მას შემდეგ, რაც ახალი რეგულაციების გადამკიდე, ერთ მილიონამდე ადამიანს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან სესხის აღების შესაძლებლობა შეეზღუდა, განსაკუთრებულად გაიზარდა მევახშეებზე მოთხოვნილება. მართალია, ეროვნულმა ბანკმა ცვლილებათა ამ პაკეტით დაგვაიმედა, რომ ამით ჭარბვალიანობის პრობლემა გადაიჭრებოდა, მაგრამ, სინამდვილეში, ამ ნაბიჯმა მევახშეები წაახალისა.
უბრალო ადამიანების გარდა კარგა ხანია, სირთულეებზე ლაპარაკობენ ტექნიკის მაღაზიები. ისინი აცხადებენ, რომ მათთან გაყიდვებმა იკლო, რადგან შემოსავლების დადასტურების გარეშე ბანკები განვადების მიზნით სესხს აღარ იძლევიან. შესაბამისად, ახალმა რეგულაციამ ქვეყანაში პროდუქციასა და მომსახურებაზე მთლიანი მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.
თუ არსებობს გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რადგან აშკარაა, მევახშეებზე მოთხოვნილება იზრდება.
ის, რომ მთელი დატვირთვა მევახშეებზე გადავიდოდა, ეს იმთავითვე ნათელი იყო ეკონომისტ პაატა აროშიძისთვის. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ დღეისთვის პრობლემურია ტექნიკის მაღაზიების და იმ ადამიანების საკითხი, რომლებსაც სურთ ტექნიკისა და ხანგრძლივი გამოყენების მქონე ნებისმიერი საქონლის შეძენა. ფაქტია, საბანკო პროცედურები დროში იწელება, თორემ ადამიანს დადასტურებული შემოსავალი თუ აქვს და ყოველთვიურად შეუძლია გადაიხადოს გარკვეული რაოდენობის თანხა, როგორც ამას ბანკი მოითხოვს, მას პრობლემა არ ექნება.
პაატა აროშიძის განმარტებით, წინა წლებში მომხმარებელთა უმეტესობა შეჩვეული იყო, რომ მაღაზიიდან გაუსვლელად იქვე მტკიცდებოდა სესხი, იქვე აფორმებდნენ ხელშეკრულებას და ერთი საათის განმავლობაში კეთდებოდა ეს ყველაფერი. დღეს კი ბანკს სჭირდება გარკვეული დრო, რათა გადაამოწმოს ვალიდობა, რამდენად გადახდისუნარიანია კლიენტი. ეს აღელვებას იწვევს, მით უმეტეს, ქართველები ცხელსისხლიანები ვართ და მოცდა არ გვიყვარს.
„ვფიქრობ, ახლა ამას რთული პერიოდიც დაემთხვა. ნებისმიერი წელი რომ გავიხსენოთ, თებერვალ-მარტის თვეები ყოველთვის მკვდარი იყო ტექნიკის მაღაზიებისთვის. ამას თავისი ახსნა აქვს, ახალი წელი დასრულებულია, ადამიანს შენაძენი უკვე გაკეთებული აქვს და მაღაზიებიც დიდი ფასდაკლებით ამ პერიოდში თავს არ იკლავენ. შესაძლოა, ფასდაკლების მეორე ტალღა დაიწყოს აღდგომისთვის. თუკი აღმოჩნდება, რომ აპრილის შუა პერიოდშიც ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვები პრობლემურია, მაშინ რაღაცნაირად უნდა გადახედოს ამ საკითხს ხელისუფლებამ, რათა შეამსუბუქოს პირობები და ბანკმაც დათმოს პოზიციები. ვერ ვიტყვით, რომ ახლა ამ მხრივ საგანგაშო სიტუაციაა, თუმცა ფაქტია, შემცირებულია გაყიდვები“,-განმარტავს პაატა აროშიძე.
მისივე შეფასებით, საბაზრო ეკონომიკის წესია, რომ რეგულაციას ყოველთვის მოჰყვება გარკვეული პრობლემები. ზოგიერთი რეგულაცია ამართლებს, ზოგი-არა. ამიტომ ჯერ ასჯერ უნდა გაზომონ, რა მიმართულებით წავა ეს რეგულაციები და შემდეგ გადაწყვიტრონ. გასაგებია, რომ ფინანსების გამჭვირვალეობისთვის დაწესდა ეს რეგულაციები, მაგრამ ამ რეგულაციამ უჩინარი ხელი გამოჰყო მსხვილი საქონლის გამყიდველებისთვის და არა მხოლოდ ტექნიკის მაღაზიებისთვის, არამედ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც საბანკო განვადებებს ახორციელებენ.
„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ადასტურებს, რომ ახალმა რეგულაციებმა ტექნიკის მაღაზიებს ძალზე გაურთულა სიტუაცია. For.ge-სთან საუბრისას ბიზნესმენი გამოსავალსაც გვთავაზობს და ამბობს, რომ გამოსავლის სამი გზა არსებობს. ერთია, სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა გადახედონ ამ რეგულაციებს. მეორეა, თვითონ კომპანიებმა მოახერხონ განსხვავებული სერვისების და ანალოგიური პროდუქტების შექმნა და მესამეა, ბანკებმა მოახერხონ ამ რეგულაციების პირობებში ნელ-ნელა ადაპტირება, გააუმჯობესონ საკრედიტო პორტფელი და მაინც შეძლონ სესხების გაცემა.
„დაახლოებით ნახევარ წელიწადში იმის მოლოდინი მაქვს, რომ როგორც საცალო კომპანიები შეძლებენ გარკვეული პროდუქტების შექმნას ამ მიმართულებით, ისე ბანკებიც ადაპტაციას მოახდენენ. იმედი მაქვს, ეროვნული ბანკიც გადახედავს ამ რეგულაციებს. უფრო კონკრეტულად, კომპანიებს შეუძლიათ შექმნან განვადების პროდუქტი თავის მწარმოებლებთან ერთად და ბანკი რადგან არ იძლევა განვადებისთვის სესხს, შეიძლება მწარმოებელმა დაუჭიროს მხარი საცალო კომპანიას და ამის შედეგად მოხერხდეს განვადების გაცემა თვითონ კომპანიის მხრიდან. სხვათა შორის, თავის დროზე, სანამ ეს რეგულაციები შემოვიდოდა, იმ ადამიანებზეც, რომელთაც არ უფიქსირდებოდათ ხელფასი, განვადება ვრცელდებოდა და ტექნიკა ჩვეულებრივად გაიცემოდა. სასურველია ეს აღდგეს, რადგან ამის გამო გაგვინახევრდა გაყიდვები. ყველა კომპანია თავად განსაზღვრავს, როგორ მოახდინოს მომხმარებლის შეფასება და გასცეს თუ არა მასზე განვადებით ნივთი“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.