სულ რაღაც 2 კვირაში ენგურჰესმა შესაძლოა, მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო. ეს რასაკვირველია პრობლემების წინაშე დააყენებს საქართველოს ენერგოსისტემას, მაგრამ სეპარატისტული აფხაზეთისთვის კი ნამდვილი განაჩენი იქნება. საქმე ისაა, რომ ზამთარში ენგურჰესსა და ვარდნილჰესზე გამომუშავებული ენერგიის თითქმის 100 პროცენტი აფხაზებს მიაქვთ. ამ პერიოდში დანარჩენი საქართველო მაინც ვერ სარგებლობს გიგანტური ჰესის მომსახურებით, შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება, სწორედ სეპარატისტებისთვის იქნება უდიდესი პრობლემა.
სოხუმის რეჟიმს მოუწოდებენ, რომ ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და აბცოლუტურად უკონტროლოა.
სეპარატისტთა სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენდირექტორი ასლან ბასარიაც ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის საშიშროება არსებობს. მას იმედი აქვს, რომ დენის მიღებას დროებით რუსეთიდან შეძლებს, თუმცა რამდენად გამოვა ეს, ამაზე გადაჭრით პასუხი არა აქვს. ბასარიამ ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს.
„ამ ეტაპზე მთავრობა მუშაობს, რომ საკითხი გადაიჭრას რუსეთის მეშვეობით. ეს არის მთავრობათაშორისი ურთიერთობა, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ საჭირო ელექტროენერგიას გაზაფხულზე რუსეთიდან მივიღებთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ენერგომოხმარების შემცირებაც“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, თუკი შეთანხმება არ გამოვა, აუცილებელი გახდება გრაფიკის შემოღება.
ჰესის შესაძლო გაჩერების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. მისი თქმით, თუ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის მხრივ გარკვეული ზომები არ გატარდა, 5 მარტისთვის ენგურჰესის წყალსაცავში წყალი აღარ იქნება და აფხაზეთი დენს ვეღარ მიიღებს.
ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ აფხაზეთი, რა თქმა უნდა, კვლავ არის საქართველოს ნაწილი და უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მათ შორის - ენერგეტიკულად, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ ყიდვა დაგვჭირდეს.
„შეფასებაც კი შეუძლებელია, ეს არის ყოველგვარი ნორმის დარღვევა. ენერგეტიკის სექტორში ასეთი უსამართლო განაწილება, არ მგონია კიდევ არსებობდეს. მწარმოებელი მხარე სრულად იჩაგრება მომხმარებლის პრივილეგიების ხარჯზე. თან ეს ხდება ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებებისა და პირობების გარეშე, უბრალოდ, მიაქვთ იმდენი, რამდენიც დასჭირდებათ.
ჩვენ თავად გვაქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, გამომუშავება შემცირებულია ჰიდროლოგიური მიზეზების გამო, ამ პირობებში კი მეორე მხარე აკეთებს იმას, რასაც ვხედავთ. მიზეზი გახლავთ წლების წინ მიღებული შეთანხმება. იქამდე განაწილება სახელმწიფოს შიგნით ხდებოდა და აფხაზეთი მხარედ არც კი ითვლებოდა. დღეს მდგომარეობა შეცვლილია, აცდენილია ყოველგვარ კანონზომიერებას და ამას, რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს.
აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ თვითონ ყიდვა დაგვჭირდეს“, - აცხადებს ჭითანავა.