საბანკო სექტორში ვითარება ძალიან იძაბება. „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-08 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ გააგრძელებენ აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას. ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ „თიბისი ჯგუფის“ ბრიტანული ჰოლდინგის TBC BANK GROUP PLC („თიბისი ბანკის“ მფლობელი მშობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე“, - აცხადებენ „თიბისიში“.
„თიბისი ბანკი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.
ბანკი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას „თიბისი ბანკის“ განვითარებაზე და სტრატეგიაზე. ბანკი გააგრძელებს დასახული გეგმების განხორციელებას.
ეს გადაწყვეტილება არც ბანკის ფინანსურ მდგრადობაზე მოახდენს გავლენას“ - ნათქვამია „თიბისის“ განცხადებაში.
ამას ადასტურებს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძე, რომლისთვისაც „თიბისის“ დამფუძნებლების ბანკიდან ჩამოშორებაზე გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მსგავსი ფაქტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, თუმცა ძალიან ინდივიდუალურია, რომელ ქვეყანაში რა გამოხმაურება და შედეგები მოჰყოლია.
ეროვნულმა ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ხელმოწერის უფლებაც შეუჩერდა. ეს და სხვა თანამდევი გადაწყვეტილება არ ეხება არც ერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელს გიორგი კეპულაძეს მიაჩნია, რომ ზოგადად, როცა საბანკო სექტორის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები მიმდინარეობს, ქვეყანაში ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს არ ქმნის. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საკმაოდ მკაცრია და იმ შემთხვევაში, თუ ბანკის დამფუძნებლები გადადგებიან ეს ზოგადად ბანკის პრესტიჟისთვის დამაზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდება.
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების თანამდებობაზე ყოფნა შეამოწმოს, ან მათი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება მოინდომოს, თუმცა ამის გამო მათ აქციებს არავინ ჩამოართმევს.
„ეროვნულ ბანკს უფლება, რომ არ ჰქონოდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადადგომის ფაქტს არც გააჟღერებდა“, - დასძენს კეპულაძე.
საქართველოს მთავრობა პროცესებიდან დისტანცირებას არჩევს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბანკის საქმეზე ინფორმაციას სამინისტრო მედიიდან იგებს. „ბიემის“ კითხვაზე თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საფინანსო სექტორზე და ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე ბანკის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:
„ფინანსთა სამინისტრო „თიბისი ბანკის“ საქმისგან აბსოლუტურად დისტანცირებულია. ჩვენ ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ვიგებთ თქვენგან - მედიისგან და მადლობა, რომ აქტიურად ადევნებთ თვალს და ინფორმირებას უკეთებთ საზოგადოებას. რაც შეეხება საინვესტიციო გარემოზე ზემოქმედებას, ამაზე საუბარი ნამდვილად გადაჭარბებულია, ყოველ შემთხვევაში, ერთ და ორდღიანი მოვლენებით, რაზედაც აპელირებენ“, - განაცხადა გაგუამ.
ამასობაში კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამ დროისთვის „თიბისი ბანკის“ ჯგუფის აქციების ღირებულება დაეცა და 13,66 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულთან შედარებით, 5.27%-ით ნაკლებია.
ამ დროისთვის „თიბისი ჯგუფის“ საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) ამჟამად £782 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
„თიბისი ბანკის“ აქტივების მოცულობა 15.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ბანკს გასული წლის განმავლობაში 361 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.