29 აგვისტოს თბილისში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამჯერად, სამიზნე ობიექტი სახელმწიფოს მეთაური გახლდათ. მომხდართან დაკავშირებით, მეორე დღესვე რესპუბლიკის მოედანზე ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა.
მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს შორის ფორმიანი თუ უფორმო წესრიგის დამცველნი ჭარბობდნენ. კორდონებად განლაგებული ჩაფხუტიანი პოლიციელები, ავტომატ მომარჯვებული სპეცდანიშნულების თანამშრომლები და მიმდებარე შენობიდან მოთვალთვალე სნაიპერები შეკრების მნიშვნელობას კიდევ უფრო ამძაფრებდნენ. მიტინგზე გამოსულმა ელდარ შენგელაიამ სახელმწიფოს მეთაურის გადარჩენა განგების სასწაულს მიაწერა.
საერთოდ, გამომსვლელთა აზრი ასეთი გახლდათ: განხორციელებული აქტის თანამონაწილენი ის პიროვნებები არიან, რომელთაც უკანონო გზებით შეძენილი სიმდიდრის და თანამდებობის დათმობა არ სურთ.
მიტინგის მონაწილენი ხანგრძლივი ტაშითა და შეძახილებით: „შუბლში ტყვია ამის ჩამდენს!“ შეეგებნენ სახელმწიფოს მეთაურის გამოჩენას, რომელსაც სახესა და კეფაზე გარკვევით აჩნდა მომხდარის ნაკვალევი.
დღეს დიდი განსაცდელია საქართველოსათვის - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. - მაგრამ ღმერთი ჩვენთანაა, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია ყველგან. ყოველგვარი შელამაზების გარეშე შემიძლია განვაცხადო, რომ იგი უნიკალურია და ღირსია მთელი მსოფლიოს მხარდაჭერისა. ესაა კონსტიტუცია დამოუკიდებელი ქვეყნისათვის, ქართული მიწების დაბრუნებისათვის. განხორციელებული აქტი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გახლდათ. რაც არ უნდა მოხდეს, ვერ შემაშინებენ. ვიბრძოლებ ბოლომდე და ყოველ მიზეზს გარეშე, ჩავატარებ 5 ნოემბრის არჩევნებს. საპრეზიდენტო არჩევნებში ვაყენებ ჩემს კანდიდატურას - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, - რასაც მომიტინგეთა ხანგრძლივი ტაში მოჰყვა.
შეკრება დაასრულა ქალაქის მერმა ნიკო ლეკიშვილმა, რომელმაც იმედი გამოთქვა,, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ხასიათსაც შეიძენს.