შემცირებების ახალი ტალღა - ბიზნესს მხარი საჯარო უწყებებმაც აუბეს

შემცირებების ახალი ტალღა - ბიზნესს მხარი საჯარო უწყებებმაც აუბეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს. რეორგანიზაციები იგეგმება სხვა საჯარო უწყებაშიც. კერძო ბიზნესში ამ გზას რამდენიმე თვეა ადგას. შესაბამისად, გაიზარდა უკმაყოფილო ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თავს დაუცველად გრძნობენ.

როგორც სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, მათ საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

„61 საჯარო მოხელე გადავიდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ სახელობითი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, გადაეგზავნება საჯარო ბიუროში და უკვე ერთი თვის განმავლობაში საჯარო ბიურო ეცდება შესთავაზოს მათთვის სასურველი და შესაბამისი პოზიციები. ყველა ვინც არ მიიღებს ან ვერ დააკმაყოფილებს ახალ შეთავაზებებს, მიიღებენ კომპენსაციას“, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მიმდინარე წელი სამსახურიდან დათხოვნებით დაიწყო. ძირითადად აქტიურობენ საფინანსო სექტორი და მასზე მიბმული სავაჭრო ობიექტები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მხარი საჯარო სტრუქტურებმაც აუბეს. მომდევნო შემცირება-რეორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროში იგეგმება.

ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი. ცვლილება გულისხმობს სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ერთი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის ქვეშ მოქცევას.

კანონპროექტის თანახმად, მოხდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს რეორგანიზება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მიერთების გზით. შედეგად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განისაზღვრება და მის ფუნქციებსაც განახორციელებს.

სახელმწიფო ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციები ორ ადმინისტრაციულ ორგანოზეა გადანაწილებული. კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მართვას და განკარგვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვას - ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს.

სავარაუდოა, რომ თანამშრომელთა შემცირება ამ შემთხვევაშიც მოხდება, რადგან 1 სტრუქტურას ერთსა და იმავე ადგილას რამდენიმე თანამშრომელი არ დასჭირდება. შესაბამისად, სამსახურდაკარგულ უკმაყოფილოთა რიცხვი მოიმატებს. ასეთი კატეგორიაში კი ყოველდღე ინაცვლებენ ადამიანები და მათ შორის არასამთავრობო სექტორშიც დაიწყო სკანდალური დაპირისპირებები.

„სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდას) სამსახურიდან გაშვებული თანამშრომელი, ლიკა კასრაძე ორგანიზაციას გენდერულ დისკრიმინაციასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. კასრაძე ამბობს, რომ ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის ბავშვის დედა სამსახურიდან გაუშვა. მისი თქმით, აღმოაჩნია, რომ ორგანიზაციის საქაღალდეებში ინახებოდა მისი სახელით დადებული შრომითი ხელშეკრულებების მთელი რიგი, საიდანაც მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, დანარჩენ შრომით ხელშეკრულებებზე კი სხვა პირის ხელმოწერებია.

ორგანიზაციის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, ნაზი ბურდილაძის ინფორმაციით, ხელმოწერებთან დაკავშირებით მსგავსი დარღვევები მასთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა, რის გამოც ორგანიზაცია დატოვა. მათი ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად სიდა კიდევ 5-მა თანამშრომელმა დატოვა.