სულ მალე ბესელიას გუნდის წევრები, ე.წ. ამბოხებული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს დატოვებენ. ჯერ დაზუსტებული არ არის, რამდენი დეპუტატი გადადგამს ამ თამამ ნაბიჯს, ეს იქნება მხოლოდ, 7, თუ მეტი და ასევე მხოლოდ დროის საკითხია, ეს თებერვალში მოხდება, თუ მარტში.
ის, რომ „ამბოხებულებს" წასვლა გარდაუვალია, ეს უკვე აშკარაა, რადგან ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს, ე.წ. ახლების ჯგუფის განცხადებით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამიტომაც მას მხარს არ დაუჭერენ.
ბესელიას და მის გუნდის რამდენიმე წევრს კი ღიად განცხადებული აქვთ, რომ სწორედ ეს კანონპროექტი იქნებოდა წითელი ხაზი და თუ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდნენ, მათთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდებოდა „ოცნების" გუნდში დარჩენა.
მათი წასვლის შემდეგ კი პარლამენტში კონფიგურაციაც იცვლება. თუ მინიმუმ მხოლოდ სამი დეპუტატი დატოვებს „ოცნების" რიგებს, მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს. ხოლო თუ 7 ან მეტი დეპუტატი აღმოჩნდება უმრავლესობიდან წასულებს შორის, მაშინ „ევროპული საქართველოც" გამოეთხოვება უმცირესობის სტატუსს.
„ქართული ოცნებიდან" სავარაუდოდ 7 დეპუტატის წასვლაზე განცხადება „ოცნებიდან" გასულ წელს გარიცხულმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, რომელიც ამ ე.წ. ამბოხებულების გვერდით დგას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში.
მისი თქმით, „ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას, „ევროპული საქართველო" კი საპარლამენტო უმცირესობას გამოეთხოვება.
საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას" პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს. საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას მანდატების საერთო რაოდენობის, ანუ 150-ის ¾ ესაჭიროება, რაც მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. ამიტომ, თუ „ოცნებას" მინიმუმ 3 დეპუტატი გამოაკლდება, პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს და მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს დასჯერდება.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის საკითხს, კანონით, უმცირესობაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უნდა აჭარბებდეს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს. ამ დროისთვის „ევროპულ საქართველოს" პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი აქვს.
უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ კი დეპუტატების რაოდენობა ასეთია: ექვს-ექვსი დეპუტატია ორ ფრაქციაში - „ნაციონალურ მოძრაობასა" და „პატრიოტთა ალიანსში", ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატია - ნატო ჩხეიძე და მამუკა ჩიქოვანი. თუკი მინიმუმ 7 დეპუტატი დატოვებს „ოცნებას", „ევროპული საქართველოს" წევრთა რაოდენობას გადააჭარბებს უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დანარჩენი დეპუტატების რიცხვი და უმცირესობა დაიშლება.
შეიქმნება თუ არა ახალი უმცირესობა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენი დეპუტატი დატოვებს „ოცნების" რიგებს.
როგორც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს.
„შვიდი დეპუტატის გამოსვლის შემდეგ უმცირესობა დაიშლება, რადგან უმცირესობაში მყოფი დეპუტატების რაოდენობა უმცირესობის გარეთ მყოფთა რაოდენობას გადააჭარბებს. ახალი უმცირესობის შექმნის საშუალებაც იქნება", - განუცხადა ჭიჭინაძემ „პირველ არხს".
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ შესაძლოა საპარლამენტო კონფიგურაცია შეიცვალოს, მაგრამ სტატუსის დაკარგვაში განსაკუთრებული არაფერია და ამას მათ საქმიანობაზე არანაირი გავლენა არ ექნება. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა „ქართული ოცნების" უმრავლესობა დაიშალოს და ხელისუფლებიდან წავიდეს.
საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის შესაძლებლობაზე წუხილი „ოცნებაშიც" არ შეინიშნება და როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიღებული აქვთ, ამიტომ დაიშლება თუ არ დაიშლება, საერთოდ არ არის აქტუალური დღევანდელ დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპული მნიშვნელობა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობას არ აქვს.
ზუსტად რამდენი დეპუტატი შეიძლება წავიდეს უმრავლესობიდან და როდის მოხდება ეს, ჯერ ღიად და მკაფიოდ გაცხადებული არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს და ლევან გოგიჩაიშვილს წასვლაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და განცხადებები მათ 6 თებერვალს „ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებდა. მანამდე კი პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ინიციატივის წარდგენა მოხდებოდა და სწორედ კანონპროექტი გადაწყვეტდა რამდენად ემთხვევა მისი და „ოცნების" ფასეულობები ერთმანეთს.
მაშინ ლევან გოგიჩაიშვილმაც თქვა, რომ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა გადაწყვეტილებას საჯაროდ ჯერ არ გაახმოვანებდა, ასევე გედევან ფოფხაძემ ღიად დაანონსა, რომ პარტიის დატოვებას გეგმავდა.
ამ სამი დეპუტატის გარდა დამატებით საუბარია იმაზეც, რომ მათ შესაძლოა სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ. მაგალითად ისინი, ვინც ბესელიას მიერ დაწერილ და პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025-წლამდე შეჩერების შესახებ, ხელი მოაწერეს.
ხელმომწმერთა შორის არიან: ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, ასევე ბექა ნაცვლიშვილსაც აქვს დაანონსებული, რომ დატოვებს უმრავლესობას, თუკი საპენსიო რეფორმაზე მის მიერ ინიცირებულ პროექტს არ დაუჭერენ მხარს.
კანონპროექტის შეტანა პარლამენტში 7 თებერვალს მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ახლების გუნდი შეეცადა მისი განხილვა იურიდიულ კომიტეტზე რაც შეიძლება მეტი ხნით გაეწელათ, ორშაბათს ლევან გოგიჩაიშვილის და ბესელიას დიდი ბრძოლის შემდეგ პროექტის განხილვა შედგა, რაც ნიშნავს, რომ „ამბოხებულების" გუნდის წასვლა მხოლოდ დღეებით გადაიდო.
„ახლების" ჯგუფის წევრებმა უკვე მერამდენედ განაცხადეს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და არ დაუჭერენ მხარს,ეს კი პოლიტოლოგების პროგნოზითაც, ნიშნავს, რომ ბესელიას გუნდს მოუწევს უმრავლესობა დატოვოს.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია ფაქტი, როდესაც ვინმე მას ეწინააღმდეგება „ოცნებაში", ბესელიას და რამდენიმე დეპუტატს მოუწევს უმრავლესობის დატოვება.
“წავა იგივე ბესელია, გოგიჩაიშვილი, ფოფხაძე. ბიძინა გეგიძეზეც და ლაშა ნაცვლიშვილზეც არის საუბარი და კიდევ რამდენიმე ადამიანზე. ბესელიას ბევრი მიმდევარი არ ეყოლება, იმიტომ რომ, ყველასთვის ცხადია, უმრავლესობის დატოვებს შემდეგ მათ მომავალ არჩევნებში წარმატების მიღწევის შანსი არ ექნებათ და ეს ბევრს შეაჩერებს.
"თავად „ოცნებაც" არ იქნება წინააღმდეგი, რომ ბესელიას გუნდმა დატოვოს მათ რიგები. ივანიშვილს, ალბათ, აწყობს კიდეც, რომ პარტია „გაიწმინდოს" და მაქსიმალურად ლოიალური ადამიანები იხილოს პარტიაში, ვინც მის ნებას დაემორჩილებიან,"- ამბობს ჩიტაძე.