„ცენტრ პოინტს“, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა. დაზარალებულებს იმედი კიდევ ერთხელ გადაეწურათ. რა იქნება მომავალში ამაზე მხოლოდ ბუნდოვანი ფრაზები ისმის. რეალურად კი ვითარება ისევ ჩიხში შევიდა.
თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „ცენტრ პოინტის“ სამშენებლო ობიექტებს „M2“ აღარ გადაიბარებს.
„საბოლოო ჯამში, იმ პირობებზე, რაც დაზარალებულების ინტერესში შედიოდა, შეთანხმება ვერ მოხერხდა. ვერ დაითანხმეს „M2“ და შეიძლება პირიქითაც იყო.
მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება ამ პროცესში, სანამ გარკვეული ნორმალური, კარგი და საღი სცენარი არ დაიდება და არ მოხდება პროცესის დაძვრა მკვდარი წერტილიდან. პროცესს გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე არ მოხდება გარკვეულ მოდელზე შეთანხმება. რაც შეეხება პირობებს, რამდენიმე ნიუანსი იყო, ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ ჩაშლილა მოლაპარაკება, თორემ მემახსოვრებოდა. რამდენიმე საკითხი იყო, რომელმაც ეს პროცესი ჩიხში შეიყვანა“, - აცხადებს ხმალაძე.
როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ გაჩენილი იმედი საბოლოოდ განადგურდა. ჯერ კიდევ მაშინ დედაქალაქის მერი აღნიშნავდა, რომ დაზარალებული მეანაბრეების პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებდნენ.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებთან. მოვისმინეთ მათი პრობლემები. ვტრიალებთ დეტალურად იმ საკითხის ირგვლივ, რომ მოგვარდეს ამ ადამიანების პრობელმა იმიტომ, რომ ათეულობით წლებია ელოდებიან საკუთარ ბინებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ხელი შევუწყოთ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პრობლემის მოგვარება ახლა უკვე ინვესტორის გარეშე უნდა მოხერხდეს. როგორც ჩანს, ვერ ხერხდება ისეთი კომპანიის პოვნა, რომელიც ამხელა ვალდებულებას იტვირთებს. ამასვე ადასტურებს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი, რომლის განცხადებითაც კომპანია დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად კერძო დეველოპერებს აღარ ეძებს და მოლაპარაკებებს უშუალოდ სახელმწიფოსთან აწარმოებს.
„მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან არ მიმდინარეობს, განსხვავებული სცენარით მივდივართ. კომპანიები ჩართული არ არიან. ჩვენსა და „M2“-ს შორის ყველაფერი დალაგებული იყო, ყველა პირობაზე შეთანხმებული ვიყავით, უბრალოდ, „M2“-ს ჰქონდა რამდენიმე წინაპირობა წამოყენებული, რომელიც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა. იქიდან სახელმწიფომ ყველა შეასრულა ორის გარდა. ერთი ეხება ფინანსურ ინიციატივებს საგადასახადო კუთხით. მეორე, ნინოშვილის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას. ამ ორ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ჩაიშალა ეს სცენარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სცენარები არ გვიდევს მაგიდაზე. უკვე ბოლოში ვართ გასული მოლაპარაკებებზე. ალბათ, მარტის დასაწყისში ამას საჯაროს გავხდით“, - აღნიშნა „აიპიენთან“ რჩეულიშვილმა.
როგორც „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა განმარტა, მოლაპარაკებებში აქტივების რამდენიმე მყიდველიც ჩართო.
„ყველა ვალდებულებას იხდის „ცენტრ პოინტი“. არც „M2“-ის შემთხვევაში, არც სხვა შემთხვევაში ფულს არავინ იხდის. ეს ფული ჩვენ გვაქვს აქტივების სახით, რომელიც დაყადაღებულია. ჩვენ ვეუბნებით, ეს აქტივები იყიდეთო. მხოლოდ ჩვენი აქტივების რეალიზაციაში გვეხმარებიან, დანარჩენი კომპანიას აქვს იმდენი აქტივები, რომ ჩვენს ვალდებულებებს აბსოლუტურად ჰყოფნის, როგორც ამას ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიძახდით. ასევე მოლაპარაკებებში ჩავრთე ამ აქტივების რადენიმე მყიდველი, რომელი ფულიც დაზარალებულებს მოხმარდება. ახალი დევოლოპერული კომპანია არ შემოგვყავს.
საპროცესო მხოლოდ იმ შემთხვევაში გაფორმდება, როცა დაზარალებულების მიმართ არსებული ვალდებულება დაკონტრაქტებული იქნება. რეალურად, სახელმწიფოს მხრიდან რა სისწრაფით მოხდება ამის დამთავრება, ამაზეა დამოკიდებული. ჩემი საქმე შესრულებული მაქვს, ველოდებით სახელმწიფოს“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.