იპოთეკური სესხების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდა, შეიძლება ითქვას ახალი წლიდან მოყოლებული განახევრდა კიდეც. შესაბამისად, ასეთივე მაჩვენებლით დაიკლებს უძრავი ქონების რეალიზაციის მაჩვენებელიც, რადგან სამშენებლო კომპანიების კლიენტების დიდი ნაწილი სწორედ იპოთეკურ სესხებზე იყვნენ დამოკიდებულნი.
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ადასტურებს, რომ იპოთეკური სესხების გაცემა ძალიან შემცირდა. იგი ამ ყველაფერს ახალ რეგულაციებთან ერთად, იანვრის თვესაც უკავშირებს, რომელიც არაპროგნოზირებადობით და პასიურობით ხასიათდება.
„ცალსახად გიდასტურებთ, რომ იპოთეკური სესხები შემცირებულია და ასევე შემცირებულია განვადებები, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო და ამაზე რეგულაციების ძალაში შესვლამდეც ღიად ვსაუბრობდით“, - აცხადებს ძნელაძე.
რამდენიმე დღის წინ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ იპოთეკური სესხების გაცემა ბანკებში 10-ჯერ შემცირდა.
„მე მაქვს კონტაქტი ბანკებთანაც, სადაც იპოთეკური სესხების გაცემა 2018 წლის იანვართან შედარებით 10-ჯერ დაკლებულია“, -განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შემცირებაზე საუბრობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაშიც. ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორის ბესო შენგელიას განცხადებით, 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების შესაფასებლად 1 თვე საკმარისი არაა, მაგრამ 2018 წლიდან ამოქმედებული რეგულაციები საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპზე უკვე აისახა.
იპოთეკური სესხების შემცირებამ დიდი პრობლემები შეუქმნა სამშენებლო ბიზნესს. ყველასათვის ცნობილია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უძრავ ქონებას სწორედ კრედიტების მეშვეობით იძენდა. თუმცა, იანვრიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ბოლო დროის ტენდენციამ აჩვენა, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი 50-70%-ით არის შემცირებული.
კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მომხმარებლების აბსოლუტურ უმრავლესობას კრედიტის გარეშე ბინის ყიდვის საშუალება არ აქვს. ასეთ პირობებში ბიზნესი იძულებულია, მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე უარი თქვას.
მშენებლების ინფორმაციით, რეალიზაცია წელსვე განახევრდება. კომპანია „აი ჯი ეს ჯგუფის“ ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარი საბანკო რეგულაციების, კერძოდ, დაკრედიტების კუთხით მიმდინარე ცვლილებების გამო დაზარალდა.
„ბაზარზე არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. წინასაახალწლო პერიოდში რეგულაციების მოლოდინი იყო, რომ ბინები რადიკალურად გაძვირდებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება სულ სხვა ეფექტი მივიღოთ. საბანკო სესხებზე წვდომა დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ამდენივეთი დაიკლებს ბინების რეალიზაციის მაჩვენებელიც. კომპანიებს გარკვეული რაოდენობის ბინები გაუყიდავი დარჩება.
სამშენებლო ნორმების გამკაცრებაზე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი დაკრედიტების კუთხით მიმდინარე ცვლილებები აღმოჩნდა. სეზონურობიდან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზარზე იანვარ-თებერვალი პასიური პერიოდია. მომდევნო თვეებში შეიძლება, ვითარება ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ დაკვირვებისათვის დაახლოებით ერთწლიანი პერიოდი გვინდა, რომ ტენდენცია გამოიკვეთოს და რეალობასთან მიახლოებული სტატისტიკა მივიღოთ“, - განაცხადა შოთა გუჯაბიძემ.