტოს, მათივე საპროტესტო აქციით დასრულდა, რომელიც ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ნაცვლად გაიმართა. მოკლედ, ერთთვიანი ფესტივალი, რომელიც მსოფლიოში პირველად საქართველოში ჩატარდა და რომელსაც უცხოელი ტურისტები უნდა მოეზიდა, ჩაიშალა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კი, სავარაუდო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო…

,,ვერსიაში” იმასაც ვწერდით, რომ ფესტივალების ისტორიაში, როგორც წესი, ყველაზე ხანგრძლივად კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და როკ-ფესტივალები ითვლება, თუმცა მთავარი ფესტივალის ხანგრძლივობა კი არა, მისი სწორად დაგეგმვაა. შესაბამისად, თუ ორგანიზატორს ერთთვიანი ფესტივალის ჩატარება სურს, ლოკაციებიცა და მუსიკოს-შემსრულებლებიც იმის მიხედვით უნდა შეარჩიოს, თუ რომელი ადგილია კომერციულად ყველაზე მომგებიანი და ვის კონცერტზე მივა მეტი ადამიანი, უცხოელი ტურისტების ჩათვლით. ერთთვიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი კი აქამდე მსოფლიოს ერთ ქვეყანაშიც არ ჩატარებულა და რადგან ამ მხრივ, საქართველო პირველი უნდა ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, ამ საქმის გამოცდილ პროფესიონალებს დაეგეგმათ და არა _ გიორგი სიგუას, რომელმაც წლების წინ, სწორედ ანაკლიაში, ,,კაზანტიპიც” ჩააფლავა.

2013-2014 წლებში, გიორგი სიგუა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ დაიგეგმა ანაკლიაში ,,კაზანტიპის” გამართვა, რამაც ასევე სკანდალურად ჩაიარა. საზოგადოების ნაწილი იმის გამო აღშფოთდა, რომ ეს ფესტივალი ,,ქართულ ნორმაში არ ჯდებოდა”, ამ ფრაზის ავტორს კი სიგუამ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას სექსი პლაჟზე. ამ ფაქტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უმსგავსო საქციელი უწოდა. მეტიც, კვირიკაშვილმა მოქალაქეს ბოდიში მოუხადა, ხოლო გიორგი სიგუას თანამდებობა დაატოვებინა.

სხვათა შორის, ,,კაზანტიპი” 2014 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა, მაგრამ 2016 წელს, სიგუამ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST-ი დაგეგმა, რომელიც ანაკლია-განმუხურში ერთ კვირას გაგრძელდა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის #1135 დადგენილებით, რომელსაც ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აწერდა, ფესტივალის ორგანიზებისთვის 420 000 ევროს ეკვივალენტი ლარში გამოყვეს.

2016 წელს, წარმატებით ჩატარებული ფესტივალის შემდეგ, სიგუამ გადაწყვიტა, რომ მომდევნო წელს, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ერთთვიანი ყოფილიყო. სტრატეგიულად, მართლაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ აფხაზეთიდან ერთ ნაბიჯში, ანაკლია-განმუხურში, ერთი თვის განმავლობაში ფესტივალი გამართულიყო, მაგრამ… 2017 წელს, მთავრობის დადგენილებით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის 1 900 000 ლარი გამოყვეს. თანხა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო და ,,არტ პლატფორმას” გადაურიცხა, რადგან სიგუამ, ამ ფესტივალის ჩატარება, სწორედ ,,ჩეკ ინ ჯორჯიას” ფარგლებში გადაწყვიტა…

2017 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მონაცემებით, ,,ჩეკ ინ ჯორჯიასთვის” განსაზღვრული 20 მილიონიდან, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 13 236 700 ლარი გამოყო. აქედან, შპს ,,ბლექ სი არენა ჯორჯიას” _ 12 მილიონი ლარი, ხოლო GEM FEST-ის ორგანიზებისთვის, გიორგი სიგუას _ 4 010 000 ლარი გადაურიცხეს.