„საბჭოთა ქვეყნის უშიშარ გუშაგს, ქართველი ხალხის ვაჟკაცს ბერიას!“

„საბჭოთა ქვეყნის უშიშარ გუშაგს, ქართველი ხალხის ვაჟკაცს ბერიას!“

ამხ. ალიო მაშაშვილის სიტყვა ტფილისის ინტელიგენციის საერთო-საქალაქო კრებაზე 1939 წლის 19 აპრილს

ამხანაგებო! საბჭოთა საქართველოს მწერლებმა საბჭოთა ხელისუფლების არსებობის წლებში თავიანთ შემოქმედებითს მუშაობაში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს. ქართველმა მწერლობამ თავისი მშობლიური ხალხის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. იგი დღეს მთელი საბჭოთა ლიტერატურის მოწინავე რიგში სდგას. იგი ასახავს ბედნიერი ქართველი ხალხის ცხოვრებასა და საუკეთესო მისწრაფებებს.

საქართველოს საბჭოთა მწერლები ჩვენი ხალხის ორგანულ ნაწილს შეადგენენ, იმ ხალხის ნაწილს, რომელსაც სახელოვანი ბოლშევიკური პარტია ხელმძღვანელობს. საბჭოთა მწერლები აქტიურად მონაწილეობენ დიად სოციალისტურ მშენებლობაში. ამრავლებენ თავიანთი აყვავებული სამშობლოს გამარჯვებებს.

ხალხმა, პარტიამ, მთავრობამ ღირსეულად შეაფასეს მწერლების მუშაობა. საქართველოს მწერლები თავიანთ რიგებში ითვლიან ცამეტ ორდენოსანს. ეს უდიდესი ჯილდო მშობლიური ხალხისა ზრდის ჩვენში უსაზღვრო ხალისს კიდევ უფრო უკეთესი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობისათვის.

სოციალიზმიდან კომუნიზმში თანდათანობით გადასვლის ხანა ახალ უდიდეს შემოქმედებითს ამოცანებს უსახავს ქართულ საბჭოთა მწერლობას. ქართული მწერლობა უნდა გახდეს მგზნებარე მომღერალი გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყნისა, დიდი სტალინის ეპოქისა.

ქართული მწერლობა უფრო ღრმად უნდა ჩასწვდეს კომუნიზმის მშენებელი ხალხის გულებს, უფრო მეტად უნდა განამტკიცოს მან სტალინური ჰუმანიზმისა და საბჭოთა პატრიოტიზმის ის უკვდავი გრძნობა, რომელიც ყველაზე უფრო უწმინდესი გრძნობაა ყოველი საბჭოთა მოქალაქისათვის - მუშისა, გლეხისა და ინტელიგენტისათვის. ეს გრძნობა უძლევი და უკვდავია. ამ გრძნობით გამსჭვალულია აყვავებული ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ, საბჭოთა მწერლები, ბედნიერები ვართ იმით, რომ გვერგო წილად ვყოფილიყავით ღირსეული მომღერლები საბჭოთა ეპოქისა. უკვდავია ხალხი, უკვდავია მისი მწერლობაც. უკვდავი დარჩება საბჭოთა მწერლობა, ვინაიდან იგი დიადი საბჭოთა ხალხის მიზნისა და მისწრაფების გამომხატველია. ხალხის გრძნობებით და მისწრაფებებით შთაგონებული მწერლობა მხოლოდ ცეცხლგამძლე და მაგარია. ჩვენ, საბჭოთა მწერლები ბედნიერები ვართ იმით, რომ გვერგო წილად აგვესახა ლექსებსა და მოთხრობებში დიდი სტალინის სახე.

არსად, არც ერთ ქვეყანაში მწერლობა არ სარგებლობს ისეთი სიყვარულით და პატივისცემით, როგორც ჩვენთან, ჩვენს ბედნიერ ქვეყანაში. ფაშისტურ ქვეყნებში ყოველგვარ ადამიანურ აზრსა და გრძნობას ჩანასახშივე ახშობენ. პროგრესიული აზროვნების ყოველგვარ გამოვლინებას აუტოდაფეს უმართავენ. მოწინავე ადამიანები, მწერლები, ხელოვნებისა და მეცნიერების მუშაკები უმუშევრობასა და შიმშილს განიცდიან. იდევნებიან თავიანთ ქვეყნიდან. ხოლო ჩვენთან ყოველი პატიოსანი მოქალაქის შრომა დიდებითა და სახელით არის გარემოსილი. საბჭოთა ქვეყანაში კულტურა მთელი ხალხის საკუთრებად იქცა. ჩვენს ქვეყანაში მრავალი მილიონი ტირაჟით გამოდის წიგნები, ჩვენს ქვეყანაში ზრუნავენ მწერალზე ისე, როგორც არსად და არასოდეს არ უზრუნიათ.

დიდმა სტალინმა, საბჭოთა მწერლების პირველმა მეგობარმა მწერლებს უწოდა „ადამიანის სულის ინჟენრები“. ჩვენ, საქართველოს საბჭოთა მწერლები შევეცდებით გავამართლოთ ეს საპატიო სახელწოდება.

ქართული საბჭოთა მწერლობა არასოდეს არ დაივიწყებს იმ ზრუნვასა და ამაგს, რომელსაც მთელი წლების მანძილზე იჩენდა და იჩენს მწერლობისადმი ქართველი ხალხის სახელოვანი შვილი ლავრენტი ბერია. მისი უშუალო ყოველდღიური დახმარებით ქართულმა საბჭოთა ხელოვნებამ და კერძოდ მწერლობამ განვითარების მაღალ საფეხურებს მიაღწია.

ჩვენ, მწერლები, ისევე როგორც მთელი საბჭოთა ხალხი, არასოდეს არ ვივიწყებთ კაპიტალისტურ გარემოცვას, რომელშიაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საბჭოთა კავშირის უფრო მეტი განმტკიცებით მძაფრდება ღვარძლი კაპიტალისტური ქვეყნებისა ჩვენდამი. ჩვენ, საბჭოთა მწერლებს, კარგად გვესმის ისიც, რომ „წიგნი შრომის დროს აგურია და ბრძოლის დროს ტყვიით სავსე ყუმბარა“. ჩვენ ყოველ წუთს მზადა ვართ, რათა მკერდით დავიცვათ ჩვენი სოციალისტური სამშობლო.

დიდი სტალინის გენიალური მოხსენება საკ.კ.პ. მეთვრამეტე ყრილობაზე, მესამე სტალინური ხუთწლედის გრანდიოზული გეგმა ქართული ლიტერატურის შემდგომი განვითარების საფუძველია. კომუნიზმს მოაქვს უდიდესი აყვავება და აღორძინება ახალი სოციალისტური კულტურისა, რომელმაც შეისისხლხორცა კაცობრიობის ყველა მოწინავე მიღწევა.

მაშ, გაუმარჯოს ჩვენს წითელ დროშას!

მრავალს ბრძოლებში განვლილს, გატანილს,

კაცობრიობის მსხნელსა და იმედს,

ხალხთა დიდებას, საყვარელ სტალინს!

მაშ, გაუმარჯოს იმ ნაცად მებრძოლს,

რომლის სახელსაც ყველგან მღერიან,

საბჭოთა ქვეყნის უშიშარ გუშაგს,

ქართველი ხალხის ვაჟკაცს ბერიას!