დაახლოებით თვენახევარია რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით თხელი პლასტიკის პარკების გამოყენება აიკრძალა. მიუხედავად ამისა, მისი მოხმარება ისევ გრძელდება. სავაჭრო ობიექტებში ისევ გამოჩნდა სიფრიფანა ცელოფნები, ხოლო ბაზრობებიდან არც არასდროს გამქრალა.
პლასტიკის პარკების ახალი რეგულაციის მიხედვით, იანვრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების გამოყენება აიკრძალა. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, თბილისსა და ბათუმში ორი საწარმო შემოწმდა.
საწარმოებში პარკის სისქის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ორივე შემთხვევაში დარღვევა ნიშანდების წესის შეუსრულებლობა იყო. ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პარკების კონფისკაცია განხორციელდა. ამჟამად კი საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის რაიონულ სასამართლოებში, თუმცა პროცესები ჯერ არ გამართულა. უწყების ცნობით, პარკების მწარმოებლების შემოწმება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ რეალურად თხელი ცელოფნის პარკები ძალიან ბევრგან გამოყენება. ბაზრებსა და ბაზრობებზე ის კვლავინდებურად მოხმარებაშია, მაგრამ ხშირად მას სავაჭრო ობიექტები და კომპანიებიც კი იყენებენ. ამისთვის ბიზნესი ერთმანეთს ადანაშაულებს.
შპს „ავანგარდის“ დირექტორი გიორგი გარიშვილი აცხადებს, რომ პლასტიკის პარკების რეგულაციის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე კომპანია კანონის დარღვევით ამზადებს პოლიეთილენის პარკებს და კომპანიები, რომლებიც ყველა ნორმას იცავენ, არასამართლიან პირობებში იმყოფებიან.
„ამ ეტაპზე არის ქარხნები, რომლებიც ძველებურად ამზადებენ პარკს, ვერანაირ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს მათი პროდუქცია და რეგულაცია აბსოლუტურად დარღვეულია. თუ შეიძლება არსებული მასალით დაამზადო 100 ტონა, ახალი დანადგარის გამოყენებით ხარჯი მეტია და 80 ტონას ამზადებ, როცა რეგულაციას იცავ, ხარჯიც მეტია. მიუხედავად ამისა, ბაზარზე მაინც არის თხელი პარკი, რომელიც არ არის 15 მიკრონის სისქის“, - აცხადებს გარიშვილი.
მისივე თქმით, ახალი პარკი მინიმუმ 15 მიკრონის სისქის უნდა იყოს და ამაზე ინფორმაცია პარკზე უნდა იყოს განთავსებული იმისათვის, რომ რეგულაცია არ დაირღვეს.
„დაგვჭირდა ახალი დანადგარი, რომელიც პარკს ეტიკეტს აკრავს, სადაც ინფორმაციაა განთავსებული, რომ ნამდვილად 15 მიკრონის სისქისაა პარკი. რეგულაციის შემდეგ პარკის სისქე საგრძნობლადაა გაზრდილი“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ გარიშვილმა.
ბაზარზე ამჟამად არასამართლიანი პირობებია. ძალიან ბევრგან ძველებურად იყენებენ თხელ პარკებს. ამაში შემჩნეულნი არიან სავაჭრო ობიექტები.
„პირველად, როდესაც ეს თვალში მომხვდა, იყო სავაჭრო ქსელი „უნივერსამი“, სადაც ორივენაირი პარკი ვნახე. ნაწილი აკმაყოფილებდა რეგულაციას, ნაწილი - არა.
„იფქლშიც“ შემხვდა პარკი წარწერის გარეშე, რომელიც დიდი ალბათობით ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ბაზარზე არასამართლიანი პირობებია გამომდინარე იქიდან, რომ ნაწილი კომპანიებისა არ ითვალისწინებს რეგულაციებს და ხარჯიც არ გაზრდიათ“, - აცხადებს ბიზნესმენი.
რა იქნება დაახლოებით ერთ თვეში არავინ იცის. საქმე ისაა, რომ 2019 წლის პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება აიკრძალება. მისი ჩანაცვლების მცდელობა ჯერჯერობით ბაზარს არ ეტყობა.