მწარმოებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის მდგომარეობა უკიდურესად იძაბება

მწარმოებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის მდგომარეობა უკიდურესად იძაბება

უკვე რამდენიმე თვეა თვეა „კოკა-კოლა“ რამდენიმე დიდ ქსელში არ იყიდება, მათ შორისაა, „კარფური“ და „ორი ნაბიჯი“. მიზეზი უმსხვილეს მწარმოებელსა და სავაჭრო ობიექტებს შორის არსებული დაპირისპირებაა. დეფიციტს „კარფურში“ მომწოდებელთან ხელშეკრულების გაჭიანურებით ხსნიან, „კოკა-კოლას“ მწარმოებელში კი, დამკვეთის დავალიანებით.

ჰიპერმარკეტების ქსელის 9 მაღაზიაში, მათ შორის, ბათუმშიც, გაზიანი სასმელის დისტრიბუცია რამდენიმე დღეა შეჩერებულია. „კარფურის“ მენეჯმენტი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების გაჭიანურების მიზეზს, ფასზე ვაჭრობენ თუ მოცულობებზე.

ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, „კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიას“ სხვა კლიენტების მსგავსად, კონსიგნაციით ემსახურება, ანუ ჯერ ყიდის და შემდეგ უხდის. „კოკა-კოლა“-ს პროდუქცია უფრო დიდი ხნის წინ გაქრა „ორი ნაბიჯის“ ქსელიდან. იქ დავალიანებაზე მეტად კონკურენციის მომენტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ქსელთან მოლაპარაკება გრძელდება, მაგრამ, თუ ვერ შეთანხმდებიან „კარფურში“ „კოკა-კოლა“ არ გაიყიდება.

„ბევრი თემა და საკითხია, რომლის დალაგებაც გვინდა როგორც „კარფურთან“, ისე ყველა სხვა რითეილერთან. ჩვენი სურვილია, გავაფორმოთ ისეთი ხელშეკრულებები, რომელიც საერთაშორისო სტადარტის შესაბამისი იქნება. დღეს კი ასეთი სტანდარტის ხელშეკრულების დადება ქსელებთან არ ხდება. ყველას თავისი მოთხოვნები აქვს, მათ შორის, „კარფურს“. ამჟამად მოლაპარაკებების პროცესში ვართ, თუ შევთანხმდით, დისტრიბუცია განახლდება, მაგრამ, თუ ვერ შევთანხმდით, „კარფურში“ „კოკა-კოლა“ არ გაიყიდება და მორჩა. ჩვენ კი რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ყველა ობიექტს ვუფრთხილდებით, პატივს ვცემთ, მაგრამ პატივისცემა მათგანაც უნდა მოდიოდეს.

რაც შეეხება „ორ ნაბიჯს“, მან ჩვენი კონკურენტი არჩია და ახლა ის იყიდება ამ ქსელში. თუმცა ახლა „ორი ნაბიჯის“ თემას საერთოდ აღარ განვიხილავთ. მათ ისეთი ფილოსოფია აქვთ, უკვე აღარც გვახსოვს მაგ ქსელის არსებობა. სამაგიეროდ, არსებობენ ისეთი ქსელები, როგორიცაა „ნიკორა“, „ზღაპარი“, „უნივერსამი“ და ბევრი სხვა, რომლებთანაც ძალიან კარგი ბიზნეს-ურთიერთობა გვაქვს“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თემურ ჭყონია.

მისივე თქმით, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ქსელებთან დათმობაზე მიდიან ასეთი განწყობით. მიუხედავად ამისა, ისინი საბოლოოდ წაგებულები რჩებიან. ამიტომ „კოკა-კოლა“ სხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებს.

კითხვაზე, აისახა თუ „კარფურში“ რეალიზაციის შეწყვეტა „კოკა-კოლას“ გაყიდვების საერთო მაჩვენებელზე, ჭყონია განმარტავს, რომ არ ასახულა: „ზოგადად, ყველა იმ ქსელში, სადაც ჩვენი პროდუქტია შესული, „კოკა-კოლას“ რეალიზაცია 3-4-ჯერ უსწრებს კონკურენტების პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებელს. „კარფურში“ 2 თვეა აღარ შევდივართ, მაგრამ რეალიზაციაზე ეს არ ასახულა. მეტსაც გეტყვით, სხვა ქსელებში ჩვენი პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა კიდეც. „კოკა-კოლას“ თავისი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს და ის სხვა სასმელს არ იყიდის“, - განაცხადა ჭყონიამ.

ეს ბოლო პერიოდში მერამდენე შემთხვევაა, როდესაც მწარმოებლები ანდა დისტრიბუტორები სავაჭრო ქსელებს უპისპირდებიან. რაც დრო გადის, ამ კუთხით ვითარება უფრო იძაბება და სავარაუდოდ, მალე სასამართლო დავებიც გაჩაღდება.