ვარდის კარიერის გენერლები

ვარდის კარიერის გენერლები

(გიგი მესვეტე)

ამდენი ფირმა-ფირმა მანქანები რომ შემოჰყავთ, წარმომადგენლობებს რომ ხსნიან, ახალ-ახალ ტექნიკურ მიღწევებზე რომ საუბრობენ და ჭკუაზე რომ არ არიან, არც ეგრეა საქმე. აი, ახლა, ამ სტიქიას რომ ვუყურებ და ამბებს რომ ვუსმენ, ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ საქართველოს აღორძინება ურმების წარმოებით უნდა დაიწყოს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მალე თბილისის გარდა სამანქანო გზა აღარ დარჩება და მეორეც - გადავაბრუნებთ ხოლმე ურმებს და მაშინ მაინც დავინახავთ გზას, თუ სადმე დარჩა.

ეს აზრი მაშინ მომივიდა თავში, როცა ტელევიზიით ბლიც-ჯებირების მშენებლობის პროცესს ვადევნებდი თვალს. ქვეყანა წყალმა წაიღო და ახლა გაახსენდათ, რომ არსებობს წელიწადის ასეთი დრო - გაზაფხული; რომ, არსებობს ისეთი ატომოსფერული მოვლენები, როგორებიცაა თოვლი და წვიმა; რომ მზე ადნობს თოვლს და მიზიდულობის კანონის თანახმად,  პატარ-პატარები ჩაედინებიან დიდრონ-მოზრდილებში და ქმნიან ერთ ვეებერთელას, რომელიც თავის მხრივ იწვევს ათას უბედურებას.

თუ მიწა აღარ შეგვრჩა, რა უნდა დაიცვან რეზერვისტებმა?

თუ მიწა არ გვექნა, რა უნდა მოხნან, სად უნდა დათესონ და ვის რაღაში სჭირდება 20ლ. საწვავი?

ეგ ჯებირები ადრე უნდა ჩაელაგებინათ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, აგერ უკვე მეორე გაზაფხული გადის. პირველი გაზაფხული რეზერვისტთა გაპიარებას მიეძღვნა. მეორე გაზაფხული ჩინების ჩამორიგებას მოხმარდება და თუ მესამე გაზაფხულისთვის მაინც არ გაიხსენეს, რომ არსებობს ასეთი დარგი - გეოლოგია და ასეთი მეცნიერება - ნიადაგთმცოდნეობა, მეოთხე გაზაფხული იქნება პირველი გაზაფხული ახალი რევოლუციის შემდეგ.

ისე, გეოლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვთ გასახსენებელი, მაგრამ იხსენებს ის, ვინც მანამდე იცოდა და ხელისუფლებამ რა იცოდა და რა არა, არავინ იცის.

ლეიტენანტი კირკიტაძე ქუთაისს ვერ გადაარჩენს. ქუთაისს, სულ ცოტა, მშენებელი გოგისვანიძე სჭირდება.

წლების წინ იწერებოდა და ახლაც იწერება ის, რაზეც ყვარლელი ინჟინრები საუბრობენ - საფრთხე, რომელიც დურუჯის სახით ყვარელს ემუქრება, მაგრამ ყვარლელი ნაციონალები, გამგებლები და გაუგებრები ნანა პატარკაციშვილის ტრფიალში კლავენ დროს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, შეიძლება ის დროც დადგეს, როდესაც ნაციონალებზე გაბრაზებული დურუჯი (მას ერთ დროს „მოქალაქეები“ აბრაზებდნენ) პირდაპირ ყვარლის ცენტრში მოაწყობს ხმაურიან აქციას და საქმეს ვეღარავინ უშველის, თვით კაპიტანი კირკიტაძეც კი.

ის დროც დადგება, როდესაც რუსები დატოვებენ საქართველოს, გაიყვანენ ბაზებს, ჯანდაბამდე ექნებათ გზა, მაგრამ დატოვებენ ნაღმებს და როცა რამდენიმე კაცი აფეთქდება, მხოლოდ მაშინ მიხვდებიან, რომ რაღაც უნდა ქნან. რას იზამენ? მიავლენენ მაიორ კირკიტაძეს, რომელიც ვერაფერს გააკეთებს, მხოლოდ კარვებს გაშლის და მასზე ევროკავშირის დროშას გამოკიდებს.

კირკიტაძე გახდება ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი, ბრიგადის გენერალი...

ბათუმი გახდება ზღვა, ქუთაისი - ტბა, ყვარელი - რიყე.

ჯებირები მაშინ უნდა გაკეთებულიყო, ცხინვალში ჰუმანიტარულ შტურმს რომ ახდენდნენ. ან, მაშინ, როდესაც უკრაინა იუშჩენკოს ირჩევდა. არც მაშინ იყო დაგვიანებული, როდესაც პრეზიდენტი კარპატებში სრიალებდა და არც მაშინ, ორი კიეველი ნაშა“მიშა-მიშას“ რომ გაიძახოდა.

თავს მოვიტყუებდი და ჩავთვლიდი, რომ ბავშვები გაერთნენ და რაღაც ვერ გაითვალისწინეს, მაგრამ... მაგრამ მსხვილი პლანით გადაღებული პრეზიდენტის „ვალინკებიანი“ ფეხები მაფიქრებინებს,რომ სტიქიას, მედლისა არ იყოს, ორი მხარე აქვს. ერთი - ნგრევა, მეორე - პიარი.

ხალხი წყალში დგას და ცეცხლი უკიდია.

პრეზიდენტი წყალში დგას და დიზელზე საუბრობს. მისი ადმინისტრაციის უფროსი კი ამბობს: „ტრაქტორები და „ადიალები“ გვჭირდება“. პლედი მაინც ეთქვა...

„პლედზე“ სულ „პლეტი“ მახსენდება. პლეტი, პლეტი... პლეტი,მაგრამ ვისი?

შეიძლება, ხელისუფლების, რადგან ვერ მართავს.

შეიძლება, ოპოზიციის, რადგან „ერთი შეწვი, მეორე - წაუსვი“.

შეიძლება, ჩვენი, რადგან მათი ჯერ არ ჩანს.

შეიძლება, ყველასი - იმათი, ამათი და ჩვენი, რადგან ძალიან ადიდდნენ რიონი, არაგვი, მტკვარი და ლიახვი.

სულ დამავიწყდა მეთქვა - შემეხსენებინა, რომ „პლეტი“ წასვლას ნიშნავს, სასწრაფოდ წასვლას, გაცლას.

რამდენიმე ურემი მაინც... სასწრაფოდ! შემდეგ, ბეტონშემრევი და ქვასამსხვრევი მანქანები, გრუნტების მექანიკა, კონტრფორსებიანი საყრდენი კედლები და ა.შ. სასწრაფოდ, თორემ, როგორც უკვე აღვნიშნე, ბათუმი იქნება ზღვა, ყვარელი - რიყე.

ჰოდა, თუ ეს ასე მოხდა, აღარ იქნება საქართველო თავისი ვარდებით და დარდებით, აღარ იქნება ქართული სუფრა და თუ აღარ იქნება ქართული სუფრა, ვიღა გაიხსენებს, რომ იყო ასეთი სახელგანთქმული მხედართმთავარი - გენერალისიმუსი კირკიტაძე?