სომხები ქართველებს ღვინის პოპულარობაშიც ეჯიბრებიან და მათ რომ ჰკითხო, უკვე იმდენად გაგვასწრეს, რომ აღარც კი ღირს ჩვენზე ყურადღების გამახვილება. ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ჩვენს მეზობლებს სულაც არ ეცინებათ.
სომხეთის ეროვნული მეღვინეობის ცენტრის თავმჯდომარის ავაგ არუტუნიანის თქმით, სომხურმა ღვინომ დიდი ხანია ქართულს გადაუსწრო და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იტალიურ, ფრანგულ, ამერიკულ და სხვა ღვინოებს – დარწმუნებულია სომხეთის მთავარი მეღვინე, რომელმაც 6 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინსიტრს ნიკოლ ფაშინიანს პირადად მოუთხრო საკუთარი ხედვებისა და გეგმების შესახებ.
„სომხური ღვინო უკვე ის არ არის, რაც ხუთი წლის წინ იყო. ის ბევრად შეიცვალა, გახდა უკეთესი და ხარისხიანი. საქართველო, როგორც კონკურენტი, ჩვენთვის წარსულში დარჩა, ჩვენ ხარისხით ჩვენს მეზობლებს ვუსწრებთ და შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ იტალიურ, ფრანგულ, ამერიკულ, ახალ ზელანდიურ ღვინოებს“, – აღნიშნა არუტუნიანმა „სპუტნიკთან“ საუბრისას. მისი აზრით, სომხური ღვინო საშუალოდ 10-15 დოლარად გაიყიდება მსოფლიო ბაზარზე.
სტატიაში, რომელიც აღნიშნულ თემაზე რუსულმა caucasus.artinews.ru-მ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ „სომხური მაღალმთიანეთი მეღვინეობის აკვანად არის მიჩნეული, და რომ ამაზე ასირიული ისტორიული დოკუმენტები მიუთითებენ. გარდა ამისა, სომხურ მეღვინეობაზე წერდნენ ჰეროდოტე, სტრაბონი და ქსენოფონტი. 2007 წლის არქიტექტურულმა გათხრებმა კი დაადასტურეს, რომ სომხეთში ღვინოს მე-4-მე-5 საუკუნეებში უკვე აყენებდნენ, რაც იმას მიუთითებს, რომ ზუსტად სომხეთია ღვინის სამშობლო“ – წერია სტატიაში.
ქართველ მეღვინეებს კი სომეხთა უცნაური წიაღსვლები საერთოდ არ აღელვებთ, რადგან მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, თუ რომელია ღვინის სამშობლო და როგორი წარმატება აქვს ქართულ პროდუქციას. შარშან ადგილობრივმა ღვინომ ექსპორტის მიმართულებით ყველა დროის რეკორდი მოხსნა და შედეგი წელსაც უმჯობესდება. ასე რომ, ახლა ქართული ღვინის წინაშე უფრო და უფრო დიდი ასპარეზია.
კომპანია „შუმის“ დამფუძნებელი აკაკი ცოფურაშვილი ამბობს, რომ ჩვენი ნაწარმი ბაზრებისთვის სრულიად კონკურენტუნარიანია, რაც ბოლოდროინდელმა სარეკლამო კამპანიებმა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებამ გამოიწვია. როგორც ცოფურაშვილმა აღნიშნა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ბოთლის ღვინის მოხმარების ტენდენციამ იმატა.
„სახელმწიფო ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის ნაბიჯებს დგამს და ამ კონკურსებს შედეგი მოაქვს. ჩვენ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ვიყავით ორიენტირებულები და ახლა უკვე სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას ვითვისებთ,“ - აღნიშნა ცოფურაშვილმა.
მისივე განცხადებით, ქართული ღვინო უკვე ხარისხზე ორიენტირებული ხდება და მაღალფასიან სეგმენტში ხვდება.
„ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა უცხოეთის ბაზრებზე ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მიმაჩნია, რომ მსოფლიო დონეზე ნიშის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მასობრივი ღვინის მწარმოებელ ქვეყნად არ ვიქცეთ,“ - აღნიშნა „კომერსანტთან“ ბიზნესმენმა.