„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს. მათ შორის იმასაც, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული შს მინისტრი გიორგი გახარია. ამბობს, რომ წილების დათმობაზე თხოვნა არავისგან არ ყოფილა.
„17 მილიონი დოლარი, რომლის სესხების კანონიერებასაც პროკურატურა სწავლობს, გადარიცხულია მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში. შეიძლება თუ არა ეს ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. ჩვენ ვისგანაც ვისესხეთ თავის დროზე ფული, არიან ცნობილი ჰოლანდიელი ბიზნესმენები და დიდი ფონდი. მათგან ვისესხეთ ფული იმისთვის, რომ ბანკის კაპიტრალი გაგვეზარდა და ნაწილი გადაირიცხა მსოფლიო ბანკის ანგარიშზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საგანგებო პრესკონფერენციაზე რომელიც „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გამართა, განაცხადა, რომ მზად არის სამართლებირივი ბრძოლა გააგრძელოს და ყველა სადავო დოკუმენტი საჯარო გახადოს. მიუხედავად იმისა, რომ „თბისი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე რეგულატორის გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება, ხაზარაძე მზად არის დიალოგის რეჟიმში გააგრძელონ ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ თავიდან იქნას აცილებული პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად - საქართველოს ეკონომიკაზე.
რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით, ხაზარაძე კატეგორილად უარყოფს ასეთი ფაქტის არსებობას და აცხადებს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი გადაცემულია „თბისი ბანკის“ პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და შესაბამის ორგანოებან, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებობს საერთაშორისო იურიდიული ფირმის DENTONS-ის დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს, არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთან კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთან კავშირიც კი არ აქვს.
„ახლა ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ. ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და ინფორმაციის ის გაჟონვები, რომელიც „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. როგორ წარმოგიდგენით, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ–ერთ მთავარ ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთან მიმართებაშიც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე. მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ.
ამავე დროს, მე მინდა გულწრფელი და ობიექტური ვიყო თქვენს მიმართ – სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას. ცოტათი ეს მომენტი მაშფოთებს – ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ–ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ სახალხო განცხადებას, როდესაც ჯერ გამოძიებაც არაა დამთავრებული და სასამართლო არაა დანიშნული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, საქმე ეხება ქვეყანის პერსპექტივას. მიუხედავად გამოძიებისა, ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. შესაბამისად, მიმართავს ყველა დაინტერესებულ მხარეს და ასევე მოუწოდებს პარლამენტს, რომ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ყველა დაუბრუნდეს საქმეს და აკეთოს პირდაპირი საქმე.
„ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობთ, რომ არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს. მინდა ამაზე ხაზგასმით გითხრათ. ჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მე გითხარით იმის შესაძლებლობა, რომ მაისში და ივნისში ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო მსოფლიოს ექვსი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის ორი სახელმწიფო ბანკია – გერმანიის და ჰოლანდიის; ასევე, ევრობანკი, ოპეკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების, ინვესტიციის ბანკი. 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი.
ეს არის პირველი ფაზის დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთი წამითაც არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. ახლაც ისე იგეგმება 2020–ში პირველი გემის მიღება, თუ რა თქმა უნდა, ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007–2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებით ირკვევა, რომ „სამგორი M– მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.
მიმდინარე გამოძიების საქმეზე დაკითხული არიან „თიბისი ბაკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყო ფინანსური მონიტორინგის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.