პარკირებასთან დაკავშირებით დედაქალქის მძღოლებს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხდვა სიახლე ელით. პირველი და მთავარი ისაა, რომ წესდება საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, შემდეგ, ალბათ, მთელ ქალაქში. საკუთარ სახლებთან ახლოს კი უძრავი ქონების მეპატრონეს მხოლოდ 2 მანქანის უფასოდ გაჩერების შესაძლებლობა ექნება.
მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე, ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით.
გადასახადი არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს. რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილები. გადასახადი ასევე არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს.
დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე ივლისიდან დაწესდება. საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.
საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის კი მეპატრონემ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი უნდა მიუთითოს. უძრავი ქონების მფლობელის უფლება ექნება სისტემაში ორი სატრანსპორტო საშუალების ნომერი შეიყვანოს და აღნიშნული ავტომობილები საცხოვრებლის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს.
„საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ მანქანის პარკირებას საათობრივი საფასური არ შეეხება. ეს დაკავშირებული არ არის პირის იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართებთან, ასევე, ამა თუ იმ მისამართზე ჩაწერასთან. მთავარია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრემ, ფიზიკურმა პირმა, სისტემაში მიუთითოს ორი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმ უძრავი ქონების მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში მანქანა უფასოდ დააპარკინგოს.
თუ მოქალაქე, მაგალითად, არის რომელიღაც უძრავი ქონების მესაკუთრე, უფლება აქვს, სისტემაში დარეგისტრირდეს, მიუთითოს საკუთარი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სისტემა ამ კოდის გეოგრაფიულ წერტილს დასვამს - გაამწვანებს, ანუ უფასოს გახდის მის ირგვლივ, 100-მეტრიან რადიუსში ყველა ფასიან, მუნიციპალურ საათობრივ პარკინგს და მითითებული, არა უმეტეს ორი სატრანსპორტო საშუალება უფასო პარკირების უფლებით ისარგებლებს“, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აღნიშნულ ბინას გააქირავებს და იქ აღარ იცხოვრებს, შეუძლია, ერთი ავტომანქანა სისტემიდან წაშალოს და მის ნაცვლად, სხვა მიუთითოს.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი მერიის საათობრივი პარკინგის პროექტს აფასებს და აღნიშნავს, რომ პარკინგი უნდა იყოს მომგებიანი ბიზნესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ ინტერესი არ იქნება. დღესდღეობით, მთავრობას არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება უწევს.
„პროექტს სჭირდება გააზრება და დაგეგმვა. ჯერ უნდა დავითვალოთ პარკინგებისა და ავტოსადგომების საჭიროების რაოდენობა, ანუ ერთი კონკრეტული ქალაქის, კეთილმოწყობილი გზების საერთო ფართობი უნდა გავყოთ დარეგისტრირებული ავტოპარკის რაოდენობაზე და შედეგად, მივიღებთ საჭირო რაოდენობას. დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი თბილისში ძალიან დაბალია“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისში პრობლემაა ასევე, არასწორი ურბანული პოლიტიკა, რადგან დედაქალაშია თავმოყრილი ყველაფერი, ისეთი ობიექტებიც კი, რომლებიც შეიძლება სხვაგან გადანაწილდეს, მაგალითად, კაიროს ქუჩაზე ან ავჭალაში, სადაც პარკირების პრობლემა არ არის.
მანვე კერძო საპარკინგე სივრცეების მოწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარკინგე სივრცეებში დღეს სხვადასხვა ბიზნესია განთავსებული.
„ზოგან ხილ-ბოსტნეული ან სასურსათე მაღაზიებია, ვხვდებით ასევე ვულკანიზაციებსაც. ეს არ შეიძლება. აუცილებელია მკაცრი ადმინისტრირების გატარება და სადაც არ არის გაჩერება ნებადართული, იქ არ უნდა გაჩერდეს მანქანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი ჯარიმები უნდა მოქმედებდეს“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ როსტომაშვილმა.