"ხაზარაძისთვის ანაკლიის პორტის სათავეში ყოფნა უფრო მომგებიანია, ვიდრე პოლიტიკაში წასვლა"

"შევარდნაძის დროსაც რეფორმატორების ჯგუფი მცირე იყო, მაგრამ მათ შეძლებს ძალაუფლების შეტრიალება. თუ ხალხის მხარდაჭერა ექნებათ, რატომ არ შეიძლება მათაც ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა?" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ უმრავლესობის სავარაუდო დატოვებას.

"რეზონანსი": როგორც ბესელია აცხადებს, უმრავლესობაში მათი დარჩენა დამოკიდებულია ამ კანონპროექტზე, რომელსაც აშკარაა, რომ უმრავლესობა მხარს არ უჭერს. ამ გაყოფის შემთხვევაში რა პერსპექტივა აქვს თავად ბესლიას ან "ოცნებას"?

რამაზ საყვარელიძე: თუ ბესელიას პერსპექტივიდან დავიწყებთ, ერთ მაგალითს გავიხსენებ, შევარდნაძის დროსაც რეფორმატორების ჯგუფი მცირე იყო, მაგრამ ძალაუფლების შეტრიალება შეძლეს; მართალია, ბევრი მექანიზმი იყო ჩართული, ხალხის მხარადაჭერა და ა.შ. სიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუ ბესელიას და მის თანმოააზრეებს ხალხის მხარდაჭერა ექნებათ, რატომ უნდა გამოირიცხოს, რომ პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეთ. მაშინაც ეს რეფორმატორები შევარდნაძის დამცველები იყვნენ და მერე გახდნენ ოპონენტები. საერთოდ, საზოგადოება უფრო ხშირად მათ მიჰყვება, ვინც ადრე იყო ხელისუფლებაში და მერე გახდა მისი ოპონენტი, ვიდრე ოპოზიციას, თანაც ამ ფიგურებს შეჩვეულები არიან და უფრო უჯერებენ.

რაც შეეხება "ოცნების" პერსპექტივას, ამ გაყოფის შემთხვევაში, თუ ისევ ის ხალხი ამოტივიტივდა, მოსამართლეებს ვგულისხმობ, შეიძლება "ოცნებას" სახის შენარჩუნება გაუჭიდეს. თანაც პარლამენტში პრაქტიკულად უაყოფითი ნაბიჯები იდგმება, რაც აზიანებს "ოცნების" იმიჯს.

"": მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის დატოვების გადაწყვტილება მიიღო, ეჭვი, რომ მან ეს ზეწოლის შედეგად გააკეთა, საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში კვლავ რჩება...

რ.ს: ხაზარაძემ ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც ლონდონის სამეთვალყურეო საბჭომ გააკეთა განცხადება და ხაზარაძე იძულებული იყო წასულიყო ამ მიმართულებით, თუმცა მან ასევე თქვა, რომ მთელ ძალისხმევას მოახმარს ანაკლიის პორტს. ძირითადად, ოპოზიცის მხრიდან ეჭვი იყო, რომ მმართველ გუნდს, გულისხმობდნენ ივანიშვილს, უნდოდა პორტის ხელში ჩაგება და მამუკა ხაზარაძის განრიდება ამ საქმიდან; ხაზარაძის განცხადებით, ეს ეჭვიც მოიხსნა და მისი პერსპექტივა დაკარგული არ ჩანს, პირიქით მისი პერსპექტივა უფრო იზრდება. ჯერჯ-ჯერობით პროცესი მიდის იქითკენ, რომ იყო კანონის გვერდის ავლით დარღვევა და თავად უცხოელმა პარტნიორებმა არ ისურვეს წამგებიანი პროცესის გაგრძელება. თუმცა, როგორც კერძო პირი, ხაზარაძე ჩივილს აგრძელებს. ამ შემთხვევაში გარიგებაც გამოირიცხა, რადგან გარიგება და ბრძოლა ერთად არ ჯდება. რაც შეეხება პოლიტიკაში მისი წასვლის პერსპექტივას, თუ იგი რჩება ანაკლიის პორტის პროექტში ხელმძღვანელ პირად, ანაკლიის პორტის სათავეში ყოფნა მისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე პოლიტიკაში წასვლა. რაში სჭირდება ამ ორი თავსატეხის შეთავსება?!