მოუმთავრებელი შენობების ზარ-ზეიმით გახსნა საქართველოში აღარავის უკვირს, მაგრამ ამ საქმეში უცხო ქვეყნიდან ოფიციალური ვიზიტით მყოფი დიდი თანამდებობის პირის მონაწილეობა აქამდე არ მომხდარა - დაბალი ღირებულებების ფრენებზე გათვლილი ქუთაისის დაუსრულებელი აეროპორტის ოფიციალურ გახსნაში 27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან ერთად უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა, რომლის აზრითაც საქართველოს ხელისუფლება, თურმე, თავისი ხალხის კეთილდღეობისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის იღწვის, რის გამოც ვიქტორ ორბანმა სააკაშვილის მთავრობას პოლიტიკურად რთულ სიტუაციაში მხარდაჭერა აღუთქვა.
სააკაშვილისთვის ორბანი „ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ვარსკვლავია“, ხოლო ორბანისთვის სააკაშვილი „გამორჩეული ლიდერი“. დაუმთავრებელი აეროპორტის გახსნისას სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა რომ დაასრულა, ვიქტორ ორბანი ასე წარადგინა - „ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ვარსკვლავი, რაც არის, ვიქტორ ორბანი, ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად იზიარებს ამ სიხარულს“.
სააკაშვილმა სოფლებში საერთაშორისო აეროპორტების გახსნა დაანონსა.
მიხეილ სააკაშვილი სოფლებში საერთაშორისო აეროპორტების გახსნას გეგმავს, ის გურიიდან, კერძოდ, სოფელ მერიიდან იწყებს. ამ საოცარი გეგმის შესახებ მისი გამოსვლიდან გახდა ცნობილი. ქუთაისი მეორე დედაქალაქად გამოაცხადა და აეროპორტის გახსნისას განმარტა, რომ ეს ქალაქი მეორე დედაქალაქის ფუნქციას საერთაშორისო აეროპორტის გარეშე ვერ შეასრულებს, მაგრამ სოფელ მერიაში საერთაშორისო აეროპორტი რაში წაგვადგება, ამაზე აღარაფერი უთქვამს.
სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გასცა დაპირება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ - მომავალი წლიდან თურმე გვექნება უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და კიდევ, უვიზო მიმოსვლა „ძალიან ბევრ ქვეყანასთან“, რომელთა წარმომადგენლებთან სააკაშვილს ახლახანს გაეროში უსაუბრია. დაუმთავრებელი აეროპორტის გახსნის დროს სააკაშვილისგან გავიგეთ ისიც, რომ კიევში წასვლის მოსურნე ბილეთს წინასწარ თუ შეიძენს, 22 ევროს გადაიხდის, მაგრამ ბილეთს გაფრენის დღეს თუ იყიდის, ამისთვის 100 ევრო უნდა გაიღოს.
ქუთაისის აეროპორტი უნგრულ ფირმებს აუშენებია,
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობაში 5 უნგრული ფირმა მონაწილეობდა, რის გამოც ვიქტორ ორბანი ამაყობს, მაგრამ მისი მხრიდან რამდენად საამაყოა იმ ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, რომელიც ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების გამო აპატიმრებს, საკუთარ ხალხს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს რეზინის ტყვიებით უმასპინძლდება - თვალებს თხრის, შუბლში უმიზნებს, ჟურნალისტებს აპარატურას უნადგურებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სცემს, აკავებს და პატიმრებს რეზინის ხელკეტებით და ცოცხებით აუპატიურებს, ამაზე დასკვნის გაკეთება უნგრელ და ქართველ ხალხს ალბათ, არ გაუჭირდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი წინასწარ დაწერილ სიტყვას კითხულობდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებს ტყუპის ცალივით ჰგავს. გთავაზობთ ვიქტორ ორბანის გამოსვლის სრულ ტექსტს:
„მოხარული ვარ, რომ უნგრელებს მოგვეცა საშუალება წვლილი შეგვეტანა საქართველოს წარმატებაში. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ შენი მეგობრის წარმატებას. მით უმეტეს, რომ თავად იღებ მონაწილეობას ყოველივე ამაში. დღეს სწორედ საქართველოს წარმატებას ვზეიმობთ, რადგან იხსნება მესამე საერთაშორისო აეროპორტი. ხუთი უნგრული კომპანია მონაწილეობდა აეროპორტის მშენებლობაში, რომელიც კარგი შესაძლებლობა იყო ბიზნესის წარმომადგენლისთვის. ჩვენთვის, მოქმედი ლიდერებისთვის ბიზნესი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მოგებაა. ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობას და მეგობრობას ჩვენს ხალხს შორის.
ვამაყობ რომ საშუალება გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო იმ ქვეყნის წარმატებაში, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. შეგიძლიათ ჩვენი დახმარების იმედი გქონდეთ, ამ გრძელ გზაზე. დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნები კრიზისის დაძლევის გზებს ეძებენ. ისეთი მოვლენა, როგორიც ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნაა, ამტკიცებს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სწორი კურსი აირჩიეს. ამ კუთხით საქართველოს პოლიტიკა ჩვენთვის ღირებულია. კრიზისის მოგვარება რთულია, მაგრამ ასეთი პოლიტიკით, რომლითაც შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის მაღალ დონეზე შენარჩუნება, კრიზისის მოგვარების პერიოდში აშკარას ხდის, რომ ლიდერები მართლაც გამორჩეულები არიან.
ვისურვებდი რომ შეგვეძლოს ისეთი მიღწევების გადაცემა, რომელიც გამონაკლისი იქნება ევროკავშირში. გპირდებით რომ ჩვენი და ქართველი ხალხის ეკონომიკური ალიანსი მომავალშიც შენარჩუნდება. ჩვენ, უნგრელები თავისუფლების მოყვარული ერი ვართ. ჩვენ ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. კარგად გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ერებს, რომლებსაც სურთ იყვნენ დამოუკიდებლები, ასეთი საქართველოა. 2 000 კილომეტრი, რომელიც ჩვენ გვაშორებს, დაბრკოლებას ნამდვილად არ წარმოადგენს. შეგიძლიათ პოლიტიკურად რთული სიტუაციის დროს ჩვენი იმედი გქონდეთ, რადგან იბრძვით თქვენი ხალხის კეთილდღეობისთვის“.