მას შემდეგ, რაც „ალიაში“ „ზვიადისტების კაგებეს კუთხე“ გამოქვეყნდა, გურამ შარაძესა და ლევან ალექსიძეს შორის შავმა კატამ გაირბინა.
შეგახსენებთ, პარლამენტის სხდომაზე გურამ შარაძემ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ „ინტერნეტის“ ინფორმაციით „კაგებეს“ აგენტებად წოდებულ ლევან ალექსიძეს და გურამ მამულიას, ქვეყნის ორი უმთავრესი საკითხის (აფხაზეთისა და თურქი მესხების დაბრუნების) გადაწყვეტა აქვთ მინდობილი.
- დღეს პროგრამა „ალიონში“ უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა - საერთაშორისო სამართლის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს, ლევან ალექსიძეს, საეთერო დროის 19 წუთი დაუთმეს მაშინ, როცა, ასეთი ინტერვიუ, წესით 10 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, - განაცხადა გუშინ გურამ შარაძემ და დასძინა, რომ მას ამ პროგრამამ ორი დღე - შაბათ-კვირა წაართვა და პასუხის საშუალება მხოლოდ ორშაბათისთვის მისცა:
- „ალიონმა“ ლევან ალექსიძეს დასვენების დღეებში სიამოვნება გაუხანგრძლივა. ორშაბათს მივალ „ალიონში“ და 19 წუთს ვილაპარაკებ.
26 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე გურამ შარაძის გამოსვლას, ლევან ალექსიძე ზერელეს და დილეტანტურს უწოდებს.
- მინდა დავამშვიდო ჩემზე ძლიერი და ღრმა პოლიტიკოსები, რომ თავს არც ძლიერ და არც დიდ პოლიტიკოსად არ ვთვლი. დილეტანტი ყველაფრის (ოღონდ არა ღრმად) მცოდნეს ნიშნავს. მე კი, სხვებივით ყველაფრის მცოდნედ არ ვდებ თავს - განაცხადა გურამ შარაძემ. - მე ხომ ჭორებს არ ვავრცელებ, ლევან ალექსიძის „კაგებეს“ კარტოთეკა მსოფლიო საინფორმაციო ბანკში დევს. და თანაც. მისი ყველა მონაცემი ალექსიძის მონაცემებს ემთხვევა. თუმცა მას „კაგებეში“ არცთუ მაღალი კატეგორია ჰქონია. ალექსიძე 1982 წლიდან რიგით აგენტადაა გაფორმებული. მე ხომ არ ვჭორაობ და არ ვამბობ, ლევან ალექსიძე რუსი ებრაელი იაბლოჩკინია-მეთქი.
შარაძის 26 ნოემბრის გამოსვლას, ლევან ალექსიძემ სააგენტო „ელიზინიუსით“ უპასუხა, სადაც შარაძის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და თან დასძინა, რომ იმ დღეებში იგი ჟენევაში იმყოფებოდა და ეს ბრალდებები გვიან შეიტყო.
გურამ შარაძეს ალექსიძის ფიცი სწამს, მაგრამ ბოლო აკვირვებს და ალიბის წარმოადგენს:
- 27 ნოემბერს იგი თავის ვაჟთან „კაგებეს“ პოლკოვნიკ გიორგი ალექსიძესთან ერთად რეზო ყიფიანის წვეულებაზე გახლდათ, მეც იქ ვიყავი... ამდენი სიცრუისა და ურთიერთგამომრიცხავი ცნობების შემდეგ კი აცხადებს, შარაძე დებატებში გამოვიწვიე და არ გამომყვაო. ლევან ალექსიძე გარდა იმისა, რომ არის მრჩეველი, არის აკადემიკოსიც, მაგრამ ასეთი მეხსიერების შემდეგ, შეუძლებელია, მასთან იკამათო. მე არსად მითქვამს, რომ „ინტერნეტის“ ეს ინფორმაცია დადასტურებულად მიმაჩნია.
გურამ შარაძე თვლის, რომ აფხაზეთის ლტოლვილთა და თურქი მესხების პრობლემა მისი, თუნდაც, როგორც დილეტანტი პოლიტიკოსის მოსაგვარებელია.
- ალექსიძე ჩემზე ამბობს, შარაძე ბათუმსა და თბილისს შორის სიტუაციას ძაბავსო. მე რომ დაძაბვა მდომოდა, ასეთი დაძაბული მდგომარეობის დროს, მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნისას, ქვეყნის ყველა უმაღლესი ხელისუფალის დასწრებას ორგანიზებას გავუკეთებდი? - კითხულობს შარაძე და თავს იმით იმშვიდებს, რომ აჭარა საერთაშორისო საკიხი არ არის, - ალექსიძე რომ საშინაო პოლიტიკის მრჩეველი გახდეს, შეიძლება პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის სიტუაციას მართლა მე ვბაძავ.
რაც შეეხება გურამ მამულიას. შარაძე მას ურჩევს, წეროს და იკითხოს, მაგრამ თურქ-მესხებს თავი დაანებოს.
გურამ შარაძე უშიშროების მინისტრს მიმართავს, თუ ლევან ალექსიძეს და გურამ მამულიას ხმა არა აქვთ ამოსაღები, მაშინ პარლამენტს მინისტრმა გასცეს პასუხი:
- ვითხოვდი და ვითხოვ, ეს ინფორმაცია ან დადასტურებულიყო, ან გასაჩივრებულიყო. ეს ადამიანები ჩირქისგან განთავისუფლებულიყვნენ. წესიერ ქვეყანაში წესით ამაზე ჩემთვის მადლობა უნდა ეთქვათ.