"თიბისი ბანკი" ბიძინა ივანიშვილს დაახრჩობს - ოპოზიცია მამუკა ხაზარაძეს ალაპარაკებისკენ მოუწოდებს

ყველაზე მასშტაბური რეიდერული თავდასხმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა "თიბისი ბანკის"  გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს, თქვას სიმართლე, თუ სად გადაიკვეთა მისი და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და რატომ ხდება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ შეტევა სწორედ "ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მითითებით.

გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი "თიბისი ბანკთან" მიმართებაში საკუთარ მიზნებს მაინც განახორციელებს. ერთადერთი გზა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ახლა გააჩნია, საზოგადოებრივი იმუნიტეტის მოთხოვნაა. თუმცა მანამდე, ხაზარაძემ ღიად უნდა ისაუბროს იმ მიზეზებზე,  თუ  რატომ ართმევენ ბიზნესს.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე მასშტაბური რეიდერული თავდასხმა და ყველაზე მსხვილი აქტივის "ახევის“ მცდელობა. "ქართული ოცნება" რეკორდს ხსნის. ახლა მთავარია, რას იტყვის მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძე უნდა გამოვიდეს და მოითხოვოს საზოგადოებრივი იმუნიტეტი. ამ იმუნიტეტისთვის საჭიროა თქვას, რატომ ართმევენ ბანკს და რატომ აჩერებენ ანაკლიის პროექტს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ლიდერი რომან გოცირიძე ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებს.

მისი თქმით, საკმაოდ დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი "თიბისი ბანკის" გამო, ეროვნულ ბანკზეც ახორციელებს ზეწოლას. დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული ზეწოლის მიზანს იძულების წესით ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ აქციების გაყიდვა წარმოადგენდა.

"ბუნებრივია, რომ ეს არის პირდაპირი ზეწოლა ივანიშვილის მხრიდან და ამ შემთხვევაში, შუამავლის როლს, როგორც ამბობენ, თამაშობდა გიორგი გახარია და ფაქტობრივად, მიდიოდა ამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რომ არათუ სამეთვალყურეო საბჭოდან გამოეყვანათ ხაზარაძე და ჯაფარიძე, არამედ მათ გაეყიდათ აქციები. ეს იყო წარმოუდგენელი რამ, როდესაც 20-პროცენტიანი აქციის მფლობელს  აგდებენ და ართმევენ ქონებას. ოღონდ ივანიშვილმა ვერ გათვალა ერთი რამ, როგორც ჩანს, მას არ აქვს მასშტაბის შეგრძნების ობიექტური აღქმა. "თიბისი ბანკი“ არ არის ის ლუკმა, რომელსაც გადაყლაპავს. "თიბისი ბანკი“ დაახრჩობს, ამ ბრძოლას ის ვერ მოიგებს. შეიძლება, ხაზარაძე და ჯაფარიძე დაამარცხოს, მაგრამ მთლიანობაში, უმძიმესი ფასი დაუჯდება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მამუკა ხაზარაძეს ქუჩაში გამოსვლას, საკუთარი ინტერესების დაცვასა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებისკენ მოუწოდებს.

ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილი "თიბისი ბანკის" ხელში ჩაგდებით დაასრულებს ქვეყნის საფინანსო-საბანკო სისტემის ოკუპაციას.

"თიბისი ბანკის" ხელში ჩაგდებით ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჩვენი ქვეყნის საფინანსო-საბანკო ოკუპაციას და დიდი ხნით გაიმყარებს პრივილეგირებულ მდგომარეობას, მათ შორის პოლიტიკაშიც. ამიტომ, თუ ხაზარაძეს დ ამის გუნდს შერჩენია თავმოყვარეობა და თუ უნდათ გარკვეულწილად გამოასწორონ ის ცოდვები, რაც მიუძღვით ქართველი ხალხის წინაშე, ყაჩაღური საბანკო პოლიტიკის შედეგად, კეთილი ინებონ  გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია "თიბისი ბანკის“ საქმეში პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს გამორიცხავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეს კერძო ბიზნესზე ზეწოლასთან კავშირი არ აქვს.

ქობულიას განმარტებით, კომერციული ბანკთან მიმართებაში სერიოზული ბრალდებებია გახმოვანებული, რასაც ფაქტობრივი მტკიცებულებებიც ერთვის. მისივე თქმით, "თიბისი ბანკის“ საქმის გამოძიების პრეროგატივა სამართალდამცავ უწყებებს აქვთ.

"სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ის ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, არის უმძიმესად სერიოზული ბრალდებები და ამაში გარკვევა არის საჭირო. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელთაც აქვთ ფაქტობრივი მტკიცებულებები და ამიტომაც, ამაში უნდა გაერკვეს ისევ და ისევ ის ორგანოები, რომელთა ფუნქციას წარმოადგენს ამ ვითარებაში გარკვევა. ამაზე მეტს სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი. ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა,“ - განაცხადა ქობულიამ.

ცნობისათვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში "თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს "სამგორი M-მა“ და "სამგორი თრეიდმა“ "თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით, 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც "სამგორი M-სა“ და არც "სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის "თიბისი ბანკისთვის“.