მსახიობი დიმა ჯაიანი ძალიან განიცდის მიმდინარე მოვლენებს და აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში.
დიმა ჯაიანი:
- ძალიან რთულია ამ მოვლენებზე ისაუბრო, მაგრამ განზე დგომაც არ შეიძლება.ეს ყველაფერი ერთი კაცის გამო ხდება, ეს კაცი კი სააკაშვილია. ძალიან ხშირად ამ კაცს ამართლებენ ზოგიერთები და სურთ, რომ რაღაცა მოტივებით ახსნან მისი ქმედება, რაც ხალხს უფრო აღიზიანებს. მაგალითად, ტელევიზორში გამოვიდა შს მინისტრის მოადგილე და განაცხადა, რომ პოლიციელი უბრალოდ კადრებს იღებდა და ამის გამო მოხდა შეტაკებაო. უბრალოდ არაფერი ხდება. 2003 წელს, როცა სააკაშვილი სათავეში მოდიოდა, წინასწარ ვიცოდი, რა პიროვნება იყო იგი. ამიტომ სადაც კი მოვხვდებოდი, ყველას ვეუბნებოდი, როგორი იყო და ვაფრთხილებდი, რომ ხმა არავის მიეცა მისთვის. მაგრამ ბევრმა არ დამიჯერა.
თქვენ პარლამენტიდან იცნობდით ერთმანეთს?
- 4 წელი ერთად ვისხედით პარლამენტში და კარგად ვიცოდი, რა გუნდი მოდიოდა. მათ არაფერი ქართული არ გააჩნდათ. სააკაშვილი რომში ფეხბურთის სანახავად მაშინ წავიდა, როცა თავისი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია. ეს ამბავი ჩემთვის ტრაგედიაა. დღეს ჩვენი ქვეყანა დენთზეა შემდგარი, ის კი ფეხბურთის სანახავად მიდის. ამის შემდეგ რაღა უნდა ვილაპარაკო. სამწუხაროა, რომ ზოგიერთები მის ბრძანებას უყოყმანოდ ასრულებენ.
ამ ზოგიერთებში ვის გულისხმობთ?
- თუნდაც იმ პოლიციელებს, რომლებიც ხალხს დაუპირისპირდნენ. თუმცა, მათ შორის ბევრი ღირსეული ადამიანიც არის. მე მინდა ვთხოვო მათ, რომ არ შეასრულონ მისი ბრძანებები და წინ გაიხედონ, ხალხის გვერდით დადგნენ. ძალა ერთობაშია. ცხოვრებაში თუ რაღაც გინდა, ცოტა რაღაცაც უნდა გაიღო ამ ქვეყნისთვის. სააკაშვილი რომ წავა, ყველაფერი დამთავრდება. კანონის წინაშე ის აგებს პასუხს, დღეს, ვინც სააკაშვილის გვერდზე დგას, ყველას ფინანსური მხარე აინტერესებს.
პატრიარქის განცხადებაზე რას იტყვით?
- პატრიარქმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ბევრს არ ეგონა, რომ უწმინდესი ასეთ განცხადებას გააკეთკბდა, მაგრამ პატრიარქმა ის თქვა, რაც უნდა ეთქვა.
ოპოზიციის ლიდერებიდან ყველა მისაღებია თქვენთვის?
- ძალიან ბევრს დად პატივს ვცემ. ეროვნული ფორუმი ძალიან მიყვარს. ამ ხალხის პატიოსნებაში ეჭვი როგორ უნდა შეიტანო, არ ვიცი.
ეროვნულ ფორუმის გადაწყვეტილებას ეთანხმებით?
- რა თქმა უნდა. ჩემი ნება რომ იყოს, სიამოვნებით წავიდოდი რეგიონებში მათთან ერთად. ვიქადაგებდი მხოლოდ სიმართლეს და ხალხს უფრო ნათლად დავანახებდი ამ ხელისუფლების სახეს. დღეს ოპოზიციას ხალხი მართავს და არა – პირიქით, როგორც ადრე იყო. სააკაშვილის მამასთან რამდენიჯერმე მქონდა შეხვედრა და საუბარი. ის კარგი ადამიანია, რასაც ვერ ვიტყვი მის ვაჟზე. ხშირად მამის კვალს ვერ მიჰყვებიან შვილები. თუმცა ამას ვერ ვიტყვი კახა შარტავაზე და ირაკლი ალასანიაზე.
ბატონო დიმა, უკვე 50 დღეა, რაც ხალხი გარეთ არის, მაგრამ ვითარება უცვლელია.
- ეს დროებითია. ის წავა. შევარდნაძე ვაჟკაცი იყო, ადგა და წავიდა. მან ბევრი ვაჟკაცობა ჩაიდინა. თუნდაც, ერგნეთის ბაზრობა გავიხსენოთ. ეს იყო გენიალური გათვლა. ოსები და ქართველები უკვე შერიგებულები იყვნენ. ისინი გვეუბნებოდნენ, ეს რა გვიყავით, ვის ხელში ჩაგვაგდეთო (რუსებს გულისხმობდნენ).
ერთ მაგალითსაც გეტყვით შევარდნაძის შესახებ: შრომა ნახევარი აღებული იყო, როცა შევარდნაძემ გადაწყვიტა შრომაში ასვლა. გენო ადამიამ მითხრა, ამ კაცის იქ ასვლა არ შეიძლება, როგორმე გადააფიქრებინეო, მე რა უნდა მექნა, შევარდნაძეს ხომ არ დავუშლიდი რამეს. შევარდნაძემ უთხრა ადამიას, რამე მანქანა მიშოვე, თუნდაც დანჯღრეულიო. წავიდა შევარდნაძე, მეც წავყევი. გზადაგზა ჩვენი კოლონა იბომბება, მაგრამ მაინც ავედით შრომაში. სოფელი აღებულია, მაგრამ სოფლის ცენტრი არ არის აღებული. სოფლის ცენტრში დაახლოებით 50 ახალგაზრდა ბიჭი იდგა. ერთ–ერთი 18 წლის ბიჭი, გვარად ქარდავა, გამოეყო ახალგაზრდებს, შევარდნაძეს მიუახლოვდა და უთხრა, როგორ ჰგავხართ შევარდნაძესო. შევარდნაძემ უთხრა, რომ შევარდნაძე იყო. იმ ბიჭებმა ათი დღე არ დათმეს სოფელი. ათი დღე იბრძოდნენ შემართებით, მაგრამ ბოლოს მაინც დაეცა შრომა.
საერთოდ, ადამიანს რაც კარგი აქვს, არ უნდა დაუკარგო. თუმცა, თვითფრინავის ბიჭების დახვრეტას ვერ ვაპატიებ. ჩემი აზრით, ადამიანმა ადამიანური თვისებები ყოველთვის უნდა შეინარჩუნო, რა წყობაც არ უნდა მოვიდეს. თუ სააკაშვილი ამ ქვეყნის შვილად თავს თვლის, ის უნდა გადადგეს.
ცნობილია, რომ თქვენ იცნობდით გია კრიალაშვილს.
- დიახ, კრიალაშვილი გია ყარყარაშვილმა გამაცნო სოხუმში. ის ქვეყნის სინდის–ნამუსი იყო. სააკაშვილმა ის გაწირა. უნიჭო სპექტაკლი დადგეს. გია კრიალაშვილი ოფიცრად იყო დაბადებული. ასეთ ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ კი სასიკვდილოდ ვიმეტებთ.