საბერძნეთის სასამართლო: „მიხეილ სააკაშვილის გუნდი ჰარმონიულად და შეხმატკბილებულად ატერორებდა ყველას“!

საბერძნეთის სასამართლო: „მიხეილ სააკაშვილის გუნდი ჰარმონიულად და შეხმატკბილებულად ატერორებდა ყველას“!

რა დოკუმენტი დევს საბერძნეთის სასამართლოში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც ლაშა შუშანაშვილის მიმართ აღძრული საქმე ჰქვია და რომელიც უამრავ საიდუმლო, ბურუსით მოცულ თუ კანონიერი თუ უკანონო დოკუმენტისგან შედგება?

სისხლის სამართლის საქმე, რომელიც საბერძნეთში “კანონიერი ქურდის” ლაშა შუშანაშვილის ბრალს - გამოძალვას ეხება, საბერძნეთში აღიძრა და იქვე იქნა განხილული, ლაშა შუშანაშვილი წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა პატიმრობაში მაინც დატოვეს.

წერილი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, შუშანაშვილის ადვოკატმა საბერძნეთის სასამართლოს წარუდგინა:

საქართველოში 2003 წლის 23 ნოემბერს ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა. 2004 წლის იანვარში საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი იქნა არჩეული, რომელიც, სულ მალე, რამდენიმე თვეში დაამთავრებს საპრეზიდენტო “მოღვაწეობას”.

მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ გუნდთან ერთად, სახელმწიფოს სათავეში დემოკრატიის განვითარების ლოზუნგებით მოვიდა, რაც სიტყვის თავისუფლებას, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას, საკუთრების დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას გულისხმობდა, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო სათავეში მოსვლამდე “ნაციონალური მოძრაობა” რომლის ლიდერი თავად მიხეილ სააკაშვილი იყო, ამას ქადაგებდა.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სულ მალე, ფაქტობრივად, ორ-სამ თვეში, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ გუნდთან ერთად, ხისტი და უხეში ქმედებების განხორციელება დაიწყო, რაც საარჩევნო დაპირებებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

პრეზიდენტის მთავარ დასაყრდენ ძალას, რასაკვირველია, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა, რომელსაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ძალიან მალე გაემიჯნა, თუმცა ამისთვის ხელისუფლებას ყურადღება არ მიუქცევია. საზოგადოებრივი აზრი, ხელისუფლების მხრიდან, სრულიად იგნორირებულ იქნა.

პრეზიდენტმა “ნაციონალური მოძრაობიდან” შეარჩია მისთვის და არა ქვეყნისთვის, განსაკუთრებულად “ერთგული” რამდენიმე, არნახული სისასტიკით გამორჩეული ადამიანი, რომელთან უკანონო ქმედებებით, ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე “აღმავლობის” გზით მიდიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტი და სასამართლო, მიხეილ სააკაშვილის დირიჟორობით, “ჰარმონიულად” და “შეხმატკბილებულად” ატერორებდა ყველას, ვინც მათ ინტერესებში ექცეოდა” ბიზნესით, საკუთარი ბიოგრაფიით შექმნილი ავტორიტეტითა ან მათდამი კრიტიკული განწყობით.

ერთ-ერთი პირველი, რაც ახალმა ხელისუფლებამ ასევე უხეში ჩარევით განახორციელა, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია. ტელევიზიების მფლობელებს, დაჭერისა და მაღალი სასჯელების მისჯის მუქარით აქტივები საკუთარი გუნდის წევრებზე გადააფორმებინა. საინფორმაციო საშუალებებზე კონტროლი, ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებისა და განვითარების აუცილებელი ნაწილი იყო.

სქემა, რომლითაც ხელისუფლება მოქმედებდა, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: სხვისი ბიზნესის მისაკუთრების მიზნით, პრეზიდენტისგან კონტროლირებადი შინაგან საქმეთა სამინისტრო (მინისტრი ივანე მერაბიშვილი) და პროკურატურა (ქვეყნის ნომერ პირველი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი) ბიზნესმენებს ხელოვნურად შექმნილი “მტკიცებულებებით” აკავებდნენ, კონტროლირებადი სასამართლო მათ აპატიმრებდა და ისტუმრებდა სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის მერვე საპყრობილეში, სადაც ასევე პრეზიდენტისგან კონტროლირებადმა და მისმა მონა-მორჩილმა ბაჩანა ახალაიამ არნახულად სასტიკი და დაუნდობელი რეჟიმი შექმნა (2012 წლის სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნებულმა იქ არსებული რეჟიმის ამსახველმა ვიდეოკადრებმა მსოფლიო შეძრა). ამ საპყრობილეში მოხვედრილი ადამიანი ყველაფერზე თანხმდებოდა, ოღონდ თავი დაეღწია არაადამიანური მოპყრობისა და წამებისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ათასობით ბიზნესმენი “ერთ მშვენიერ დღეს” იღვიძებდა მხოლოდ ერთი მიზნით - რაც შეიძლება სწრაფად სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა წლების განმავლობაში რუდუნებით შექმნილი საკუთარი ბიზნესი. ვისაც მსგავსი სურვილი არ გაუჩნდებოდა, გაურკვეველი მიზეზით საპყრობილეში ინვალიდდებოდა, “გულის უკმარისობით” ამთავრებდა სიცოცხლეს, პარალელურად ოჯახის რომელიმე წევრი, ბაჩანა ახალაიას მიერ შექმნილი საპყრობილის ბინადარი ხდებოდა ხანგრძლივი დროით.

იყვნენ ისეთი ბიზნესმენებიც, რომლებმაც როგორღაც მოახერხეს და რეალურად მოსალოდნელი დევნის გამო, ქვეყნის დატოვება შეძლეს.

2005 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ერთი შეხედვით ლიბერალური ცვლილება შევიდა _ სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი განხილვის გარეშე, საპროცესო შეთანხმების დადების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

ამერიკისა და ევროპის დანერგილმა “საპროცესო შეთანხმებამ” საქართველოში სრულიად მახინჯი სახე მიიღო და ერთი შეხედვით ლიბერალურმა ცვლილებამ პატიმრობაში მყოფი ადამიანები სრულიად კაბალურ პირობებში ჩააყენა.

საპროცესო შეთანხმების დადების ერთ-ერთი პირობა _ გამოძიებასთან თანამშრომლობა, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შემდგომში იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილისთვის, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის ხელდასხმით, თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის აღიარებასთან, ანუ საკუთარ თავზე არარსებული დანაშაულის დაბრალებასთან ერთად, უპირობოდ ითვალისწინებდა სხვა პირის დაბეზღებასა და მისთვის არარსებული დანაშაულის ჩადენის დაბრალებას.

საქართველოში არსებული ტრადიციებისა და ღირებულებებიდან გამომდინარე, დაბეზღება უღირსი ადამიანის საქციელია. ჩვენი, მართლმადიდებლური სარწმუნოებაც დაბეზღებას, მით უმეტეს ცილისწამებას ერთ-ერთ ცოდვად მიიჩნევს და წმიდა მამებიც კი სხვა ადამიანის მხილებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. მხილებას დიდი სიყვარული თუ არ ახლავს, ეს განკითხვაა, რაც ასევე ჩვენი სარწმუნოებით ცოდვაა, რამაც დიდ და გულწრფელ სინანულში უნდა ჩააგდოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი.

ამ ტრადიციებსა და ღირებულებებზე აღზრდილი ადამიანები, ბუნებრივია, დიდი დილემის წინაშე დადგნენ და გამოძიებასთან “თანამშრომლობა” მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რაც სამართალდამცავებმა “ქურდულ ტრადიციად” მონათლეს, დაბეზღებასა და ცილისწამებაზე უარისმთქმელი ადამიანები კი _ “ქურდული სამყაროს წევრებად”.

უცნაურია, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მათი ასაკიდან გამომდინარე, საბჭოთა წყობილება, კომკავშირი და კომუნისტური პარტია, ბუნდოვნად ან საერთოდ არ უნდა ხსომებოდათ, მაგრამ მათ ქვეყნის სამართავად, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყველაზე ნეგატიური მოვლენა _ საკუთარი მოქალაქეების მიმართ რეპრესიების განხორციელება აირჩიეს. სასამართლო განაჩენებით, ადამიანებს, სასჯელის უმაღლეს ზომას, დახვრეტას ვეღარ უსჯიდნენ, მაგრამ დაპატიმრებები, პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ შემზარავი და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესების წართმევა, საკუთარი სახლებიდან გამოყრა, თითქმის ყველას მიმართ თვალთვალი და ფარული მოსმენები, ქვეყნიდან გაძევება და უსამშობლოდ დატოვება “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების სტილად იქცა. საბჭოთა კავშირში დანერგილი ტერმინი “კანონიერი ქურდი” კი სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციეს და 2006 წელს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი დაამატეს _ “კანონიერი ქურდობა”, რაც ლამის მთელი მსოფლიოს ქილიკის საგნად იქცა.

საკმაოდ დიდი შესავალი გამოგვივიდა იმისთვის რომ აგვეხსნა, რამ განაპირობა წინა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ლაშა შუშანაშვილის, როგორც პიროვნების, მიმართ დევნა და შევიწროება, რამაც დღეს ის უსამშობლოდ დატოვა. სამშობლოდან არიან გადახვეწილები მის უკან მდგომი ადამიანებიც, პირველ რიგში მეუღლე და სამი შვილი და შემდეგ თითქმის მთელი მისი ახლო ნათესავები.

ლაშა შუშანაშვილმა, ოჯახთან ერთად, ქვეყანა, სადაც დაიბადა და გაიზარდა 2003 წელს არასაკუთარი სურვილით დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მასზე და მის მეუღლეზე, ფრიად საეჭვო ვითარებაში, არაერთხელ განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რაც პირველივე წუთებიდან სამართალდამცავებისთვის ცნობილი გახდა, თუმცა ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე დღემდე გამოძიებული არაა. იმედს ვიტოვებთ, ახალი ხელისუფლების პირობებში ჯერ კიდევ არ განადგურებულა საქმის მასალები და საქმე რომელიღაც თაროზეა შემოდებული, წლების განმავლობაში დადებული მტვერი გადაეწმინდება და საქმის გამოძიება განახლდება.

ლაშა შუშანაშვილი ადრეულ წლებში, საბჭოთა პერიოდში რამდენჯერმეა გასამართლებული, თუმცა დღეის მდგომარეობით, მას ყველა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. იგი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არაა ნასამართლევი და არც კანონდარღვევაშია შემჩნეული.

2003 წლიდან, რაც “ვარდების რევოლუციით” მოსულმა ხელისუფლებამ ლაშა შუშანაშვილი აიძულა, საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო, იგი სამშობლოში, საქართველოში, ერთხელაც არ ჩამოსულა, დედის დაკრძალვაზეც კი.

ქართველი ადამიანისთვის, მშობლის უკანასკნელ გზაზე გაცილება განსაკუთრებულად ტკივილიანი მოვლენაა. ვერც მისმა მეუღლემ დაიტირა გამზრდელი მამა. ამ წმინდა მოვალეობის შესრულება შუშანაშვილებმა მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ახირების გამო, ქართველი სამართალდამცავები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და ერთი შეხედვით, გაუგებარი მიზეზებით დევნიდნენ.

ლაშა შუშანაშვილი, აქ არ არის საუბარი სისხლის სამართლებრივ დევნაზე, პიროვნულად მიუღებელი გახდა მიხეილ სააკაშვილისთვის. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი _ მის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პირადი კონტაქტები, ადგილობრივი სამართალდამცავები და სამართალდამცავების მიერ “კომპრომატებით” და ე.წ. “დავერბოვკებით” “გადმობირებული ადამიანები და საქართველოდან კი არ აიძულა წასვლა მხოლოდ, ლამის მთელ მსოფლიოში მისწვდა ლაშა შუშანაშვილს.

სააკაშვილის ასეთ “ახირებას” ახსნა აქვს. ახსნა არ აქვს უვიცი სამართალდამცავების აბსოლუტურად უკანონო და არაპროფესიონალურ ქმედებებს, თან შეკითხვაც რომ არ უჩნდებათ საკუთარი თავის მიმართ _ რატომ ჩავდივართ ამდენ უკანონობას?!

რაც შეეხება სააკაშვილის ახირებას, პირველი და უმთავრესი ისაა, რომ ლაშა შუშანაშვილმა არ მიიღო სააკაშვილის წინადადება და უარი უთხრა მას საკუთარი ბიზნესებიდან, 2003 წლის არჩევნების დაფინანსებასა და შემდეგ მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების დეპუტატებად დარჩენისთვის გასაწევი ხარჯების გაღებაზე, რაზეც თავად ამ დეპუტატების დიდმა ნაწილმა და ბიზნესმენებმა, საკუთარი ბიზნესების ლობირების მიზნით, დიდი ხალისით დიდი თანხები გაიღეს.

მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი – სააკაშვილის მაამებლებმა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ, სააკაშვილის ახირება აღტკინებით აიტაცეს და გადაწყვიტეს შუშანაშვილის უძრავი და მოძრავი ქონების მისაკუთრება და 2006 წლის 13 იანვრამდე, მანამ სანამ ძალაში შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი, სრულიად გაუგებარი და ბუნდოვანი მუხლი „კანონიერი ქურდობა“, საჯარო რეესტრის სააგენტოში წერილები აფრინეს იმის გასარკვევად, თუ რა ქონებას ფლობდა ლაშა შუშანაშვილი. მესამე – ლაშა შუშანაშვილი, თავისი ქართული აღზრდითა და ტრადიციებით, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, არასდროს იქნებოდა დაბეზღებისა და სხვისთვის არარსებუკლი დანაშაულის ჩადენის დაბრალების წამახალისებელი, რაზედაც ის არ მოერიდებოდა საკმაოდ ხმამაღლა საუბარს და რასაც მაშინდელი ხელისუფლება აუცილებლად „ქურდული ტრადიციების“ დანერგვად მიიჩნევდა. და კიდევ უმთავრესი – თითოეული ადამიანი, საკუთარი ცხოვრების წესით, ღირსებითა და პრინციპულობით, საზოგადოებასა და საკუთარ გარემოცვაში, პატივისცემნასა და სიყვარულს ნერგავს, მიუხედავად იმისა, რომელ სფეროში საქმიანობს ბიზნესმენია იგი თუ ხელოვანი, ექიმი თუ პედაგოგი, სამართალდამცავი თუ მეცნიერი. ნებისმიერ სფეროსი არსებობენ ავტორიტეტები. ავტორიტეტებს, რომლებიც საკუთარი ცხოვრების წესით, საზოგადოებისათვის მისაღები ადამიანები არიან, წინა ხელისუფლება გამზაფრებულად ებრძოდა, ამის მარგალიტები მრავლად გვახსოვს. წინა ხელისუფლებისათვის მიუღებელი აღმჩნდა ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ყოველ დღე დაწერას ელოდა, ოლიმპიური ჩემპიონს ლუკა კურტანიძეს უმოწყალოდ და დაუნდობლად სცემეს და აწამეს, სახელგანთქმული მკლავჭიდელი ზაურ ცხადაძე დაიჭირეს და მთელი ბიზნესი წაართვეს, ქართველი ხალხისთვის საყვარელ არაერთ მსახიობს, ზოგს შვილი დაუჭრეს, ზოგს ქმარი და ეს ხდებოდა მხოლოდ იმიტომ რომ ეს ადამიანები სააკაშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ან ბიზნესის მფლობელები იყვნენ.

პირი, რომელიც დანაშაულს სჩადის, რაც არ უნდა ავტორიტეტი და საპატივცემულო იყოს საზოგადოებისათვის, უნდა დაისაჯოს, მაგრამ დასჯისთვის, დანაშაულის ჩადენა აუცილებელი პირობაა და არა ვინმეს ახირება, თუნდაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყოს.

ვიღაცის ახირების გამო დევნილ ადამიანებს ოჯახები, შვილები ჰყავთ, რომლებიც ყოველ დღე უსამართლობას უცქერიან, რაც არც ერთ შემთხვევაში უკვალოდ არ ჩაივლის. ახირებებისა და პირადი განწყობების გამო არ ღირს შურისმაძიებლად ბავშვების გაზრდა, რაც უსამართლობის პირობებში გარდაუვალია“…

აი, ესაა ის წერილი, რომელიც საბერძნეთში მოსამართლემ მოისმინა, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ვითარება, რომელიც ზემოთ იყო ასახული ჩვენი რელობა იყო და ეს რეალობა არა მხოლოდ ლაშა შუშანაშვილს შეეხო…