ხელისუფლება მთლიანად ტურიზმზე და გასართობ ბიზნესზე ჩამოეკიდა. რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას სხვა შესაძლებლობა ვერ გამონახა, ახლა აპირებს სათამაშო ინდუსტრიას მისცეს დიდი გასაქანი. ამიტომაც გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარების ხელშეწყობა იგეგმება.
ეკონომიკის სამინისტრომ ამისათვის სპეციალური კანონპროექტიც მოამზადა, რომლის განხილვასაც საგაზაფხულო სესიაზე აპირებენ. მისი მიღება დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ქალაქ ფოთში აზარტული თამაშების ბაზრის სიმწირის გამოსწორებას ისახავს მიზნად.
მთავრობის ხედვით, კანონის მიღება აუცილებელია, რათა აღნიშნულ რეგიონებში ტურისტული პოტენციალი გაიზარდოს და მოხდეს საერთაშორისო ვალუტის შემოდინება, რაც კანონპროექტის ავტორთა აზრით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესის შენელებისათვისაც მნიშვნელოვანია.
სპეციალისტების აზრით, აზარტული თამაშების წახალისების კუთხით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი შეცდომაა, თუმცა ნაწილობრივ იზიარებენ პოზიციას, რომ მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვის მხრივ კაზინოების მშენებლობა ტურისტულ რეგიონებში შესაძლებელია, თუკი ის მკაცრი რეგულაციის ქვეშ მოექცევა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ აზარტული თამაშები ფულის გათეთრების რისკებს შეიცავს და თუ ეს საკითხი არ დარეგულირდა, მაშინ მთავრობის ინიციატივა შედეგს ვერ გამოიღებს.
„თუ სამორინეებისა და სათამაშო ბიზნესის ფინანსები არ გახდება გამჭვირვალე, თუნდაც შემოსავლების სამსახურს მაინც არ ექნება წვდომა, მაშინ ძალიან რთული იქნება, რომ ამან პრობლემები არ შექმნას. ჩვენ თუ ვერ დავინახეთ რამდენია ამ ბიზნესის მოგება, რა შემოსავალი აქვს, ეკონომიკის განვითარებაზე პირდაპირ ასახვას ვერ დავინახავთ. ისევ იარსებებს ფულის გათეთრების საფრთხე, ქვეყნიდან ფულის გატანის საფრთხე და ა.შ.
თუკი ვანვითარებთ ამ ბიზნესს, თუ ვზრუნავთ იმაზე, რომ სათამაშო ბიზნესმა ხელი შეუწყოს ტურისტული პოტენციალის ზრდას, ქალაქების განვითარებას, პარალელურად ეს ბიზნესი უნდა გავხადოთ გამჭვირვალე. მოკლედ, თუ სათამაშო ბიზნესი არ გახდება გამჭვირვალე, მთავრობის ინიციატივა შედეგს ვერ გამოიღებს“, - აცხადებს „კომერსანტთა“ კაპანაძე.
რეგულაციის გამკაცრებაზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილიც და ამბობს, რომ ტურიზმის განვითარების საპირწონედ ხალხი არ უნდა დაზარალდეს.
„სწორი მიდგომაა საჭირო, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფოს ინტერესები, როგორც წმინდა ეკონომიკური-საბიუჯეტო, ასევე სოციალური, კრიმინალური თუ სხვა. ამავე დროს, არ შეიზღუდოს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია. შედეგის მიღწევა მხოლოდ რეგულირებითა და სწორი პოლიტიკით არის შესაძლებელი.
შეზღუდვის მომხრე ვარ ყველგან, სადაც უნდა იყოს - წყალტუბოში, აჭარასა თუ გურიაში, უკონტროლობას ვერაფრით მივესალმები.
ეს არ არის ადვილად გადასაწყვეტი საკითხი. საბანკო და სხვა სფეროებში არის რეგულაციები და აქ რატომ ფერხდება? გონივრული მიდგომით საკითხი უნდა მოგვარდეს. უნდა შემუშავდეს პოლიტიკა, რომ ხალხი არ დაზარალდეს და ადამიანებმა უკანასკნელი ლუკმაპური გასართობ ცენტრებში არ დახარჯონ“, - აღნიშნა ალაფიშვილმა.