"თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ დაწყებული საქმე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის

ის, რაც "თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ხდება, ქვეყნის იმიჯსაც ლახავს და ეკონომიკასაც ძალიან დააზარალებს. აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა "2020NEWS“-თან საუბარში.

პროფესორი "თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ აღძრული საქმის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ცალსახად იკვეთება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესები.

"თიბისი ბანკის“ წინაარმდეგ აღძრულ საქმეში იკვეთება პოლიტიკური კომპონენტი, თუმცა საკითხი ბევრად უფრო რთულად დგას.  ეროვნული ბანკის მხრიდან არ წესდება რეგულაციები, რომ გამიჯნული იყოს არაპროფილური საქმიანობა საბანკო სფეროსთვის. ის, რომ რომელიღაც ბანკს აქვს სამშენებლო კომპანია, უნივერსიტეტი, ის რომ სხვადასხვა ბანკს აქვს სხვადასხვა საქმიანობის უფლება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის საბანკო სფეროსთან, ეს ყველაფერი კანონით უნდა იყოს მკაცრად აკრძალული. აქედან გამომდინარე  "თიბისი ბანკი“ არ უნდა იყოს რაიმე ფორმით მონაწილე რომელიმე  პორტის მშენებლობაში.

ბანკი არის ერთ-ერთი მგრძნობიარე სეგმენტი ეკონომიკის. ამიტომ როდესაც ბანკს ექმნება პრობლემა, შეიძლება ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდეს. თუმცა ბანკის ასეთი მდგომარეობა სულაც არ არის ინდულიგენცია ბანკის მფლობელისათვის. თუ ის კანონს არღვევს, ხელისუფლებამ ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს.  გვეუბნებიან, რომ  2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს "სამგორი M-მა“ და "სამგორი თრეიდმა“ "თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით,  დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გასცეს  ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.  ეს თუ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ  ეს უფრო არა ფულის გათეთრებაა, არამედ მაქინაცია, რომლის მიზანიც არის ფულის მოტეხვა.  თუმცა ეს ნამდვილად ასე არის თუ არა, ამაზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს გამოძიებამ უნდა დაადასტოროს. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ის რაც ხდება ბატონ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ საკმაოდ პოლიტიკური შეფერილობისაა, მაგრამ საკითხი ბევრად უფრო რთულად დგას, ვიდრე ის, რომ განვიხილოთ პოლიტიკურ კონტექსტში. სად არის ამდენი ხანი ეროვნული ბანკი, რატომ არ აწესებს მკაცრს რეგულაციებს. რომ ბანკებს აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა. რატომ არ კეთდება ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს პრობლემა რაც "თიბისის“ შეექმნა, ხვალ შეიძლება, ნებისმიერ სხვა ბანკს შეექმნას, თუკი არ იქნება მკაცრი საკანონმდებლო მექანიზმები“, - განაცხადა პაპავამ.

პაპავას თქმით "თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის ეკონომიკა რომ არ დააზარალოს, ამისთვის ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.

"ქვეყნის იმიჯისთვის ბევრი რამე ხდება ცუდი. თუნდაც ის, რაც ხდება სასამართლო ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან ცუდი. რაც შეეხება ბანკის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, მისი აქციები ფასს დაკარგავენ ლონდონის ბირჟაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და პირველ რიგში, ეროვნულ ბანკს ეყოფა ის გონიერება, რომ საფრთხის წინაშე არ დააყენონ მთლიანად "თიბისი ბანკი“, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი საქართველოს ეკონომიკისთვის.

პროფესორი იზიარებს ექსპერტების მოსაზრებას, რომ "თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ დაწყებული საქმე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკში ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა.

"მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილის "აღიარებითი  ჩვენება“, როდესაც მან განაცხადა, რომ ვანო  ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის საკითხი მან "გაარჩია".  მან თქვა, რომ ამ საკითხში ჩხარტიშვილი მართალი იყო, თუმცა მაინც მიატანინა ხაზარაძისთვის 30 მილიონი. ეს, რა თქმა უნდა, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ქვეყანა ასე არ უნდა იმართებოდეს. სასამართლო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხები იქ უნდა წყდებოდეს და არა პიროვნულ დონეზე. უკვე  მაშინ დაფიქსირდა, ბიძინა ივანიშვილის არასწორი დამოკიდებულება არამხოლოდ ქვეყნის მმართველობასთან დაკავშირებით, არამედ  ხაზარაძის მიმართ.

კანონის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგანტივა, რომ სიტუაცია მოაგვაროს, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას, მე თუ რჩევას მკითხავენ, ყველანაირად გამართლებულია, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება, იმისთვის რომ საბანკო სისტემაში სიმშვიდე იქნას შენარჩუნებული“, - დასძინა პაპავამ.

ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

ცნობისათვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში "თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს "სამგორი M-მა“ და "სამგორი თრეიდმა“ "თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით, 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც "სამგორი M-სა“ და არც "სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის "თიბისი ბანკისთვის“.