„სანეხვეზე“ დაგდებული „წურბელები“

„სანეხვეზე“ დაგდებული „წურბელები“

„სი თი პარკმა“, რომელმაც ჯერ კიდევ შარშან მოირგო დედაქალაქელი მძღოლების წურბელის როლი, პირველი ოქტომბრიდან წლიური პარკირების საფასური 25-დან 50 ლარამდე გაზარდა. ამის შესახებ 30 სექტემბერს, საღამოს აცნობეს საზოგადოებას.

ამგვარი თხოვნით, თურმე, „სი თი პარკს“ დედაქალაქის მერიისთვის მიუმართავს, ამ უკანასკნელს კი მოთხოვნა დიდსულოვნად დაუკმაყოფილებია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ხმაური ატეხეს, გაირკვა, რომ მერიის დასტური მთლად საკმარისი არ ყოფილა და ამ თანხმობას კანონიერი ძალა საკრებულომ უნდა შეჰმატოს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დედაქალაქელი საკრებულოელები, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის ფლანგიდან, გვარწმუნებენ, 50 ლარი სიმბოლურიაო, წყალი არ გაუვა, რომ „სი თი პარკი“ წარმატებით იწურბელებს. საკრებულოს უმრავლესობელ წევრთა შორის, განსაკუთრებით, ბ-ნი იოთანამიშვილი აქტიურობს (არ დაგვზარდა და, 50-ის ფარგლებში არითმეტიკული ოპერაციების ჩატარების უნარებიც გამოამჟღავნა.

კერძოდ, 50 ლარი 365 დღეზე გაყო და ჩვენ, ბნელებს, თვალნათლივ დაგვანახვა, რომ პარკირება დღეში 14 თეთრამდე დაგვიჯდება). მეორე მხრივ, თუ ბ-ნი იოთანამიშვილის საკრებულოურ აქტივობას ზედაც 50-ის ფარგლებში არითმეტიკის ცოდნას დავამატებთ, უდავოა, რომ მომავალ არჩევნებში მმართველი პარტიის სიაში, თუ მთლად პირველი არა, პირველ ათეულში მაინც აქვს ადგილი განაღდებული.

სხვათა შორის, შარშანაც ზუსტად ამავე ლოგიკით გვარწმუნებდნენ, 25-ლარიანი გადასახადი სიმბოლურიაო (მართალია, შარშან პარკირების გაცილებით კაბალური წესების დანგრევას აპირებდნენ, მაგრამ, თვითმმართველობის არჩევნების წინ საზოგადოების გაღიზიანებას მოერიდნენ). თუ გავიხსენებთ, რომ „სი თი პარკს“ პარკირების უფლება 15 წლით აქვს გადაცემული და ერთ წელიწადში გადასახადი გააორმაგა, სავარაუდოა, რომ მომავალი 14 წლის განმავლობაში მხოლოდ ჯიბის წურბელობას არ დასჯერდება და მძღოლებს სულსაც ამოართმევს.

ახლა კი ციფრებს გადავხედოთ: დედაქალაქში 400 000-მდე ავტომანქანაა, ყველაზე პესიმისტური გათვლებით, მათგან ნახევარი მაინც იხდის პარკირების გადასახადს. ესე იგი, გასულ წელს „სი თი პარკს“ მძღოლებისგან 5 მილიონი აუგროვებია, წელს კი 10 მილიონს იმედოვნებს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია მოგების მხოლოდ 40 პროცენტს იტოვებს, 60-ს კი მერიას ურიცხავს, როგორც ჩანს, ამაზე უთქვამთ: „ბედი მომეც, სანეხვეზე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – დედაქალაქის პარკირების ადგილებში) დამაგდეო“.